x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მოსამსახურე ქალი (The Help) - კინოფილმის განხილვა სტიგმისა და დისკრიმინაციის კონტექსტში

image

პრობლემის აქტუალობა

ფილმშიმოსამსახურე ქალიწარმოდგენილია რასიზმის, კერძოდ, აფრო-ამერიკელთა დისკრიმინაციის პრობლემა. ისტორიის კვალს თუ გავყვებით, რასიზმი განვლილ წლებთან შედარებით უფრო ნაკლებად გვხვდება, თუმცა, ის დღესაც ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და ადამიანთა ნაწილი ცდილობს დაძლიოს ეს პრობლემა. დღეს-დღეობით დისკრიმინაციის ფარული ვერსიაა გავრცელებული, რომელსაც ეწოდება პოზიტიური დისკრიმინაცია. პოზიტიური დისკრიმინაცია გულისხმობს პრივილეგიათა სისტემას საზოგადოების დისკრიმინირებული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში აფრო-ამერიკელთათვის, რომელიც ამ ჯგუფს აძლევს გათანასწორების შანსს.

არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ რასიზმი არა მხოლოდ ჯერ კიდევ არსებობს, არამედ გამჯდარია დასავლური საზოგადოების ინსტიტუტებში. გავრცელებულია აზრი, რომ კვალიფიციურ აფრო-ამერიკელ კანდიდატებს ნაკლები შანსი აქვთ, იგივე სამსახური მიიღონ, რაც თანაბრად კვალიფიციურ თეთრკანიანებს. სხვა გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ადამიენების უმრავლესობას, მათაც კი, ვინც აცხადებს, რომ ანტი-რასისტია, აქვთ გამჯდარი რასისტული ტენდენციები.

ამერიკაში უამრავი კვლევაა ჩატარებული სკოლის ადრეულ კლასებში, რომლებიც უნივერსალურად ადასტურებენ, რომ სკოლის სისტემა ქვეცნობიერად შავკანიანებს და სხვა უმცირესობებს ამზადებს, რომ საზოგადოებაში უფრო დაბალი რანგის პოზიცია დაიკავონ. იგივე სკოლებში, თეთრკანიანებს უბიძგებენ ამბიციისა და აკადემიური მოსწრებისაკენ, შავკანიანებში კი სოციალურ განვითარებას მეტი ყურადღება ექცევა. ეს ყველაფერი ოფიციალური პროგრამის გარეთ ხდება და .. Hidden Curriculum-ის ნაწილია.

რაც შეეხება ზოგადმიღებულ ტენდენციებს, მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო რასიზმს, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო და უხეშ დარღვევას მკაცრად კიცხავს და ყველა ქვეყნისაგან მის აღმოსაფხვრელად ბრძოლას მოითხოვს.


ფენომენის აღწერა

ფილმში აშკარად ჩანს სტიგმის ელემენტები. სტიგმა არის ნეგატიური ნიშანი, რომელიც პიროვნების ღრმა დისკრედიტაციას იწვევს, გამოარჩევს მას საზოგადოებისგან, პიროვნულ გაუფასურებას იწვევს და ისე ამცირებს მას სხვების თვალში, რომ სრულფასოვანი პიროვნების ნაცვლად, არასრულფასოვან და შელახულ ინდივიდად გამოიყურება. სტიგმა ადამიანს სხვანორმალურადამიანზე ნაკლები ღირებულების მქონედ აქცევს. სტიგმატიზირებული პიროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ და, ზოგ შემთხვევაში, სრულფასოვან პიროვნებაზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევიან. სიმრავლის გამო, შეუძლებელია იმ ნიშნების განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ინდივიდი იყოს სტიგმატიზირებული. გენდერი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, სხეულის წონა, ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებები ყველაზე გავრცელებულ სტიგმათა კატეგორიებია. ამჯერად კი განვიხილავთ რასობრივ დისკრიმინაციას, კერძოდ კი აფრო-ამერიკელთა სტიგმატიზაციას, რომელიც წარმოდგენილ ფილმში კარგად აისახა.

რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. ეს შეიძლება იყოს ნეგატიური წინარწმენა ან მოძღვრება, იმის შესახებ რომ ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე. ისტორიულად რასიზმი გამოყენებული იყო ადამიანების რაიმე ჯგუფის დისკრიმინაციის, ხანდახან გენოციდის მოტივაციისთვის ან მის გასამართლებლად. რასიზმის ისტორიული ძირები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის. მოგვიანებით იგი ფართოდ გამოიყენებოდა კოლონიზატორების მიერ. მაგრამ რასიზმის თეორია მხოლოდ XIX -ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა.

