x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
8 მარტი - "ცარიელი ქვაბების მარში" თუ ქალთა დღესასწაული?

image
გაზაფხულის პირველი თვე - მარტი ქალებისათვის განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან სწორედ მარტში აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი დღესასწაული: 3 მარტი- დედის დღე და 8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე. დამეთანხმებით, რომ ეს უკანასკნელი ხშირად გამხდარა კამათისა და ურთიერთსაწინააღმდეგო დისკუსიის საგანი. თუმცა მოდით, ისიც გავიხსენოთ, თუ როგორი ცვალებადია თავად მარტის თვე - ქალის ხასიათივით არეული და პრეტენზიული, ის ხან ყინვით, გრიგალითა და თოვლით გვემუქრება, ხანაც მაისის სითბოთი და მცხუნვარე მზის სხივებით გვითბობს გულებს.



image



ბუნდოვნად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა 8 მარტის დღესასწაულთან: ალბათ 4 წლის ვიქნებოდი, როცა ჩემზე გაცილებით უფროსმა მეზობლის გოგონამ მითხრა: დღეს დედების დღეა, წამოდი, დედიკოებს ენძელები და ყოჩივარდები დავუკრიფოთო. ჩვენ სახლთან ახლოს პატარა გორაკი იყო, რომლის სამხრეთ ფერდობებზე ყველაზე ადრე ყვაოდა მინდვრის ყვავილები. ყვითელგულა, ზარებივით დაკიდებული ქათქათა, სურნელოვანი ენძელები თოვლშიც კი ამოყოფდნენ ხოლმე თავს და გაზაფხულის პირველ მახარობლებად გვევლინებოდნენ. სწორედ ამ გორაკისკენ გავემართეთ ყვავილების დასაკრეფად. ენძელების მოზრდილი თაიგული გავაკეთე, მუხლებამადე ტალახში ამოსვრილმა, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერმა მივირბინე დედასთან და მეზობლის გოგონასგან ნასწავლი გაზეპირებული სიტყვები მივაყარე: დედიკო, გილოცავ 8 მარტს... ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ქალთა საერთაშორისო დღე. ამის შემდეგ იყო ბევრი სარვამარტო მილოცვა: ვულოცავდი, მილოცავდნენ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა ვაცნობირებდი, რომ ეს იყო ფორმალური, ძალად თავს მოხვეული დღესასწაული, რომლის შინაარსაც ბევრი ქალი ალბათ ვერც წვდება ბოლომდე.



image



მართლაც, არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის გაზაფხულის ყველაზე დიდი დღესასწაულის რეალური ისტორია: საქართველოში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებში, 8 მარტს აღარ გააჩნია ის პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა, რომელიც მასში თავდაპირველად იყო ჩადებული.


თუ თვალს გადავავლებთ გასულ საუკუნეებს, გავიხსენებთ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ქალები ყველანაირ უფლებას იყვნენ მოკლებულნი-დიახ, ისინი აბსოლუტურად უუფლებონი იყვნენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქალებს წართმეული ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო სუფრაჟისტური მოძრაობა, რომლის მონაწილეებიც იბრძოდნენ ქალების საარჩევნო უფლების მოპოვებისათვის. თანამედროვე გაგებით, მეცხრამეტე საუკუნის სუფრაჟისტები იყვნენ ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი ფემინისტები.



image



არსებობს ვერსია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო. ფაბრიკაში მომუშავე ქალებმა 1957 წლის 8 მარტს გამართეს მიტინგი; ისინი ცარიელი ქვაბებით და სხვა საოჯახო საგნებით იყვნენ შეიარაღებულნი, ხმაურით დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში და გაჰყვიროდნენ თავიანთ მოთხოვნებს. ამიტომ მიტინგს სიმბოლურად დაერქვა " ცარიელი ქვაბების მარში". ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.



image



მომდევნო წლებში 8 მარტს თან ახლდა უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, დაკავშირებული 8 მარტის დღესასწაულის დაარსებასთან: ეს ვერსია უკავშირდება კოპენჰაგენელ მეძავებს, რომლებმაც მიტინგი გამართეს. ქალები ითხოვდნენ გადასახადების შემცირებას, პოლიციელების მხრიდან დევნის მოხსნას და სხვა უფლებებს. გადმოცემის თანახმად, მეძავებმა ტანსაცმელი გაიხადეს და პროტესტის ნიშნად შიშვლები იდგენ ქალაქის მერიის შენობასთან. პოლიციამ მათი მიტინგი დაარბია და ასობით მეძავი დააპატიმრა.

