x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პიროვნებათაშორის კონფლიქტის ძირითადი პრინციპები და მართვის სტრატეგიები
image

პიროვნებათაშორისი კონფლიქტი ვლინდება უმეტესად მატერიალური, შრომითი, ღირებულებითი, ემოციური, ფინანსური დაპირისპირების, აგრეთვე სხვადასხვა ხასიათისა და წარმოდგენების მქონე ადამიანების დაპირისპირების დროს.

კონფლიქტის გავლენა პიროვნებათშორის ურთიერთობებზე დადებითი იქნება, თუ კონფლიქტის შემდეგი ძირითადი პრინციპები გვეცოდინება:

1.კონფლიქტი გარდაუვალია;


კონფლიქტი პიროვნებათშორისი ურთიერთობის ნაწილს წარმოადგენს. ის, როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები განსხვავებულები არიან - აქვთ განსხვავებული წარსული, საჭიროებები, მიზნები და ა.შ. როდესაც ადამიანები ურთიერთდამოკიდებულნი არიან, ამგვარ განსხვავებებს ხშირად კონფლიქტი მოჰყვება.

2.კონფლიქტს შეიძლება მოჰყვეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი;

თუ რა შედეგი ექნება კონფლიქტს პიროვნებათშორის ურთიერთობებზე - დადებითი თუ უარყოფითი - მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიაზე.

კონფლიქტის უარყოფითი შედეგები ყველაზე ხშირად უკავშირდება მონაწილეთა შორის უარყოფითი ემოციების გამძაფრებას.

ხშირად, კონფლიქტი გულისხმობს ბრძოლის უსამართლო მეთოდებს და ძირითადად მიმართულია მეორე მხარისთვის ზიანის მიყენებაზე. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, ნეგატიური გრძნობები იზრდება. ასევე, კონფლიქტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პიროვნების ენერგეტიკულ რესურსებზე - ნაკლები ენერგია დარჩეს სხვა საქმეების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით, როდესაც ის კონფლიქტის მოგვარების არაპროდუქტიულ გზებს ირჩევს. კონფლიქტებმა ასევე შეიძლება უბიძგოს ადამიანს, აღარ იყოს ღია და გულწრფელი მოცემულ პიროვნებასთან ურთიერთობაში - საკუთარი გრძნობების დამალვა და განსახილველი თემების შეზღუდვა მოცემულ პიროვნებათშორის ურთიერთობის სიღრმესა და ინტიმურობას საფრთხეს უქმნის. ხშირად ადამიანები ამ დანაკლისის კომპენსაციას სხვა ურთიერთობებში ეძებენ.

კონფლიქტის დადებით შედეგად ძირითადად ითვლება ის, რომ კონფლიქტი ადამიანს პრობლემურ სიტუაციაზე დააფიქრებს და აიძულებს მისი გადაწყვეტის გზები მოიძიოს. თუ კონფლიქტის გადაწყვეტის პროდუქტიულ გზებს გამოიყენებთ, კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობები უფრო გაძლიერდება და გაჯანსაღდება. როდესაც ადამიანი ცდილობს პიროვნებათშორისი კონფლიქტის გადაწყვეტას, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია და ცდილობს მის შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონფლიქტურ სიტუაციას უბრალოდ განერიდებოდა.

3.კონფლიქტი შეიძლება ფოკუსირებული იყოს შინაარსზე და/ან ურთიერთობაზე;

შინაარსზე ფოკუსირებული კონფლიქტები მიმართულია გარკვეულ საკითხებსა თუ მოვლენებზე, რომელიც კონფლიქტში მყოფ პიროვნებებს პირადად არ ეხება - ასეთი შეიძლება იყოს სამსახურში არსებული დაწინაურების სისტემა, სახელმწიფოებრივი მოწყობა და სხვა.

ურთიერთობაზე ფოკუსირებული კონფლიქტები ეხება კონფლიქტში ჩართულ პირებს შორის არსებულ ურთიერთობას. ურთიერთობაზე ფოკუსირებული კონფლიქტის მაგალითია ცოლ-ქმარს შორის არსებული უთანხმოება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე მხარის თანაბარი მონაწილეობის შესახებ, ან დედასა და ქალიშვილს შორის, ამ უკანასკნელის ცხოვრების სტილის შესახებ, სამსახურში თანამშრომლებს შორის არსებული უთანხმოება მორიგეობის განრიგის შესახებ და სხვა. ხშირად ურთიერთობაზე ფოკუსირებული კონფლიქტები შენიღბულია შინაარსზე ფოკუსირებული კონფლიქტის სახით. მაგალითად, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება იმის თაობაზე თუ სად უნდა გაატარონ შვებულება, გამოწვეულია არა ობიექტური რეალობის შეფასებით - შემოთავაზებული ორი ადგილიდან ობიექტურად, რომელი უფრო მიმზიდველია დასვენებისთვის, არამედ რეალურად მიმართულია იმისკენ, თუ ვის დარჩება ბოლო სიტყვა - ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი ამ ურთიერთობაში.