რასიზმთან ერთად, ფილმში აშკარაა შოვინიზმის გამოვლინება, რაც გულისხმობს რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერ გრძნობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გულისხმობს სხვა ჯგუფების სიძულვილს განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით, ამ შემთხვევაში კი აფრო-ამერიკელების მიმართ.

აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ქსენოფობიაც, უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი რაღაცით უცხოა. აფროამერიკელები თეთკანიანებისგან კანის ფერით განსხვავდებიან, რაც არის მთავარი საფუძველი მათდამი დისკრიმინაციისა. თეთრკანიანებში ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. რასიზმი კი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება.

იქამდე, სანამ ფილმის განხილვას შევუდგებით, მოკლედ მიმოვიხილოთ აფრო-ამერიკელთა რასა. აფრო-ამერიკელები ამერიკაში მცხოვრები გარკვეული ჯგუფია, რომლებიც ნეგროიდული რასის აფრიკელების სრული ან ნაწილობრივი მემკვიდრეები არიან. „აფრო-ამერიკელიმოიცავს XVII-XIX საუკენეებში ამერიკაში შეყვანილი აფრიკელი მონების შთამომავლებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ახალ სახელმწიფოს, შეექმნა ეკონომიკის საფუძვლები. წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა კულტურის შერწყმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩამოაყალიბა აფრო-ამერიკელთა ერთიანი კულტურა, რელიგია და ენა. მონობამ დატოვა გარკვეული კვალი ამერიკის ისტორიაში, რომელიც გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რეკონსტრუქციის ხმაურიანი წლებიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობამდე. მიუხედავად გათავისუფლებისა, დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში, აფრო-ამერიკელებმა ვერ მოახერხეს საზოგადოებაში სრულყოფილი ადგილის დამკვიდრება, სწორედ გასული საუკუნეების 60-იანი წლების ამ ვითარებას აღწერს წარმოდგენილი ფილმი.


ფილმის ანალიზი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილმში აქტუალურია კანის ფერის მიხედვით ინდივიდთა ჯგუფის დისკრიმინაცია. რაიმე მახასიათებელი, სტიგმად, რომ ჩაითვალოს, მას უნდა იზიარებდნენ ჯგუფის წევრები. ფილმში კი კანის ფერის მიხედვით სტიგმატიზაცია ნამდვილად გაზიარებულია თეთრკანიანების მიერ. აფროამერიკელები მათი განსხვავებული გარეგნობის თუ კანის ფერის გამო აღიქმებიან, როგორც საფრთხის შემცველნი. ადამიანები ეძებენ ამ განსხვავებების მნიშვნელობას და შემდეგ სწორედ განსხვავებაზე ხდება ყურადღების გამახვილება, ეს განაპირობებს სტერეოტიპების გაძლიერებას. ამას არაერთი ეპიზოდი ადასტურებს. ყველაზე გამოკვეთილად კი ჩანს იმ მომენტში, როდესაც ერთ-ერთი დიასახლისი თანამოსაუბრეებს უზიარებს ნეგატიურ წინარწმენებს (რომ ისინი არიან დაავადების გადამტანები) აფრო-ამერიკელთა შესახებ.

მიჩნეულია, რომ განსხვავებული რასის წარმომადგენლებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები, რწენები და თვისებები. ისინი შესაძლოა იყვნენ მორალური საფრთხის შემცველნი და ფასდებიან ნეგატიურად. ამიტომ ადამიანები ეძებენ მსგავსი შეხედულებების მქონე ჯგუფებს, სადაც გარკვეული სტიგმა გაზიარებული და მიღებულია. ფილმში კი გამოკვეთილია გარკვეული ჯგუფი, რომელშიც ჯგუფის წევრები ერთმანეთზე ზემოქმედებენ საკუთარი იდეოლოგიის გაზიარებით. (ეპიზოდი, სადაც განიხილავენ შავკანიანების განცალკევებით ყოფნას, ეპიზოდი, სადაც მეგობარი არწმუნებს დიასახლისს, რომ მისი მსახური ქურდია).

