x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ემოციური ინტელექტი (EQ)

ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი (EQ) თუ IQ. როგორც ყველაფერში, ალბათ, ამ შემთხვევაშიც სინთეზი ყველაზე საუკეთესო ვარიანტია. მიუხედავად ამისა, უფრო ხშირად გვესმის, რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვთ.image

მართალია, მაღალი IQ-ს მაჩვენებლით ადამიანები აღწევენ დიდ წარმატებას, მაგრამ ასევე არსებობს თვისებებიც, რომელიც უფრო დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს წარმატებებზე. კვლევების თანახმად, თითქმის ყველა საქმიანობაში მიღწეული დონის 58% ემოციიური ინტელექტით აიხსნება. მენეჯერების 90% მაღალ EQ-ს მატარებელია (დუშუაშვილი, 2016).

დანიელ გოლმანის თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის მაღალი დონის ზოგად ინტელექტზე უფრო მნიშვნელოვანი მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონაა. EQ არის ტვინის კოგნიტური უნარი, რომლიც ემოციებისგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზებასა და რესურსად გამოყენებას უზრუნველყოფს. ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგვეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა(Goleman, 1946). ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებზე, გადაწყვეტილებებსა და მიღწევებზე, გვეხმარება სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში, ემპათიის დამყარებასა და საკუთარი ემოციების მართვაში.

განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები.

თვითშემეცნება – საკუთარი ემოციების ამოცნობისა და ერთმანეთისგან გარჩევის უნარი; გულისხმობს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნას.

თვითრეგულაცია – საკუთარ ემოციებთან გამკლავება და სიტუაციის შესაბამისად მართვა; იმპულსური გრძნობების და ქცევების გაკონტროლებას, ინიციატივების მიღებას მოიცავს.

მოტივაცია – ემოციების წარმართვა მიზნის მისაღწევად;

ემპათია – ვერბალური და არავერბალური მინიშნებების ამოცნობით სხვისი ემოციების გაგების და გაზიარების უნარი;

სოციალური უნარები – წარმატებული ინტერაქციისა და კონფლიქტების გადაჭრისა უნარი (Segal, Smith, Robinson, and Shubin. 2018).

ადამიანები ინდივიდუალურად განსხვავდებიან ემოციების მართვის შესაძლებლობებით. ზოგიერთს უფრო მეტად აქვს უნარი შემოქმედებითად მიუდგეს ცხოვრებისეულ ასპექტებს. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია. თუმცა პრაქტიკულად ემოციური ინტელექტიც ისეთივე გავარჯიშებადია, როგორც ნებისმიერი სხვა თვისება, რაც გვინდა რომ გამოვიმუშაოთ.

როგორც ურთიერთობის ფსიქოლოგები გვასწავლიან შინაგანი ძალების მობილიზებისა და ემოციების იდენტიფიცირების ტექნიკა ოთხი ნაბიჯისგან შედგება. ეს არის პასუხი 4 „რა“ შეკითხვაზე, რომლებიც შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს:

„რა შეგრძნება მეუფლება მოცემულ მომენტში, “

„რა ხდება ჩემში“.

„რა ხდება ჩემ გარშემო“.

„რა გავაკეთო, რომ მივაღწიო, რაც მსურს“.

მას შემდეგ, რაც ემოციური ინტელექტი ახლებურად აზროვნებას მიგვაჩვევს, ჩვენი შემოქმედებითი მიდგომაც კიდევ უფრო დახვეწილი ხდება. ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ გამოწვევებისთვის, არ ვუშინდებით პრობლემებს, არ ვიძაბებით რთულ სიტუაციებში, ვეძებთ გამოსავალს, ვსახავთ სხვადასხვა გზას პრობლემის მოსაგვარებლად და უფრო მეტიც, სამომავლოდ, თავიდან ასაცილებლადაც (ჯაოშვილი, მ. 2017).

