x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ქოროღლი - აზერბაიჯანულენოვანი ეპოსის გმირი, რომელიც მსგავსებას არსენა ოძელაშვილთან ავლენს

image

ქოროღლის სახე ეპოსის აზერბაიჯანულენოვან და თურქმენულ

ვერსიებში

ქოროღლის ეპოსი, ქოროღლუ ხალხური საგმირო-რომანტიკული დასთანია, რომელიც წარმოიშვა მე-16-17 საუკუნეების აზერბაიჯანში და თურქულენოვანი ხალხების მდიდარი ეპიკური მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ქოროღლის ეპოსი აზერბაიჯანიდან გავრცელდა ამიერკავკასიასა და შუა აზიაში 12 ეროვნული ვერსიის სახით: 1.საკუთრივ აზერბაიჯანული, 2.სომხური, 3.ქურთული, 4. ქართული, 5.თურქული, 6.თურქმენული, 7.არაბული, 8.უზბეკური, 9.ყაზახური, 10.ტაჯიკური, 11.თობოლურ-თათრული და 12.ყარაყალპაკური.

ქოროღლის ეპოსის აზერბაიჯანული ვერსია (თურქული და ამიერკავკასიური, მათ შორის ქართული, ვერსიები), პირველწყარო დესთანია, რომლის თავებიც არათანმიმდევრულად ასახავს გმირის ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს, რაც ართულებს მის სიუჟეტურ მთლიანობად წარმოდგენას.იგი "ყაჩაღური ციკლის" ნაწარმოებია, რომლის მთავარი გმირიც - ქოროღლი ებრძვის სოციალურ უსამართლობას. კერძოდ, მთავარი პერსონაჟის საგმირო ისტორია იწყება მამის - ხანის მეჯინიბეთუხუცესისათვის შაჰის მიერ თვალების დათხრით. ხანის მეჯინიბეთუხუცესის 15 წლის ვაჟიშვილი აუმხედრდება მოძალადეებს, რომელთაც მამამისის მიმართ სისასტიკე გამოიჩინეს და ასე გარდაისახება იგი "კეთილშობილ ყაჩაღად", შაჰზე (ბეგზე) შურისმაძიებელ "ბრმის შვილად" ანუ ქოროღლად.ქოროღლის ეპოსის აზერბაიჯანული ვერსია სახალხო გმირის იდეალიზების მხოლოდ პირველი საფეხურია და სხვა ეროვნულ ვერსიებში გმირის სახე სულ უფრო ვითარდება და იხვეწება. ქოროღლის ეპოსის მეორე ჯგუფის ანუ თურქენული ვერსიების ვრცელი დესთანებია, რომელშიც მთავარი გმირი - ქოროღლი, "კეთილშობილი ყაჩაღი" უკვე ერის პატრიარქად გვევლინება.მეორე ჯგუფის ეროვნული ვერსიების (საკუთრივ თურქმენული, უზბეკური, ტაჯიკური, ყაზახური, არაბული, ტობოლურ-თათრული და ყარაპალკური) თანახმად, ქოროღლი დიდებული გვარის შთამომავალი და ტომის ბელადია, რომელიც იშვა მკვდარი დედის მუცლიდან და იწოდა "საფლავის შვილად" (სპარსული "გურ" - საფლავი).თურქმენულიდან მომდინარე უზბეკურ ვერსიაში ქორორლის სახელს ენაცვლება გურუგლი, ხალხის წინამძღოლი, რომელიც მართავს "ჩანლიბელს".უკანასკნელი უტოპიური ქვეყანაა, ზესთასოფლის ანალოგიად მოხმობილი.

ქოროღლი - კეთილშობილი ყაჩაღი და ეპიკური მბრძანებელი

ეპოსის ქართულ ეროვნულ ვერსიაში

ქოროღლის ეპოსის ქართულ ეროვნულ ვერსიაში, მის ყველა კუთხურ ვარიანტში ნაწარმოების მთავარი გმირია ქოროღლი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ეპიკური გმირის სინკრეტული სახისათვის აუცილებელ ყველა თვისებას: ფიზიკურ და სულიერ ძლიერებას, გამჭრიახობას, გრძნეულ სიბრძნეს, ბოროტებასთან შეურიგებელი ბრძოლისა და მისი დამარცხების უნარს, "სოფლის პატრონობისა" და ღარიბ-ღატაკთა მფარველობისაკენ სწრაფვას. ქოროღლის ეპოსის გმირი ქართულ ეროვნულ ვერსიაში წარმოგვიდგება "კეთილშობილი ყაჩაღისა" და "პატრიარქალური მბრძანებლის" გამთლიანებულ სახედ, ქოროღლი გადის ეპიკური გმირისათვის ბედისწერით წინასწარგანსაზღვრულ ბუნებრივ, შაბლონურ ინიციაციის გზას.

