x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სტრესთან ბრძოლის ფსიქოლოგიური სტრატეგიები
image
თანამედროვე ცხოვრების სტილი ხშირად გვაიძულებს ერთდროულად ბევრი რამ ვაკეთოთ. უნივერსიტეტში სწავლას უნდა შევუთავსოთ სამსახური, გართობა, მეგობრებთან ყოფნა და ასევე დავარეგულიროთ ურთიერთობა მშობლებთან. ასეთი ცხოვრების რიტმი (სტრესორი) ხშირად ჩვენში სტრესს იწვევს. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩვენს ორგანიზმზე, ისე ფსიქიკაზე.

ყველას გვაქვს სტრესული სიტუაციის გამოცდილება და მისგან დაღწევის ჩვენეული ხერხებიც- ბრძოლა, გაქცევა ან შეგუება. საინტერესოა ფსიქოლოგები რა გზებს გვთავაზობენ სტრესთან გასამკლავებლად.

განასხვავებენ დაძლევის ზოგად, ორ ძირითად გზას იმის მიხედვით თუ რა არის მიზანი : პრობლემასთან უშუალო დაპირისპირება - პრობლემაზე მიმართული დძლევა, თუ სტრესით გამოწვეული დისკომფორტის შემცირება - ემოციაზე ფოკუსირებული დაძლევა .

პრობლემაზე მიმართული დაძლევა, ანუ "წავავლოთ ხარს პირდაპირ რქებში" - გვეხმარება ისეთ სტრესორებთან გამკლავებაში, რომელთა შეცვლა ან შემცირება შეიძლება. მაგ: ავტორიტარული უფროსი, არადამაკმაყოფილებელი ნიშნები და ა.შ. იგი მოიცავს ყველა სტრატეგიას, რომელიც ღიად, პირდაპირ უპირისპირდება სტრესს და გადაჭრისთვის იყენებს რაციონალურ გზებს. მაგ: ხულიგანს ან გავუმკლავდებით, ან გავექცევით, ან ვეცდებით მის მოსყიდვას ქრთამით. ანუ, ამ გზით ვებრძოლებით და ვცდილობთ ავლაგმოთ კონკრეტული პრობლემა.


თუმცა არსებობს სტრესი, რომლიც მოცილებაც შეუძლებელია, მაგალითად, ალცჰეიმერით დაავადებული მშობლის მოვლა, ან აუტისტური სპექტრის მქონე შვილის გაზრდა. ამ სტრესის გარემოდან მოცილება შეუძლებელია, ამიტომ მასთან გასამკლავებლად საჭიროა შევცვალოთ ჩვენი გრძნობები და აზრები. მაგ: გავერთიანდეთ ალცჰეიმერით დაავადებულებზე მზრუნველთა მხარდაჭერის ჯგუფში, დავეუფლოთ რელაქსაციის ტექნიკას, მოვძებნოთ ამ პრობლემის დადებითი მხარეები და ა.შ.


image
სტრესთან ბრძოლის კოგნიტური სტრატეგიები :

სტრესთან ადაპტაციის და მისი შემცირების ძლიერი საშუალებაა მათი გადაფასება - გარკვეული სტრესორების შესახებ განსხვავებულად ფიქრი, მათთვის სახელის შეცვლა ან მათი წარმოდგენა ნაკლებად საშიშად ( ან სასაცილოდ) . მაგ: ღელავთ იმის გამო, რომ სიტყვით უნდა გამოხვიდეთ დიდი, მკაცრი აუდიტორიის წინაშე?! წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მსმენელები დარბაზში შიშვლები სხედან, ეს შეამცირებს მათ შიშისმომგვრელ ძალას. შფოთავთ, რომ მორცხვობას ვერ დაძლევთ წვეულებაზე, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ? ხომ არ ჯობდა მოგეძებნათ თქვენზე უფრო მორცხვი ადამიანი და საუბრის დაწყებით სიმორცხვის დაძლევაში დახმარებოდით?