ფილმი შეგვიძლია განვიხილოთ სტიგმატიზაციის პროცესის სხვადასხვა თეორიული კონტექსტიდან. კონკრეტულად კი შეგვიძლია გავიხსენოთ გოფმანის მიერ დახარისხებული სტიგმის სამი სახეობიდან ერთ-ერთი, ფილმში წარმოდგენილი ფენომენი მიეკუთვნება თემში გავრცელებულ სტიგმას, რომელიც საზოგადოდ ცნობილია ან თაობიდან თაობას გადაეცემა და გაუფასურებული რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრობას მოიაზრებს. სიუჟეტში აშკარაა არა მხოლოდ ახალგაზრდა თეთრკანიანი დიასახლისების დამოკიდებულება შავკანიანი მოსამსახურეების მიმართ, არამედ მათი მშობლების რასისტული პოზიციაც. რამაც გავლენა მოახდინა მათზე.

მასტიგმატიზირებელი მდგომარეობები ექვსი ძირითადი განზომილებით განსხვავდებიან ერთმანეთსგან, აქედან კი რასიზმი აკმაყოფილებს შემდეგ მახასიათებლებს: სიცხადე (აშკარა)— ის გულისხმობს თუ რამდენად ხილულია სტიგმა ან რამდენად შეიძლება მისი სხვებისგან დაფარვა, ამ შემთხვევაში კი რასიზმი ნამდვილად ხილულია კანის ფერის მიხედვით (2) მიმდინარეობაიცვლება თუ არა მდგოამრეობა დროთა განამვლობაში და თუ იცვლება, როგორ. წარმოდგენილ შემთხვევაში მდგომარეობა იცვლება - წლების წინ რასიზმი მეტად აქტუალური იყო და მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული, დღეს-დღეობით კი რასიზმის ტენდენცია ნაკლებადაა. (3) დამაზიანებლობარამდენად არღვევს ეს მდგომარეობა სოციალურ ურთიერთობებს; ამგვარი მდგომარეობა რა თქმა უნდა არღვევს სოციალურ ურთიერთობებს და ეს ფილმშიც კარგად ჩანს. თეთრკანიანები თავს არიდებენ შავკანიანებთან ახლო ურთიერთობებს, მათ მიმართ ზიზღს განიცდიან და ჰიგიენური ზიზღისა და სხვადასხვა დაავადების საშიშროების გამო ცალკე საპირფარეშოს გამოყოფა სცადეს. (4) ესთეტიკური თვისებებირამდენად განაპირობებს მოცემული თვისება, რომ ინდივიდი საზოგადოებამ აღიქვას, როგორც უშნო, მახინჯი ან მწყობრიდან გამომყვანი; წარმოდგენილი მახასიათებელი რასიზმის და კონკრეტულად ფილმის სიუჟეტში ბუნდოვანია, თუმცა არის ფაქტები, სადაც შავკანიანთა ქმედებას თეთრკანიანი დიასახლისები მწყობრიდან გამოყავთ. (5) წარმოშობაროგორ შეიქმნა მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი; ამ შემთხვევაში სტიგმა საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იყო, რომელიც წლების მანძილზე ყალიბდებოდა უმცირესობის (შავკანიანების) მიმართ, მათ კი მზა პროდუქტი მიიღეს და იყვნენ იმავე დამოკიდებულებით, რა დამოკიდებულებითაც მშობლები იყვნენ. (6) საფრთხერამდენად საშიშია ან რა ტიპის საფრთხეს უქმნის მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა/სტიგმა სხვებს - ამ შემთხვევაშიაფროამერიკელობაარანაირი საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფილმის პერსონაჟ თეთრკანიან დიასახლისებს სჯერათ, რომ აფროამერიკელები სხვადასხვა დაავადების გადამტანი ინდივიდები იყვნენ და მათთან შეხებასაც კი არიდებდნენ თავს.

სოციუმი განსხვავებულად რეაგირებს აშკარა და დაფარულ სტიგმაზე. რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული სტიგმა, როგორც ვიზუალი ნიშნით, მით უფრო მყისიერად აღიქმება ინდივიდის მიერ და პირველადი შთაბეჭდილების ნაწილი ხდება. ეს პროცესი კი სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც საქმე აშკარა სტიგმასთან გვაქვს. შავი კანის ფერი ხილული ნიშანია, რის საფუძველზეც ხორციელდება სტიგმატიზაცია.

