x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"ტუარეგი" თუ "იმოხაგი"? - ფემინისტური კულტურის ეთნოსი საჰარას უდაბნოში

"ტუარეგი" თუ "იმოხაგი"? - ფემინისტური კულტურის ეთნოსი საჰარას უდაბნოში


საჰარას უდაბნოში ხალხთა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან რასობრივი, კულტურული და ენობრივი ნიშნით. საჰარას ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ, ტიპურ, აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენენ ცენტრალურ საჰარაში მომთაბარე ტუარეგები. ისინი უძველესი ხალხია და მათი პრეისტორია გამოსაკვლევია, შესაძლოა როგორც ბერბერების, ასევე იმოხაგების აფრიკაში გამოჩენა იმდენად შორეულ წარსულში მოხდა, როგორც 10 ათასი წლის წინანდელი პერიოდია, თუმცა მათი ჩაწერილი ისტორია, რომელიც სხვადასხვა საისტორიო წყაროში ჩნდება ახ.წ. მე-4 საუკუნიდან იწყება, პირველ მმართველად კი ტინ ჰინანი (Tin Hinan) იხსენიება, რომელსაც დამფუძნებელ დედოფალსაც უწოდებენ. 2012 წელს მალიში მცხოვრები ტუარეგები აჯანყდნენ და პროვინცია აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მათი რაოდენობა 2018 წლის მონაცემებით დაახლოებით 3 მილიონს შეადგენს.


არისტოკრატი იმოხაგი ქალი


ტუარეგებზე უამრავი ლეგენდაა შეთხზული. სახელი ტუარეგი მათ მუსლიმებმა უწოდეს, რაც "ალლაჰისგან განკიცხულს" ნიშნავს. ამის საპირისპიროდ ისინი თავის თავს "იმოხაგის" უწოდებენ, რაც თავისუფალს, დამოუკიდებელს ნიშნავს.



ტუარეგების სოციალური ფენები შედგება არისტოკრატებისგან, ვასალებისგან და მონებისგან. არისტოკრატები მაღლები და ტანადები არიან, სხვებთან შედარებით თეთრი კანი აქვთ და მეტად ჰგვანან კავკასოიდურ რასას, გამოირჩევიან საკმაოდ თავისებური და თვითმყოფადი ჩაცმულობით და აღკაზმულობით.


არისტოკრატი იმოხაგი ქალი


იმოხაგის მამაკაცის სამოსისთვის, რამაც იგი ცნობილი გახადა, ყველაზე დამახასიათებელი თეთრი ან ცისფერი ბამბის ქსოვილია. ამ ეთნოსის მამაკაცები იფარავენ სახეს, ღია მხოლოდ თვალები რჩება. ამ ადათ-წესთან დაკავშირებით ეთნოგრაფებს მრავალი მოსაზრება გააჩნიათ, ერთ-ერთია ის, რომ იგი იცავს სასუნთქ ორგანოებს მშრალი ჰაერისა და ქარისგან, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ქალებიც არ უნდა დადიოდნენ მის გარეშე იმავე პირობებში.


იმოხაგი (ტუარეგი) ქალი


ამ კითხვის პასუხს იმ ლეგენდაში ვპოულობთ, რომელსაც აღნიშნულ წეს-ჩვეულებას უკავშირებენ: მრავალი წლის წინ იმოხაგები ერთ-ერთი საომარი ლაშქრობიდან დაბრუნდნენ განადგურებულნი და დაუძლურებულნი, თანაც ნადავლის გარეშე. მაშინ ქალებმა მოიძრეს სახიდან პირსაფარი, რომელსაც მანამდე ისლამური წესის თანახმად თავად ატარებდნენ და ზიზღით უთხრეს მამაკაცებს: "სირცხვილი თქვენ, დამარცხებულნო!" ამიერიდან თქვენ უნდა დაიფაროთ სახე (აქ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ისლამში და არა მხოლოდ ისლამში, ქალების მიერ სახის დაფარვა სინამდვილეში სხვა არაფერია, გარდა დამცირების და კაცისადმი მორჩილების, მონობის სიმბოლო).


იმოხაგი (ტუარეგი) მამაკაცი


დაახლოებით 18 წლის ასაკში, მცირე ოჯახურ ზეიმზე ბიჭი იღებს სახის საფარს და ამ მომენტიდან იგი ხდება მამაკაცი. მთელი ცხოვრება - არც დღე და არც ღამე - იგი აღარ იხსნის მას. თუ მისი გამოცვლის საჭიროება დადგა, მამაკაცი ამას აკეთებს ბნელ კუთხეში, ყველასგან მოფარებულად, რომ არავინ იხილოს მისი შიშველი სახე.


"ტუარეგი" თუ "იმოხაგი"? - ფემინისტური კულტურის ტომი საჰარას უდაბნოში


იმოხაგებმა დღემდე შემოინახეს წინარეისტორიული ლიბიელი დედის უძველესი უფლება და სოციალური სტატუსი. ქალს სოციუმში მაღალი, გაბატონებული მდგომარეობა უკავია. უახლოეს ნათესავად და ბავშვების მფარველად ითვლება არა მამა, არამედ დედის ძმა.


იმოხაგი (ტუარეგი) მამაკაცი


ტუარეგი ქალები უფრთხილდებიან ეთნიკურ წეს-ჩვეულებებს და თქმულებებს. წერენ ლექსებს, პოემებს, ნაწარმოებებს. თითქმის ყველა ქალი წიგნიერია. მათი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მათ მიერ ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი შესაძლოა მთელი ტომის აღელვება გამოიწვიოს.


შეგიძლიათ მოუსმინოთ იმოხაგების ხალხურ სიმღერას მათი მშვენიერი და ისლამს დაუმორჩილებელი ქალების ფოტოებით:




განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0