x
მეტი
  • 13.11.2018
  • სტატია:82671
  • ვიდეო:334240
  • სურათი:440233
პიროვნების სტრუქტურა ფროიდის მიხედვით

image
ფსიქოლოგია პიროვნებას სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს, მაგრამ ყველა განსაზღვრებაში არის საერთო - უნიკალურობა და ქცევის მახასიათბლები. საბოლოოდ პიროვნების გასაზღვრებამ მიიღო ზოგადი სახე - პიროვნება წარმოადგენს აბსტრაქტულ ცნებას, რომელიც აერთიანებს ადამიანისთვის დამახასიათებელ მრავალ ასპექტს - ემოციებს, მოტივაციას, აზრებს, ქცევებს, განცდებს და ა.შ.


ფსიქოლოგია იკვლევს ადამიანის ფსიქიკურ პროცესებს - აღქმას, ინტელექტს, ყურადღებას, შეგრძნებას, მეტყველებას, აზროვნებას და ა.შ. ამასთანავე, მიზნად ისახავს, ახსნას, აღწეროს, გააკონტროლოს და იწინასწარმეტყველოს ადამინაის ქცევა, შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა არის განმავითარებელი და აღმძვრელი ადამიანის ქცევისა. საბედნიეროდ, ფსიქოლოგიაში არის უამრავი მიდგომა, რომლებიც ინდივიდის ქცევას განიხილავს. მაგალითად: ფსიქოდინამიკური მიდგომის მიხედვით, ძლიერი შინაგანი ძალები ქცევის მოტივატორებს წარმოადგენენ და ასევე აყალიბებენ პიროვნებას, არის თეორიები, რომლებიც პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევას მემკვიდრეობის ჭრილიდან ხსნიან, სხვა თეორიები, ქცევის დასწავლაზე, მოლოდინებსა და იმიტაციაზე არიან ფოკუსირებული, ქცევას განიხილავენ, როგორც სტიმული-რეაქციას, ასევე ქცევა, როგორც კოგნიტური პროცესების, ანუ რთული და კომპლექსური ფსიქიკური პროცესების შედეგი, გარდა ამისა, არის სოციოლოგიური, კულტურული, ევოლუციური მიდგომები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პოზიციიდან ახსნან ადამიანის ქცევა. ეს სტატია მიეძღვნება ფსიქოდინამიკური, კერძოდ კი, ფროიდისეული მოდელის გაანალიზებას.



ზიგმუნდ ფროიდმა, ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა, რევოლუცია მოახდინა იმ დროის ფსიქოლოგიასა და პიროვნების გაგებაში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო - არაცნობიერი - საცავი ინფორმაციისა, რომელიც ხელმიუწვდომელია ცნობიერებისთვის. ფროიდის კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ყველა ქცევას აქვს მოტივი გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი. სხვა ავტორებს განხილული ჰქონდათ არაცნობიერის კონსტრუქტი, მაგრამ ფროიდმა ადამიანური ფიქრების, გრძნობებისა და მოქმედებების არაცნობიერი მოტივები ადამიანის ცხოვრების ცენტრში მოათავსა. მისი აზრით, ქცევა შეიძლება მოტივირებული იყოს არაცნობიერი ენერგიით. ჩვენ შეიძლება ვმოქმედებდეთ მიზეზის ცოდნის გარეშე, ან ნამდვილი მიზეზის გაცნობიერების გარეშე. ამრიგად, არაცნობიერი არის ცნობიერებიდან, რაღაც მიზეზით განდევნილი აზრების, გრძნობების, ემოციების საცავი, ასევე არაცნობიერი არის ლტოლვების, ცხოველური ინსტინქტებისა და მსგავსი პრიმიტიული იმპულსების ენერგიის წყარო.


ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სექსუალურ განვითარებას, ის თვლიდა, რომ სექსუალურ განვითარებაზე არის დამოკიდებული პიროვნების ზოგადი განვითარება. საინტერესოა ფროიდისეული პიროვნების სტრუქტურა, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: იდი - არის ძირითადად ლტოლვების საცავი. ის ირაციონალურად ოპერირებს, მოქმედებს იმპულსურად და უბიძგებს გამოხატვისკენ და დაუყოვნებელი სიამოვნებისაკენ იმის გათვალისწინების გარეშე, არის თუ არა ის, რაც მას სურს, რეალურად შესაძლებელი, (ასეთ მოთხოვნებს ძირითადად ადრეულ ბავშვობაში ვაწყდებით, როდესაც არაა კარგად ჩამოყალიბებული პიროვნების სხვა ორი ნაწილი).