მაღალი ემოციური ინტელექტის მიმანიშნებელი ნიშნები:

  • ემოციების მდიდარი ლექსიკონის ქონა-ჩვენ ბევრ სხვადასხვა ემოციას განვიცდით, თუმცა მათთვის სწორი სახელების დარქმევა არ შეგვიძლია. მაგალითად, ცუდად ყოფნას მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები კონკრეტულ სახელს არქმევენ („გაღიზიანებული ვარ“, „გაბრაზებული ვარ“, „დაძაბული ვარ“).
  • გაინტერესებთ ადამიანები- ექსტრავერტობისა თუ ინტრავერტობის მიუხედვად, ადამიანებით დაინტერესება, მათი მდგომარეობაზე ფიქრი მაღალი EQ -ს მაჩვენებელია. ეს გულისხმობს ემპათიას, თანაგანცდის უნარს. მისი წყალობით, ემოციურად განვითარებული ადამიანები გაცილებით კარგად ამყარებენ კონტაქტს გარე სამყაროსთან.
  • ცვლილებებისთვის ღიაობა-მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები ხშირად ცვლიან და ადაპტირდებიან გარემოსთან. ნაცვლად შიშისა, ისინი ელიან ცვლილებებს და წინასწარ გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს.
  • შეგიძლიათ უარის შესაძლებლობა-მაღალი ემოციური ინტელექტი თავის თავში მოიაზრებს თვითკონტროლს. სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის უარის თქმა განვითარებული ემოციური გააზრებულობის ნიშანია.
  • მოლოდინის გარეშე საჩუქრის ჩუქება - თუკი თქვენ მეგობართან ერთად განიხილავდით ახალ ავტორს, რომლის წაკითხვაც მას ძალიან უნდა, ხოლო შემდეგ შეხვედრაზე თქვენ მას ეს წიგნი აჩუქეთ ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, ეს თქვენს მაღალ ემოციურ ინტელექტზე მეტყველებს.
  • არსებულით ტკბობა-იაზრებთ რა გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე და რისთვის ხართ მადლიერი. ამ თვისებით ხასიათდებიან მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები. ასევე ეს პროცესი სასარგებლოა, რადგან 23%-ით ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს.
  • მოწესრიგებული ძილი-ძილი არის ნეგატიური ემოციების განტვირთვის კარგი საშუალება. მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ უძილობა იწვევს ინტელექტუალურ და ემოციურ სტრესს. ამიტომ, ისინი მუდმივად ზრუნავენ ძილის მოწესრიგებაზე.
  • არავის აძლევთ უფლებას გაგიფუჭონ განწყობა-თუკი თქვენი კარგი ან ცუდი განწყობა დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები აკონტროლებენ. ემოციურად განვითარებული ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გარშემომყოფთა შეფასებებს.
  • თქვენ შეგიძლიათ ემოციური გადართვა-ყოველდღიური რუტინიდან ყურადღების ეტაპობრივად გადატანა მაღალი EQ-ს მაჩვენებელია.
  • არ მიისწრაფვით სრულყოფილებისკენ-ემოციურად განვთარებულმა ადამიანებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არ ცდილობენ მის მიღწევას. ყველას გვაქვს ნაკლი, რომლის კარგად შესწავლით მისი კონტროლიც შესაძლებელია.
  • ემოციური ინტელექტის გაზრდის 10 გზა:

