x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რა არის COPD და რა უნდა ვიცოდეთ ამ საშინელი დაავადების შესახებ
ფილტვის ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება (ინგლ. chronic obstructive pulmonary disease, შემოკლებით: COPD) სჭირს მსოფლიოს მასშტაბით 600 მილიონ, ხოლო საქართველოს მასშტაბით 150 ათასიდან 250 ათასამდე ადამიანს, რომელთა 90 %-ს თამბაქოს მომხმარებლები შეადგენენ.


COPD ამერიკაში ადამიანთა სიკვდილიანობის მიხედვით მე-4 ადგილზეა გულის დაავადებების, ონკოლოგიური პათოლოგიების და არტერიული წნევის შემდეგ, თუმცა, რაც ყველაზე საგანგაშოა, თუ ზემოთჩამოთვლილ დაავადებათაგან დაღუპულების რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, COPD-ს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი პირიქით, იმატებს.


საშინელია ფილტვის ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადების მიმდინარეობა მის თითოეულ სტადიაზე, რასაც ამ დაავადების შესახებ მოსახლეობაში არსებული ცოდნის სიმწირე უწყობს ხელს. 2007 წელს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ჩატარებულმა კვლევამ მონაწილეთა 25 %-ს COPD დაუდგინა. ავადმყოფები ამბობდნენ, რომ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ COPD-ს არსებობის შესახებ და უკლებლივ ყველა მათგანი იმეორებდა, რომ სიგარეტს, ჩიბუხს და სიგარას ახლოს არასოდეს არ გაეკარებოდა, წინასწარ რომ სცოდნოდა, თუ რა მოელოდა თამბაქოს და მისი ნაწარმის მოხმარების შედეგად.


მაინც რა არის COPD და როგორ ჰკლავს ის?



COPD არის ბრონქების სტრუქტურის და ფილტვის ქსოვილის შეუქცევადი დაშლის პროცესი, რასაც საბოლოოდ ავადმყოფის სიკვდილი მოსდევს შედეგად. COPD-სგან განკურნება შეუძლებელია. მსოფლიოში დღეს არ არსებობს არც წამალი და არც თერაპიის მეთოდი, ამ ავადმყოფობისგან პაციენტის განკურნება რომ შეძლოს. ფილტვი ყოველდღიურად იშლება, თანდათან ნადგურდება და მედიცინა ამ დაშლა-განადგურებას ვერაფერს ვერ უპირისპირებს.


ხველა (განსაკუთრებით დილაობით, ახალგაღვიძებულზე), ნახველი და სუნთქვის უკმარისობა COPD-ს კლინიკური სიმპტომებია. სპირომეტრიის მეშვეობით ხდება სტადიების დადგენა. ვისი ფილტვების მოცულობაც 1, 25 ლიტრზე მეტია, 10 წელს იცოცხლებს. თუ თქვენი ფილტვების მოცულობა 1 ლიტრია 7 წლის სიცოცხლეღა დაგრჩენიათ. ხოლო ვისაც 750 მილილიტრის ზომის ფილტვები აქვს დარჩენილი, 5 წელზე დიდხანს ვერ იცოცხლებს.


თამბაქოს მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდით ფილტვების ანთებით. ასეთ შემთხვევაში თამბაქოს მოხმარება უკიდურესად სახიფათოა.


თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა COPD-ს პრევენციის საუკეთესო მეთოდია. თუ არ გსურთ, სიცოცხლე სუნთქვის საშინელი უკმარისობით დაასრულოთ, ჰაერის თითოეულ ყლუპს მობღაუჭებულმა და ჟანგბადის ბალონზე სამუდამოდ მიბმულ-მიჯაჭვულმა, თამბაქოს მოწევაზე არც კი იოცნებოთ. თუ ეწევით, დაუყოვნებლივ დაანებეთ თავი, თორემ თამბაქოზე დამოკიდებულებას ოდესმე მწარედ ინანებთ, მაგრამ მაშინ უკვე ძალიან იქნება დაგვიანებული.

მწეველის ფილტვი

1
424
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
424
  
2018, 30 დეკემბერი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1