x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508608
ჩემპიონის პლუს-მინუსები
image

საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია. არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა თბილისის "საბურთალომ".

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და ზოგადად, საბურთალოელთა გაჩემპიონება შიდა სარბიელზე დროის ამბავი იყო, რადგან მათ მიერი აღებული საფეხბურთო გეზი პატივისცემის ღირსია.

"საბურთალო" 2019 წელს საქართველოს წარმომადგენელი იქნება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იმედი დავიტოვოთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "საბურთალო" ქართულ საფეხბურთო ოჯახს ღირსეულად წარადგენს. გუნდის ხელმძღვანელებმა უკვე დაანონსეს, რომ გუნდს ესაჭიროება გაძლიერება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მეტ-ნაკლებად წარმატებით ითამაშონ. ასე რომ, თბილისელთა რიგებში ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.


ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თითოეულ პოზიციას და ვისაუბრებთ იმაზე, სჭირდება თუ არა გუნდს კონკრეტულ პოზიციაზე გაძლიერება. მანამდე კი გეტყვით, რომ გუნდის ძირითადი სათამაშო სქემა 4-3-3-ია და მეც ამ ტაქტიკით ვიხელმძღვანელებ.

მეკარე

გუნდის კარს 22 წლის ახალგაზრდა კიპერი ლაზარე კუპატაძე იცავს, რომელიც ნელ-ნელა უშინაურდება ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებს და ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა კუპატაძის დებიუტი შედგება ეროვნულ გუნდში. ის გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია, ასე რომ გუნდს ამ პოზიციაზე არანაირი პრობლემა არ აქვს, მით უმეტეს, როცა სათადარიგოთა სკამზე ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები ბექა ქურდაძე უზით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კუპატაძის მშვენიეირი დუბლიორია.

დაცვა

გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი 25 წლის ნოდარ იაშვილია, რომელიც ფიზიკური მონაცემებითა და სისწრაფით გამოირჩევა. ის შეტევაში უფრო ნაყოფიერია, ვიდრე დაცვაში. მისი მთავარი კონკურენტი ახალგაზრდა გოგა ჩაბრაძეა, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ეროვნულ ლიგაში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ "საბურთალოს" რიგებშია ნიჭიერი მარჯვენა მცველი ნიკა მალიც, რომელსაც სეზონი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა. ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და წესით, მალე უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი ეროვნულ ლიგაში. მარცხენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოა ლუკა ლაკვეხელიანი, რომელსაც გულშემატკივარი ეროვნულ ნაკრებშიც მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ლაკვეხელიანი ძირითად შემადგენლობაში უეჭველად იქნება, მას მაინც საკმაოდ კარგი დუბლიორი ჰყავს ცოტნე ნადარაიას სახით, რომელიც დაცვაში ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განაპირა მცველების პრობლემა "საბურთალოს" არ აქვს. ასევე, საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული ცენტრალური დაცვაც. გიორგი რეხვიაშვილი და გაგი მარგველაშვილი დაცვის ძირითადი წყვილია. "საბურთალოს" სკამზე ჰყავს ორი ცენტრალური მცველიც - გამოცდილი თედო გრიგალაშვილი და ნიჭიერი გიორგი ჯინჯოლავაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ "საბურთალოს" უკანა ხაზი საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული, თუმცა თუ მაინც გადაწყვეტენ გაძლიერებას, ეს ალბათ უფრო მარჯვენა ფლანგს უნდა შეეხოს, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა.

ნახევარდაცვა

დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი და კენიელი ელვინ ტერა - ეს სამეული "საბურთალოს' მტავარი ჩამშლელები არიან და მათზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული აფრიკელმა ტერამ "საბურთალო" დატოვოს, თუმცა ამ პოზიცაზე მაინც რჩება კარგი კადრები. ცნობილაძესა და ალთუნაშვილს შესწევთ ძალა მოუმატონ და ღირსეულად გამოვიდნენ ევროსარბიელზე, მათ ამაში თავიანთი ასაკიც და მონაცემებიც უწყობს ხელს. განსაკუთრებული და შეიძლება მთავარი როლი გუნდში გამთამაშებლის პოზიცას აკისრია. საბურთალოელები ორი გამთამაშებლით თამაშობენ. ფრანგი ვაგნერ გონსალვეში გუნდის ლიდერია და მისი შეცვლა გამორიცხულია. თორნიკე გორგიაშვილი და გიორგი დიასამიძე კი მონაცვლეობით ხვდებოდნენ ძირიტად შემადგენლობაში. ამ სამი ფეხბურთელის ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში 21 გოლია. ამ პოზიციაზე შეგვიძლია მოვიაზროთ ახალგაზრდა ბექა გვარაცეძ, თუმცა გუნდს გაძლიერება სწორედ ამ პოზიციაზე ესაჭიროება და ვფიქრობთ ხელმძღვანელობის N1 საკითხი სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება უნდა იყოს.

თავდასხმა

"საბურთალო" სამი შემტევით თამაშობს. გუნდის ცენტრალურ თავდამსხმელებად ვეტერანი ფეხბურტელები - ლადო დვალიშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი ითვლებიან. სავარაუდოდ, ეს ორი ფეხბურთელი ჩემპიონთა რიგებს დატოვებს და მათ ნაცვლად გუნდს აუცილებლად მოუწევს კარგი გოლეადორის დამატება. ამ ფეხბურთელთა გაშვების შემთხვევაში გუნდს ერთადერთი ცენტრფორვარდი დარჩება გურამ გოშთელიანის შემთხვევაში, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მასზე გაცილებით გამოცდილი კონკურენტი. ფლანგებზე გუნდს დიდი არჩევანი აქვს - დავით ვოლკოვი ძალიან კარგად შემოდის შეცვლაზე, დავით თარგამაძე სავარაუდოდ ზაფხულამდე ფორმაში შესვლას მოასწრებს და ის აუცილებლად უნდა დარჩეს თბილისელთა რიგებში. "საბურთალომ" გუნდში დააბრუნა ლაშა შინდაგორიძეც, რომელიც შეტევის წინა ხაზში უნივერსალია და ის დიდ დახმარებას გაუწევს ჭიაბრიშვილის გუნდს. ბოლოს კი, ცალკე უნდა ითქვას გიორგი კოხრეიძეზე - ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი საბურთალოელთა მთავარი ჯოკერია, რომელიც მისი სიმაღლის მიუხედავად, ცენტრფორვარდის პოზიციაზეც მშვენივრად გრძნობს თავს.

მწვრთნელი

გიორგი ჭიაბრიშვილმა დიდძალი სამუშაო გასწია გუნდში, რამაც საბოლოოდ შედეგი მოიტანა კიდეც. ახლა ჭიაბრიშვილს და მის ახალგაზრდა კოლექტივს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ჭიაბრიშვილი მთავარი გასაღებია "საბურთალოს" წარმატებაში. იმედი მაქვს, გუნდი დასახულ სათამაშო სტილს არ გადაუხვევს და სწორედ ამ ლამაზი ფეხბურთით ეცდება წარმატების მიღწევას ევროსარბიელზე.

დასკვნა

ბოლოს რეზიუმეს სახით ვთქვათ, თუ რომელ პოზიციებზეა აუცილებელი გუნდის გაძლიერება. ვფიქრობ, პირველ რიგში გუნდმა კიდევ ერთი კარგი გამთამაშებელი უნდა დაიმატოს. ასევე, აუცილებელია გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაც. სხვა მხრივ გუნდი კარგადაა დაბალანსებული, განსაკუთრებით უკანა ხაზში.

1
78
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
78
  
2018, 5 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1