კოპენჰაგენში მყოფი სოციალისტი ქალი როზა ლუქსემბურგი სასტიკად აღაშფოთა მეძავთა შევიწროებამ და მერს ახალი, ამჯერად ჩაცმული დემონსტრაცია მოუწყო. დაპატიმრებულნი მაშინვე გაათავისუფლეს.
სულ მალე, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე კლარა ცეტკინის წინადადებით 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს. მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს.



imageფოტოზე: კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი


კიდევ ერთი საინტერესო ისტორია: გადმოცემის თანახმად, კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლის დროს კლარა ცეტკინმა გაიხსენა ერთი ამბავი, რომელიც შუა საუკუნეების გერმანიაში მოხდა: ერთ გერმანულ სოფელში არსებობდა ასეთი რიტუალი-ყოველწლიურად ეწყობოდა სახალხო სეირნობა, რომლის დროსაც რვა ქალწული უნდა დაქორწინებულიყო იმ მამაკაცზე, რომელიც კენჭისყრით შეხვდებოდა. თქმულება გვიამბობს, რომ ერთხელაც შვიდი მათგანი უსიტყვოდ დაეთანხმა გადაწყვეტილებას, ხოლო მერვე გოგონა, რომელსაც სახელად მარტა ერქვა, არ დაემორჩილა სოფლის უხუცესებს, რადგანაც სხვა უყვარდა. ის არ შეუშინდა სასჯელს და საძინებელში შესული ახალგამომცხვარი საქმრო დანით მოკლა. ცეტკინმა ამ ისტორიას უწოდა პირველი მაგალითი იმისა, თუ როგორ გმირულად იბრძოდა ქალი თავისი უფლებების დასაცავად.

საარჩევნო ხმის უფლება ქალებმა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში 1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს მიიღეს.

1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად.

და კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ისტორია: სსრკ-ში, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ტრადიციულად აღინიშნებოდა 8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე, თუმცა ის დასვენების დღე არ იყო. ერთხელაც სკკპ-ის გენერალურმა მდივანმა ბრეჟნევმა თავის კაბინეტში მიიღო კოსმოსური გაფრენიდან დაბრუნებული პირველი კოსმონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა. ბრეჟნევმა ქალს უთხრა, რომ მზად იყო, მისი ნებისმიერი ერთი სურვილი შეესრულებინა. მორცხვმა და თავმდაბალმა ვალენტინამ არც ბინა მოისურვა და არც ავტომობილი, მან მორიდებით სთხოვა ლეონიდ ილიჩს, რომ 8 მარტი დასვენების დღედ გამოეცხადებინა. ბრეჟნევმა პირობა მისცა, რომ მისი თხოვნა შესრულებული იქნებოდა და 1965 წლის 8 მაისს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 8 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა: საბჭოთა ქალების კომუნისტურ მშენებლობაში, დიდ სამამულო ომში ქვეყნის დაცვის, ფრონტსა და ზურგში გმირობის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისათვის.



imageფოტოზე: პირველი კოსმონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში 8 მარტის დღესასწაული გაუქმდა, თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.

ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.



დიახ, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და შეფუთული, სიმბოლური დატვირთვისა, ქალებს მაინც გვიყვარს ეს დღე. ის ხომ სილამაზესთან, გაზაფხულთან, სიყვარულთან ასოცირდება. დაე, ეს დღე იყოს ყველაზე კაშკაშა და დასამახსოვრებელი თქვენს ცხოვრებაში. ყველა ქალბატონს და გოგონას ვულოცავ მათ დღესასწაულს და ვუსურვებ ყოფილიყვნენ მუდამ მომხიბვლელები და ბედნიერნი და არასოდეს დაევიწყებინოთ ის კოპანჰაგენელი მეძავები, რომელთა წყალობითაც ჩვენამდე მოვიდა 8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე!



image


2
278
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
ძალიან საინტერესო სტატია მალადეც მანჩო :)
0 1 2