იდს მართავს სიამოვნების პრინციპი; სუპერეგო - წარმოადგენს ინდივიდის მიერ საზოგადოებისგან ნასწავლი ღირებულებების საცავს, მორალური დამოკიდებულებების ჩათვლით. სუპერეგო შეიძლება შევუსაბამოთ სინდისის ცნებას, სუპერეგო, ასაევე მოიცავს ეგო-იდეალს, ინდივიდის წარმოდგენას ისეთ პიროვნებაზე, როგორადაც ჩამოყალიბებაც მას სურს. სუპერეგო მოქმედებს მორალურობის პრინციპით. ის ხშირად კონფლიქტშია იდთან.


იდი გვიბიძგებს იმის გაკეთებისკენ, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებს, ხოლო სუპერეგო იმის გაკეთებისკენ, რაც სწორია, მორალურია, საზოგადოებრივად მისაღებია. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია სიამოვნების მიღება. იდის შემთხვევაში ეს არის ძირითადად ფიზიკური სიამოვნება, ხოლო სუპერეგოს შემთხვევაში – სიამოვნება, რომელიც გამოწვეულია ადამიანების მიერ გამოხატული პატივისცემითა და დაფასებით, სოციალური მოწონებით, ან სინდისის სიწმინდით. მესამე ნაწილი პიროვნებისა არის ეგო - ეს არის მე-ს რეალობაზე დაფუძნებული ასპექტი, რომელიც განსჯის და აგვარებს კონფლიქტს იდის იმპულსებსა და სუპერეგოს მოთხოვნებს შორის.


ეგო არის ადამიანის სუბიექტური შეხედულება ფიზიკურ და სოციალურ რეალობაზე, ასევე წარმოდგენები ქცების მიზეზებსა და შედეგებზე. ეგოს საქმიანობას წარმოადგენს ისეთი მოქმედებების არჩევა, რომლებიც დააკმაყოფილებს იდის იმპულსებს, არასასურველი სამომავლო შედეგების გამოწვევის გარეშე. ეგოს მართავს რეალობის პრინციპი, რომელიც რაციონალურ არჩევანს სიამოვნების მიღების მოთხოვნებზე მაღლა აყენებს. მაგალითად: პიროვნებაში ეგო შეაკავებინებს ლექციაზე რაღაცა მიზეზით გამოწვეულ აგრესიას, რომლის გამოვლენაც არ იქნებოდა მოსაწონი საქციელი ლექტორისა და თანაკურსელების წინაშე. როდესაც იდსა და სუპერეგოს შორის კონფლიქტია, ეგომ ისეთი კომპრომისი უნდა იპოვოს, რომელიც ორივეს მოთხოვნებს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს, თუ მაგალითად, იდის მოთხოვნები მთლიანად უგულებელვყავით, ადამიანი შინაგან დისკონფორტს იგრძნობს და საბოლოოდ ნევროზი ჩამოუყალიბდება, ან პირიქით, თუ სუპერეგო არ არის გათვალისწინებულ, იგივე შედეგამდე შეიძლება მივიდეთ.


ფროიდის აზრით, პიროვნული განსხვავებები იმ განსხვავებული გზებიდან წარმოიქმნება, რომლებითაც ადამიანები უმკლავდებიან თავის ძირითად ლტოლვებს. გარდა ამისა, პიროვნების ასევე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ფროიდმა შემოგვთავაზა, არის პიროვნების დაცვის მექანიზმები, რაც გვეხმარება არასასიამოვნო რეალობისგან დამალვაში, პიროვნების მთლიანობისა და საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის შენარჩუნებისა და ბევრ სხვა პიროვნულად მნიშვნელოვანი ასპექტების დაცვაში, ასევე, პიროვნების ეს სტრუქტურა და ასევე განვითარების გზა კლინიკურ ფსიქოლოგიას აფიქრებდა ბავშვობის პერიოდის ტრავმების მნიშვნელობაზე.



ამრიგად, ფროიდის შეხედულების მოკლე მიმოხილვა შემდეგია: ადამიანის ქცევას აქვს მოტივი, რომელიც ძირითადად არაცნობიერია და სამი სტრუქტურის ინტერაქციით მიიღება პიროვნების ქცევა და თვითონ პიროვნება. პიროვნების ქცევის გაუცნობიერებლობას და ირაციონაურ ქცევებს(და არა მარტო ამას) ფროიდის კონცეფციაში წილად ხვდა უამრავი კრიტიკა კაცობრიობისგან. როგორც შესავალში ავღნიშნე, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ლოგიკურად კონსტრუირებული თეორია, რომელიც ხსნის პიროვნებას და მისი ქცევის მოტივატორებს.


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ნუკრიკიტო ბერიძე
ნუკრიკიტო ბერიძე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0