მაიჩენბაუმის სამფაზიანი ხერხი :

ფსიქოთერაპევტი დონალდ მაიჩენბაუმი სტრესის სამართავად სამ ფაზას გვთავაზობს:

პირველ ფაზაში ჩვენი რეალური ქცევა უკეთ უნდა გავაცნობიეროთ: რა იწვევს მას, რა შედეგები მოაქვს. ამის გაკეთების საუკეთესო ხერხია ყოველდღიური ჩანაწერები ჩვენს ქცევაზე, ფიქრებზე. ეს დაგვეხმარება კონტროლში. მაგ: შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ნიშნები ცუდია (სტრესორი), რადგან დიდ დროს ვატარებთ ფეისბუქზე და ცოტა დროს ვიტოვებთ დავალების კარგად შესასრულებლად.

მეორე ფაზაში ვიწყებთ ახალი ქცევების იდენტიფიცირებას, რომლებიც ძველ, არაადაპტაციურ და სტრესულ ჩვევებს აღკვეთენ . მაგალითად, გამოვყოთ ფიქსირებული დრო სამეცადინოდ, ან საღამოობით სოციალური ქსელის გამოყენება 15-20 წუთამდე შევამციროთ.

მესამე ფაზაში ახალი ქცევების განხორციელების შემდეგ, ვაფასებთ ჩვენი ქცევის შედეგებს. იმის ნაცვლად ჩვენს თავებს დამაკნინებლად ვუთხრათ, რომ "გამიმართლა, პროფესორმა სწორედ მაშინ გამომიძახა, როცა მომზადებული ვიყავი", ამას პოზიტიურ კონტექსტში ვამბობთ - " მიხარია, რომ მომზადებული ვიყავი პროფესორის კითხვისთვის. არაჩვეულებრივია, როცა შეგიძლია მას ჭკვიანურად უპასუხო" .


სოციალური მხარდაჭერა :

სტრესთან საბრძოლველად შეუცვლელია სოციალური მხარდაჭერა. ეს არის სხვებისთვის გაწეული დახმარებაა, რომელიც ამცნობს ადამიანს, რომ ის უყვართ, მასზე ზრუნავენ და აფასებენ. ასეთ ადამიანად შეიძლება მოგვევლინოს ოჯახის წევრი, მეზობელი, მეგობარი და ა.შ. სოციოემოციური მხარდაჭერის ამ ფორმის გარდა გარშემომყოფ ადამიანებს შეუძლიათ მატერიალური (ფული, ტრანსპორტი, ბინა) და ინფორმაციული მხარდაჭერა (რჩევა, ინფორმაციის მოწოდება).

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ როცა ადამიანს ჰყავს ხალხი, ვისაც შეუძლია მიმართოს დასახმარებლად, ის უკეთ ახერხებს როგორც ყოველდღიურ პრობლემებთან, ისე სამსახურებრივ სტრესთან, უმუშევრობასთან და სერიოზულ დაავადებებთან გამკლავებას.

სოციალური მხარდაჭერა არამხოლოდ სტრესის დაძლევაში გვეხმარება, არამედ შეუძლია დაავადების განკურნებაში დახმარება და დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკის შემცირებაც კი.

ერთ-ერთ კვლევაში თირკმლის მძიმე დაავადების მქონე ავადმყოფთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი შეისწავლებოდა. მიღებული კვლევის მიხედვით, ოჯახის მხარდაჭერის საზომზე მიღებული ქულის ერთი ერთეულით მატება სიკვდილის ალბათობას 13%-ით ამცირებდა.


თუმცა უნდა აღინიშნოს სოციალური მხარდაჭერის ნეგატიური ასპექტიც. მაგალითად, თუ ვინმე დაჟინებით გვთავაზობს ექიმთან დანიშნულ შეხვედრაზე ან რაიმე გასაუბრებაზე წამოყოლას, მაშინ როცა ჩვენ მარტო წასვლა გვინდა, ამის გამო შესაძლოა დამატებითი შფოთვა განვიცადოთ.

ასე, რომ სოციალური მხარდაჭერა საუკეთესოა მაშინ, როცა ის ჩვენს მოთხოვნებთან დანხვედრაშია.

image

0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ლაზარაშვილი
ქეთევან ლაზარაშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0