ქოროღლის ეპოსის ქართული კუთხური ვარიანტების უმრავლესობაში ხაზგასმულია, რომ ქოროღლი აშუღი, სახალხო მომღერალია, რომელიც საზზე დაამღერებს სტრიქონებს. ყველაზე მეტად ამით უნდა აიხსნას, რომ მისი თავგადასავალი აშუღთა რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი გახდა. საქართველოში ქოროღლის ეპოსი აღმოსავლელ აშუღებს შემოუტანიათ ამას ადასტურებს იოსებ გრიშაშვილის ცნობაც, რომლის თანახმად, თურქი აშუღი ყავახანაში "საზით ხელში დამსწრეებს მთელი საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ უამბობდა აღმოსავლეთის რომელიმე გმირის თავგადასავალს ("ქოროღლი"), "აშუღ-ყარიბი", "შაჰ-ისმაილი".." [კაშია, 2015, ბათუმი, 92]. ცნობილია ისიც, რომ ქართველ მესტვირეების რეპერტუარში პოპულარული ყოფილა არსენას ლექსის სხვადასხვა ეპიზოდი, თუმცა ქოროღლის სიმღერების არსებობა მათთან არ დასტურდება.

ქოროღლის ეპოსის ქართულ ვერსიაში, სხვა ეროვნულ ვერსიათა დარად, გმირის პირველი დაბადების სახელია ჰურიშან-ალი ან ალიშანი.მისი ეპიკური ბიოგრაფია იწყება ბეგის მიერ მამამისის დაბრმავებით, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჰურიშან-ალის ქოროღლად გარდასახვის, შურისძიებით შეპყრობილი ყმაწვილის გაყაჩაღების მოტივი საერთოა შუა და მცირეაზიური, კავკასიური, მათ შორის ქართული, ვერსიებისათვის.

ქართულ კუთხურ ვარიანტებში ქოროღლის საბრძანებელია "ჩარდაღლი - ჩანლიბილი".ქოროღლი, როგორც ტიპური ეპიკური მბრძანებელი, თავის ქვეშევრდომებზე მუდმივად მზრუნველი და სამართლიანი მმართველია.იგი პატრიარქალური პერსონაჟია, რომლის სამბრძანებლოც კოსმიური წესრიგით ემსგავსება დემიურგის მიზნობრივ სამყაროს.ქოროღლი სამყაროსეული წესრიგის დამცველია, იმ წესრიგის გამრიგეა, რომელიც უფრო ადრე არქაულ დემიურგებს დაუმყარებიათ.ჩარდაღლი- ჩანლიბილი ესაა იდეალური სამყოფლის მოდელი, რომელიც განამტკიცებს ლეგენდას ქოროღლის შესახებ.

ქოროღლის სახე ქართულ ვერსიაში ერის, ხალხის იდეის გამოხატულებაა, ქართველთა საერთო მორალური და სულიერი ნიშნებით აღბეჭდილი.განსხვავებით ყველა სხვა ეროვნული ვერსიისაგან, რომელშიც გარეგნობისა და ხმის საშუალებით ხდება გმირის ეპიკური ჰიპერბოლიზაცია, ქოროღლის ეპოსის ქართულ ვერსიაშიაარაა ასახული გმირის პორტრეტი, თუმცა ცალკეული ეპიზოდებით მაინც გვექმნება წარმოდგენა მის ფალავნურ-საგმირო საქმეებზე და ფიზიკურ უძლეველობაზე.ქართულ ვერსიაში საარაკო, შიშისმომგვრელი, ზებუნებრივი ხმის პატრონად ქოროღლის წარმოაჩენს აჭარული ვარიანტი, რაც ქართულიმ ხალხური ეპიკური ტრადიციისა და ეპოსის თურქულენოვანი ვარიანტების გავლენით აიხსნება.

