x
image
პროფესორი
ქართული ხმლების კატეგორიაში ერთიანდება იმერული, ე.წ. კაბიანი ხმალი

image

ქართული ხმლების კატეგორიაში ერთიანდება იმერული, ე.წ. კაბიანი ხმალი, რომელსაც „კალდიმის“ პირი აქვს, მაგრამ ორიგინალური ქარქაშითა და ტარის ფორმა-მოყვანილობით გამოირჩევა.



„კაბიანი ხმალი“ („კაბიანი კალდიმი“). მთლიანი სიგრძე - 88 სმ, პირის - 74, 5 სმ. მუზეუმში ნივთი ი. ბერუჩევმა შემოიტანა. ნივთის წარმომავლობა - იმერული. ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისგან, ცალლესული, ერთღარიანი, სწორი. აქვს მკვეთრად დაქანებული, 6 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირის ორივე მხარეს, შუაში, 15 სმ სიგრძის თითო ღარია მოცემული. ზედა მხარეს, ღარში, გამოსახულია დამღა, „სამეფო სფეროს“ სტილიზებული გამოსახულება - 1 სმ დიამეტრის წრე, რომელსაც ჯვარი აზის. ჯვრის ვერტიკალური ღერძი სფეროს შუაზე კვეთს. დამღა შესრულებულია სპილენძის ზარნიშით. პირის მეორე მხარეს, ღარში მორბენალი მგლის დამღაა გამოსახული. მგლის ფიგურაზე კარგად იკითხება თათები, სახე და ბალანიც (რაც ადასტურებს ხმლის ქართულ და არა ევროპულ წარმომავლობას). ტარი დამზადებულია ხისგან, რომელზეც გადაკრულია ვერცხლის ორნამენტირებული ფირფიტები და ვერცხლის დაცვარული მავთული (მავთული დაზიანებულია).




ნიშანდობლივია, რომ ტარი პირთან მიმართებაში 30 გრადუსიანი კუთხის დაქანებითაა დაგებული. ტარი ბოლოვდება ნისკარტისებური ფორმით, რომელზეც გადაკრულია ორნამენტირებული ვერცხლის ფირფიტები. ქარქაში ხისგან არის დამზადებული. მასზე გადაკრულია ყავისფერი ტყავი. ქარქაშს აქვს რკინის ბუნიკი და რკინის ორი ბრტყელი სალტე. ზედა სალტეს სიგრძე 12 სმ-ია. იგი მორთულია რელიეფურად შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით, რომლებიც ერთმანეთისგან ჰორიზონტალური, რელიეფური ხაზებითაა გამოყოფილი. სალტის უკან მირჩილულია თასმის გასაყრელი რგოლი. მის გვერდით მეორე სალტეა მოთავსებული, რომლის ზედაპირიც დაფანჯრულია, ხოლო უკანა მხარეს, მასზეც მირჩილულია თასმის გასაყრელი რგოლი. სალტეების ქვემოთ კი ქარქაშს „კაბა აცვია“, ანუ ქარქაშზე მიმაგრებულია ქალის კაბის ფორმის ორმაგი ტყავი. ტყავი ძალზე დაზიანებულია, გახეულია გვერდზე, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ქარქაშის „კაბიანი“ მონაკვეთი მხოლოდ „კაბითაა“ დაფარული და მასზე არ არის გადაკრული სხვა ტყავი. „კაბა“ ხმლის უკანა მხარეს ლითონის სამსჭვლებითაა (დაზიანებული) შეკრული. აღწერილი ხმალი ქართული „კაბიანი ხმალია“, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. „კაბიანი ხმალი“ მხოლოდ ქართულ მემკვიდრეობაში დადასტურებული ექსპონატია და სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო


image

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0