  • თუ გრძნობები არასასიამოვნოა, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისინი, ხელი შევუშალოთ უარყოფით განცდებს რაიმე სასიამოვნოზე გადართვით. დღეში სულ მცირე ორჯერ ვკითხოთ საკუთარ თავს: "როგორ ვგრძნობ თავს?"
  • არ განსაჯოთ ან არ შეცვალოთ თქვენი გრძნობები ძალიან სწრაფად. სცადეთ არ გამოათავისუფლოთ თქვენი გრძნობები, სანამ არ გაითვალისწინებთ შედეგებს. პირდაპირ გამოთავისუფლების ნაცვლად მათი გაანალიზება მომავალშიც გამოგადგებათ.
  • იპოვეთ კავშირები თქვენს გრძნობებსა და სხვა დროს განცდილ იგივე გრძნობებს შორის. როდესაც რთული სიტუაცია(უარყოფითი განწყობა) იჩენს თავს, ჰკითხე საკუთარ თავს: "როდის განვიცადე ეს გრძნობა ადრე?" ამით შეძლებთ გააცნობიეროთ თქვენი ემოციური მდგომარეობა ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველია თუ წარსულიდან გამომდინარეობს.
  • დააკავშირეთ თქვენი გრძნობები თქვენსავე აზრებთან. როდესაც თქვენ გრძნობთ იმას, რაც გაწუხებთ, სასარგებლოა კითხოთ საკუთარ თავს: "რას ვფიქრობ ამაზე?" ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გრძნობები და აზრები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს ნორმალურია. მათი გააზრებით, შეკავშირებით შეძლებთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას.
  • მოუსმინეთ თქვენს სხეულს. სხეულის რეაქციები სიგნალს გვაძლევს სტრესის არსებობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე.
  • თუ არ იცით, როგორ გრძნობთ თავს, კითხეთ ვინმეს. შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, რომ სხვები უკეთ შეძლებენ თქვენი მდგომარეობის “დანახვას“, მაგრამ ახლობლები ამას ზოგჯერ თქვენზე უკეთ აფასებენ. ჰკითხეთ ვინმეს, ვინც გიცნობთ და ვისაც ენდობით როგორ ხარ. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს.
  • ენდეთ თქვენს გაუცნობიერებელ გრძნობებს. საკუთარი გაუცნობიერებელი გრძნობების გასაგებად სცადეთ თავისუფალი ასოციაცია. მათი გაგება, ფარული სურვილების გაანალიზება დაგეხმარებათ უმიზეზო უგუნებობის, უხასიათობის თავიდან აცილებაში.
  • ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვგრძნობ თავს დღეს? შეგიძლიათ ეს შეაფასოთ ქულებით. თუ თქვენი გრძნობები უკიდურესად გამოიყურება, იფიქრეთ მიზეზზე, რომელიც დაკავშირებულია განცდასთან.
  • დაწერეთ თქვენი აზრები და გრძნობები. კვლევამ აჩვენა, რომ თქვენი აზრებისა და გრძნობების წერა დაგვეხმარებათ მათ ღრმა გააზრებაში და შემდგომში კონტროლში.
  • იცოდეთ, როცა საკმარისია, კმარა. შესაძლოა მოთმინება გარკვეულ სიტუაციებში სასარგებლო იყოს, მაგრამ დგება დრო, როცა მოთმინებაც უნდა შეწყდეს. უნდა ვისწავლოთ, რომ როდესაც ცვლილების დრო დგება უნდა გადაიტანოთ ფოკუსი გარეთ. ემოციური ინტელექტი გულისხმობს არა მხოლოდ შესაძლებლობას, რომ გამოიყურებოდეს შიგნით, არამედ თქვენს გარშემო არსეული სამყაროში (Rosenthal, 2012).
  • გამოყენებული ლიტერატურა:

    (Jeanne Segal, Ph.D., Melinda Smith, M.A., Lawrence Robinson, and Jennifer Shubin. (2018). Improving Emotional Intelligence: https://www.helpguide.org/articles/mental-health/emotional-intelligence-eq.htm; ბოლო ნახვა 13 თებერვალი, 2019

    Norman Rosenthal M.D (2012). 10 Ways to Enhance Your Emotional Intelligence. https://www.psychologytoday.com/intl/blog/your-mind-your-body/201201/10-ways-enhance-your-emotional-intelligence; ბოლო ნახვა 12 თებერვალი, 2019

    დუშუაშვილი, თათული. (2016). ემოციური ინტელექტი (EQ). აღებულია ბმულიდან: https://forbes.ge/blog/191/emociuri-inteleqti; ბოლო ნახვა 12 თებერვალი, 2019

    ჯაოშვილი, მ. (2017). ემოციური ინტელექტი, როგორც საშენი მასალა. აღებულია ბმულიდან http://wom.ge/?p=16714; ბოლო ნახვა 14 თებერვალი, 2019

    0
    195
    2-ს მოსწონს
    ავტორი:ანი ბერიძე
    ანი ბერიძე
    195
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0