4.კონფლიქტის მოგვარების სტილი გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგებზე;

შემოგთავაზებთ ამერიკელი ფსიქოლოგის, კონფლიქტების მართვის სპეციალისტის, ტომას კილმანის მიერ შემუშავებულ 5 სტრატეგიას, რომელიც შეიძლება ორი განზომილების მიხედვით აღიწეროს: (1) საკუთარ თავზე ზრუნვა და (2) მეორე პიროვნებაზე ზრუნვა.

imageგანვიხილოთ მოცემული სტრატეგიები:

1.შეჯიბრი - მე მოვიგე, შენ წააგე. შეჯიბრის სტილის დროს ადამიანი ყურადღებას ამახვილებს საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე და ნაკლებად აწუხებს ის, თუ რა სურს მეორე მხარეს. როგორც კი მისი საჭიროებები და სურვილები დაკმაყოფილებულია - კონფლიქტიც მოგვარებულია (მისი პოზიციიდან). აღნიშნული სტილი ეფუძნება წაგება-მოგების ფილოსოფიას: მე ვიგებ და შენ აგებ. ამ სტილს ხშირად ვხვდებით სასამართლო დარბაზში ან მანქანის ყიდვისას - როდესაც ერთი მხარის მოგება, მეორე მხარის წაგებიდან გამომდინარეობს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პიროვნებათშორის ურთიერთობებში „მოგება-წაგების“ ფილოსოფიას აუცილებლად მოჰყვება წაგებული მხარის განაწყენება, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ახალ კონფლიქტში.

2.თავის არიდება - მე წავაგე, შენც წააგე. კონფლიქტის მოგვარების ეს სტილი მიუთითებს, რომ ადამიანი დიდად არც საკუთარ და არც მეორე მხარის საჭიროებებსა და სურვილებს აანალიზებს. ცდილობს თავი აარიდოს ყოველგვარ კომუნიკაციას, რომელიც პრობლემას ეხება, ცვლის საუბრის თემას და ზოგადად, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად უჩინარდება „სცენიდან“.

3.მორგება/შეგუება - მე წავაგე, შენ მოიგე. ამ დროს ადამიანი მეორე მხარის სასიკეთოდ, საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე უარს ამბობს. ძირითად მიზანს მოცემულ ურთიერთობაში სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნება წარმოადგენს. კონფლიქტის მოგვარების მოცემული სტილი შეიძლება დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში მხოლოდ გარკვეული დროით. საკუთარი სურვილების უგულებელყოფა დროთა განმავლობაში თქვენში უკმაყოფილებასა და უსამართლობის გრძნობის აღმოცენებას შეუწყობს ხელს. ეს კი, შეიძლება ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

4.თანამშრომლობა - მე მოვიგე, შენც მოიგე. როდესაც ადამიანი კონფლიქტის მოგვარების ამ სტილს ირჩევს, ის ზრუნავს როგორც საკუთარ, ასევე მეორე მხარის სურვილებსა და საჭიროებებზე. კონფლიქტზე მუშაობა გულისხმობს მეორე მხარესთან აქტიურ კომუნიკაციას, ყურადღებით მოსმენას. იდეალურ შემთხვევაში ეს სტილი ორივე მხარეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს, ან სულ ცოტა, თითოეული მხარე რაღაც პატარა სარგებელს იღებს. ფაქტიურად, ეს კონფლიქტების მოგვარების ის გზაა, რომელსაც ადამიანები პიროვნებათშორისი კონფლიქტების მოგვარებისას უმრავლეს შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ.

5.კომპრომისი - მე მოვიგე და წავაგე, შენ მოიგე და წააგე. კომპრომისული სტილის დროს ადამიანი იმყოფება კონტინიუმის შუაში - ის ზრუნავს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სურვილების განხორციელებაზე. კონფლიქტის მოგვარების ამ გზის არჩევისას, ადამიანი მეორე მხარეს „შუა გზაზე შეხვედრის“ სტრატეგიას სთავაზობს. სავარაუდოდ, ამ სტრატეგიის გამოყენებისას შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, თუმცა გარდაუვალიდათმობის გამო, გარკვეული უკმაყოფილება მაინც იჩენს თავს.

ეს სტრატეგიები ნებისმიერი ტიპის კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სხვადასხვა სიტუაციაში შეგვიძლია სხვადასხვა სტრატეგია გამოვიყენოთ, მაგრამ რომელიმე მათგანის არჩევამდე კარგად უნდა გავიაზროთ კონფლიქტის მიზეზი, გავაანალიზოთ, რამდენად გვიღირს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც დავუპირისპირდით, მოვიფიქროთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები, რათა თავიდან ავიცილოთ მცდარი არჩევანი და ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დროებით, ნაწილობრივ ან სრულ მოგვარებას.

0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0