სოციალური სტიგმის გოფმანისეული ანალიზი სტიგმატიზირებულთა ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე ფოკუსირდება და ამ გამოცდილების ოთხ ასპექტს გამოყოფს: (1) სტიგმატიზირებულ ინდივიდებს ნეგატიურ წინარწმენებთან და დისკრიმინაციასთან უწევთ გამკლავება. ეს ფილმშიც კარგად ჩანს, თუმცა, უმრავლესობა მათგანისა კონფორმულად იღებს ჩაგვრას და მორჩილად განაგრძობსსაქმიანობას”, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულად განიცდიან მათდამი მოპყრობას. თუმცა, სამაგალითო პერსონაჟების დამსახურებით, ნათელია, თუ როგორ ებრძვიან ისინი სტიგმას. (2) სტიგმატიზირებული ინდივიდები ხშირად აცნობიერებენ, რომ სხვების თვალში გაუფასურებულები არიან ან ნაკლოვანად აღიქმებიან. ფილმის პერსონაჟი აფროამერიკელები ნამდვილად აცნობიერებენ ამას, ეს კარგად ჩანს ეპიზოდში, სადაც ერთ-ერთი შავკანიანი შვილს უხსნისწესებსდა მაშინ, როდესაც უკვირს თეთრკანიანისგან კარგი მოპყრობა. (3) სტიგმატიზირებულმა ადამიანებმა იციან იმ კონკრეტული სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც მათ სოციალურ ჯგუფებს აქვთ. მაგალითად, აფრიკელმა ამერიკელებმა ხშირად იციან, რომ სტერეოტიპის მიხედვით, ინტელექტუალურად უფრო დაბალ საფეხურზე დგანან და მეტად აგრესიულები არიან. (4) სტიგმატიზირებული ადამიანები, შესაძლოა, არ იწყვნენ დარწმუნებულნი ან გაურკვევლობაში იყვნენ მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიზეზებში. ისინი უარყოფით შედეგებს საკუთარ გაუფასურებულ სოციალურ იდენტობაზე დაფუძნებულ ნეგატიურ წინარწმენებსა და დისკრიმინაციას მიაწერენ; დადებით შედეგებს კისხვების მხრიდან სტიგმატიზირებული სტატუსისადმი სიმპათიას ან განსჯის თავიდან არიდების სურვილს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ყალიბდება სტიგმა, სტიგმის ჩამოყალიბების თეორიის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ახსნას როგორ ახერხებენ ადამიანები რწმენების გაზიარებას. სტერეოტიპებისა და ცრურწმენების თეორიები 3 ძირითად კატეგორიაში ერთიანდებიან.

ფუნქციონალური თეორიების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ახსნა სტიგმის წარმოშობის შესახებ ეფუძნება საკუთარი თავის დაცვას მუქარისა და ზიანისაგან, და შესაძლოა მეტად შესაბამისიც იყოს მისი წარმოშობის გასაგებად. სტერეოტიპებისა და ნეგატიური წინარწმენების ჩამოყალიბებით ადამიანები ბევრ პიროვნულ სარგებელს ნახულობენ. ისინი იძლევიან ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება ინდივიდებს სწრაფად და მარტივად გააკეთონ დასკვნები სხვების შესახებ და თავიდან აირიდონ საფრთხე. (სოციალური გაგების ამგვარი პრინციპი კოგნიტური ეკონომიის სახელითაა ცნობილი.) სხვა ვარაუდის მიხედვით მასტიგმატიზირებლებს ჯგუფური შედარების საფუძველზე ემატებათ საკუთარი თავის თვითრწმენა და თავდაჯერება. ფილმში აშკარაა, რომ თეთრკანიანი მოქმედი პერსონაჟები კულტურული გავლენის ქვეშ იმყოფებიან და შესაძლოა ვერც იაზრებდნენ რასის სეგრეგაციის რეალურ არსს. ისინი უპირობოდ იღებენ არსებულ სტერეოტიპებს და ქმედებაში ახორციელებენ კოგნიტური სქემების მათში არსებობას.