"ეპიკური გმირის ძლევამოსილების მახასიათებელი, შიშისმომგვრელი ხმის გარდა, მისი მადაა. ეპიკურ გმირს, ქართული ხალხური ეპოსის გამოცდილებით,

"... ცოტა სმა-ჭამა ეყოფა:

სადილად ბუღა კამეჩი,

ვახშმად არც სამი ეყოფა..."

ასე გვიხასიათებს ეპიკურ გმირს "ამირანიანი" [კაშია, 2015, ბათუმი, 82]. ქოროღლიც გამოირჩევა მადიანობით.აჭარული ვარიანტის მიხედვით, გმირი "ამა ვერ გამძღარა პურით"... რაც საჭმელები იყო, შაჭამა, ძლივს ცოტა მუცელი გეიკეთა".

"ეპოსის გმირის ძლევამოსილება, გარემოს გამაყრუებელი ხმითა და სასწაულებრივი მადით წარმოჩენილი, მისი ფიზიკური სურათია;მართალია, ერთობ მწირი ვიზუალიზაციაა, მაგრამ დიდი შინაარსის წარმომჩენი, რომელსაც ვერბალური პორტრეტი ვერ დაიტევს; გმირის ამგვარი მახასიათებლებით განსხვავებულობა დანარჩენი სოციუმისგან მისი შემდგომი სუბლიმირების პრეფაქტია" [კაშია, 2015, ბათუმი, 84].

ქოროღლის ეპოსის ქართულ ეროვნულ ვერსიაში გმირი გამოირჩევა გონებამახვილობითა და მოხერხებულობით; იცის, როდის ეკვეთოს მტერს, რათა გამარჯვებას რაც შეიძლება მცირე მსხვერპლით მიაღწიოს. ეპიკური გმირის ეს თვისება ქართული ეთნოყოფიერებისათვის უფრო "გასაგებია", იგი ძირითადად გმირის მტერზე გამარჯვების, მოწინააღმდეგის ტყუილით დაბნევის, ბოროტების დამარცხების გეგმის სტრატეგიული ნაწილია.

ფიზიკურ ძლიერებასთან ერთად, ქოროღლის, როგორც ყველა სხვა ეპიკურ გმირს, ახასიათებს გარდასახვის უნარი, მსახიობური ნიჭი მტრის წინაშე შესანიღბად."გმირისთვის გარდასახვის უნარის მინიჭება და მის სამსახიობო ტალანტთან დაკავშირებული ნარატივების სიხალასე ხალხური ზეპირსიტყვიერების ის "აზარტული" ნაწილია, რომელიც ეპოსის ვარიანტთა შემთხზველი ხალხის ნატურასა და შემოქმედებით ხასიათზე მიუთითებს" [კაშია, 2015, ბათუმი, 85].

ქართული ეროვნული ვერსიის მიხედვით, ქოროღლის "შვიდჯერ შეეძლო გარდასახულიყო", შეეძლო მოხუციც ყოფილიყო და ახალგაზრდაც. ქოროღლის ეპოსის ქართული ვერსიის აჭარული ვარიანტით, არა მარტო თვით ქოროღლი გარდაისახებოდა მტრის მოსატყუებლად, არამედ ყირათს, თავის ცხენსაც რთავდა "დუბარაჯობაში". აჭარული ვარიანტით, ქოროღლის 99 დუბარა ჰქონდა გადასაცმელად.

ქოროღლისათვის, როგორც "ეპიკური მბრძანებლისათვის", დამახასიათებელია მაგიური ძალების მოხმობის უნარიც: "ტრადიციისამებრ, ეპიკური გმირი უვნებელია; მას მტრის იარაღი არ ეკარება, თავად კი საკრალური იარაღის მფლობელია. ქოროღლის ეპოსის ქართული ვერსიის ვარიანტებში ეს მოტივი, თუ შეიძლება, ითქვას, გაბუნდოვანებული ფორმით გვაქვს - მისი უვნებლობის შესახებ აჭარული ვარიანტები პირდაპირ არაფერს ამბობს; მხოლოდ მიანიშნებს:"საცხა ცხრაკლიტულში არ გაარონიონ, ქოროღლი მაინც ქოროღლია!"; "ქოროღლის ვერაფერს უზამენ" [კაშია, 2015, ბათუმი, 54].

"ქოროღლის უვნებელობა, გრძნეულობისადმი მიდრეკილება და უაღრესი პრაგმატულობა, ღვთიური ატრიბუტიკა ("ფრინავი ცხენი", "ჰიზრი ყილიჯი") და გარდასახვის უნარი მისი, როგორც ადეპტის, ის ღვთიური საგანძურია, რომელიც კონკრეტული მისიის აღსრულების საწინდარია და ამ მისიას "ოიღსულების შემბრალე" ეწოდება; ის არის სახე "კეთილშობილი ყაჩაღისა" [კაშია, 2015, ბათუმი, 87].

ამდენად, ქოროღლის გმირის ქართული ვარიაცია ის შემთხვევაა, როცა ერთ სახეში ორი პარალელური შტრიხის "კეთილი ყაჩაღისა" და "ეპიკური მბრძანებლის" არსებობა გაორებას კი არ იწვევს, არამედ პირიქით, ერთმანეთს ავსებს, რითაც ეპიკური გმირის ერთ მთლიან, მონუმენტურ ფიგურას ქმნის.

ქოროღლი და არსენა მარაბდელი

ქოროღლის ქართული ეროვნული ვერსია და მისი კუთხური ვარიანტები (ქართლური, კახური, ინგილოური, ლაზური, იმერხეული, მესხური და აჭარული ვარიანტები) მომდინარეობს საკუთრივ აზერბაიჯანული და თურქული ვერსიებიდან, ძირითადად პროზაულია.ქოროღლი აქ ერთდროულად აერთიანებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი "კეთილშობილი ყაჩაღისა" და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი გმირის სახეებს.

1978 წელს აღმოსავლეთმცოდნე ლია ჩლაიძე ქოროღლის გმირზე წერდა: "უეჭველია, ქართული ვერსიის "კეთილშობილი ყაჩაღი" ქართული ზეპირსიტყვიერებისათვის ძალზე ახლობელი გმირების ნიშან-თვისებებსაც ჩაიზიარებდა".2015 წლის დისერტაციაში აღმოსავლეთმცოდნე ალკაზარ კაშია უფრო შორსაც მიდის და ასკვნის, რომ ქოროღლის სახეში ყველა სხვა ნაციონალური ვერსიისათვის უცხო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი გმირის სიმბოლო ნასესხებია არსენა ოძელაშვილისგან. მეცნიერის ამ ეჭვს საფუძვლიანად უმაგრებს ზურგს ის, რომ ქოროღლი "არის სახე "კეთილშობილი ყაჩაღისა", რომელიც "ასეთ თებზე მეფობდა, დიდრებს ართმევდა, ღარიბებს აძლევდა. საერთოდ მისი ხელობა ეს იყო"..''მისი.. ხელმძღვანელობით ზენგილებ ართმევდენ ქონებას და ღარიბებ დუურიგენდენ [კაშია, 2015, ბათუმი, 87]. ქოროღლის, როგორც "კეთილშობილი ყაჩაღის", მოქმედების ეს ზნეობრივი ფორმულა აღებულია სწორედ ქართველი სახალხო გმირის, არსენა მარაბდელის ეპიკური სახიდან ("მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა!").

ალკაზარ კაშიას აზრით, მართალია, სხვადასხვა ხალხის "კეთილშობილი ყაჩაღების" ურთიერთმსგავსება შესაძლოა, განპირობებული იყოს საერთო სოციალური მოტივის არსებობით, თუმცა რიგ შემთხვევებში ურთიერთგავლენაც იძენს მნიშვნელობას: "ქართულ ვერსიათა გმირიც არსენას მსგავსად, იბრძვის "ბატონყმობის საფუძვლისა" და მჩაგვრელი "ფადიშახების" წინააღმდეგ " [კაშია, 2015, ბათუმი, 87-88].

არსენა ოძელაშვილი ქართული ხალხური ეპოსის ყველაზე პოპულარული გმირია, რომელსაც ქართველი ხალხის, ყმის აუტანელი ყოფა, სოციალური და ერვნული ჩაგვრა აიძულებს, გავარდეს ტყეში ყაჩაღად და ფირალის პოზიციიდან აღუდგეს წინ ბოროტებას.ის ვერ ეგუება საქართველოში უცხო ძალის, რუსების ბატონობას, თავის რაზმს აყალიბებს სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის საბრძოლველად.ქართველმა ხალხმა ქოროღლის სახელიც იმიტომ აიტაცა, რომ იგი ფაშებისა და სულთნების წინააღმდეგ იბრძოდა და ამით ქართული სულის სატკივარს ეხმიანებოდა.ქოროღლი "ეკთილშობილი ყაჩაღი" და "ეპიკური მბრძანებელია", რომლის შინაგანი ბუნება, არსენას მსგავსად, უსამართლობას ვერ ითავსებს და ბოროტებას მედგრად ებრძვის.

არსენა მარაბდელი სამართლიანი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ერიდება ადამიანებზე პირველად თავდასხმას, უმიზეზოდ წყენინებასა და დაჩაგვრას, უფრო მეტიც, ფიქრობს, მტერს მანამ არ ეკვეთოს, სანამ ერთხელ მაინც თვითონ არ მოიქნევს ხმალს. "საჭირო დროს მტერ შეფასება ჭირდებაო", - ფიქრობს ქოროღლიც და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ გმირის სულიერი ძალა, არსენა მარაბდელის მსგავსად, აღემატება უბრალოდ კეთილშობილი ყაჩაღისას, იგი კოსმიურ სიბრძნესთან და მორალთანაა წილნაყარი.

არსენა თავის რაზმში იღებდა და ფიცით უკავშირდებოდა ყველა ხალხის ბედნიერებისათვის თავგამოდებულ მებრძოლს.იგი მკაცრი წესრიგისაკენ სწრაფვისა და დინჯი ხელმძღვანელობის მაგალითია. ეს თვისებები გადატანილია ქოროღლის გმირზეც. ქოროღლის იღვწის დემიურგისეული წესრიგის დამყარებისა და შენარჩუნებისათვის, ქოროღლის სახლის კარიც ღიაა სამართლიანობის მაძიებელი ვაჟკაცებისათვის: "ქოროღლის სამოცი ბეგი ჰყოლია.მისი ხელმძღვანელობით ესენი ზენგილებ ართმევდენ ქონებას და ღარიბებ დუურიგებდენ" [კაშია, 2015, ბათუმი, 90].

არსენა მარაბდელის ეპიკური ბიოგრაფიიდან უნდა იყოს ნასესხები ქოროღლის ეპოსის ქართული ეროვნული ვერსიის გმირის ცხოვრების ბოლო ეტაპიც.კერძოდ, არსენამ ვერ მიაღწია მიზანს, ქართველი ერი ვერ აზიარა თავისუფლებას, რის გამოც დანანებით აღმოხდა ტკივილნარევი სიტყვები: "მე ან ნაადრევად დავბადებულვარ, ან ძალიან დამიგვიანია".ქოროღლიც ახალ საბრძოლო იარაღთან - თოფთან შეყრისას გადაწყვეტს, რომ მისი "ფრინავი ცხენი" და "ჰიზრი ყილიჯი" (დანა) უკვე უძლურია მტერთან საბრძოლველად.მიუხედავად ქოროღლის პორტრეტის არსენა მარაბდელის ხასიათის შტრიხებით გამდიდრებისა, იგი მაინც ვერ აღწევს ქართველი ეპიკური გმირის სიმაღლეს, სიდიადესა და სულიერ განუყოფელობას.არსენა მარაბდელი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის, ხოლო ქოროღლი სიცოცხლის ბოლო წლებში ხელს იღებს საარაკო საქმეებზე, რადგან მიიჩნევს, რომ ვაჟკაცობას ძალა დაჰკარგვია.არსენა მარაბდელი ქართველი ერის დაუშლელი სულის, მარადიული მთლიანობის სიმბოლოა, თვითმყოფადი სახეა და ბუნებრივია, რომ, მისი მოქმედების მოტივების ქოროღლის ეპოსის ქართული ვერსიის გმირზე გადატანის მიუხედავად, არსენა მარაბდელის სახე რჩება განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ქოროღლის გმირისა.

2
87
4-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
87
  
ქოროღლი არა ნადირ შახი. რეებს უბერავთ
2019, 28 თებერვალი, 21:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2