შემეცნებითი/პერცეპტული თეორიების მიხედვით, სტერეოტიპებთან დაკავშირებული უამრავი პერცეპტული თეორია ეფუძნება ვარაუდს, რომ ინდივიდთა ჯგუფებად კატეგორიზაცია და შედეგად ჯგუფის სტერეოტიპირება არის სოციალურ გარემოზე დაკვირვების პირდაპირი შედეგი. ფილმში კი სწორედ ეს საკითხი არის წამოჭრილი. ამ მიდგომის მიხედვით სოციალური აღქმა არის მიკერძოებული, როგორც სტერეოტიპები ჯგუფზე არის დამახინჯებული და გაძლიერებული. პერცეპტული თეორიები შეიძლება 2 ტიპად დაიყოს: რწმენის ჩამოყალიბებისა და აქცენტუაციის თეორიები.

ილუზორული კორელაციის მიდგომის მიხედვით, უარყოფითი პიროვნული ნიშნები, ძირითადად, უმცირესობათა ჯგუფს არის მიწერილი, რაც ურთიერთობის არასწორი აღქმის შედეგია ჯგუფის მახასიათებლებსა და ჯგუფის ზომას შორის და რადგანაც ისინი ნაკლებად ხშირია, უმცირესობათა ჯგუფები და უარყოფითი ქცევები ერთად არასწორად ასოცირდება. წარმოდგენილი ფილმის შემთხვევაში ეს აშკარად ჩანს. შავკანიან მოსამსახურეებს ხშირად ბრალდებათ ქურდობა, რომელიც არ ჩაუდენიათ.

მოსაზრება, რომელიც აქცენტუაციის თეორიას უდევს საფუძვლად მდგომარეობს იმაში, რომ ჯგუფებს შორის განსხვავებები არის გაზვიადებული და არასწორად შეფასებული, კოგნიტური მიკერძოების საფუძველზე. ისევე როგორც სტერეოტიპებია გაზვიადებული მუდმივად მიკერძოებული ინფორმაციის ძიების წყალობით.

კონსენსუსის თეორიების მიხედვით, რაიმე მახასიათებელი სტიგმად რომ ჩაითვალოს, მას უნდა იზიარებდნენ ჯგუფის წევრები. მხოლოდ ერთი ადამიანის პიროვნული შეფასება არ აყალიბებს სტიგმას, ის უნდა იყოს გაზიარებული. თეთრკანიანთა ინტერაქციის შედეგად ხდება სტერეოტიპების და ნეგატიური წინარწმენების გაზიარება.

სტიგმის ეტიოლოგიის თეორიის მიხედვით, წარმოდგენილი თეორიის სქემა მდგომარეობს შემდეგში: იმისათვის, რომ სტიგმა აღიბეჭდოს, საჭიროა გაჩნდეს ფუნქციონალური საწყისი იმპულსი. თავდაპირველად ხდება ხელშესახები ან სიმბოლური საფრთხის საწყისის აღქმა. ამ შემთხვევაში, ფუნქციონალურ საწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ რასის კანის ფერი. ამ პროცესს თან სდევს აღქმითი დამახინჯებები, რაც აძლიერებს ჯგუფთა შორის სხვაობას. ამ შემთხვევაში კანის შავი ფერი აღქმულია, როგორც უცხო, განსხვავებული, ნეგატიური მახასიათებლების მქონე, რომელსაც მიეწერება, ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ინფექციისა თუ დაავადების ქონა. ამის შემდგომ, ხდება საფრთხისა და აღქმის უნებლიე გაზიარება, რასაც საბოლოოდ სტიგმატიზაციამდე მივყავართ. შავი კანის ფერზე მსჯელობას დიასახლისები მიჰყავს იქამდე, რომ ისინი (სტიგმატიზირებული ჯგუფი) სხვადასხვა დაავადების მატარებლები არიან. შედეგად კი ხორციელდება სტიგმატიზაციის პროცესი - შაკვანიანები ხდებიან იზოლირებულნი (მათ საპირფარეშოც კი განცალკევებით აქვთ და თეთრკანიანებთან შეხება აკრძალული). სტიგმატიზაცია ხდება სოციუმის ნაწილი, რომელიც ქმნის, მხარს უჭერს ნეგატიურ წინარწმენას. ძირითადად, არსებობს 2 სახის მუქარა (საფრთხე) - ხელშესახები და სიმბოლური. რასიზმი შეიძლება გაიგივებული იყოს როგორც ხელშესახები საფრთხე, ისე - სიმბოლური. ფილმის შემთხვევაში აქტუალურია უფრო ხელშესახები საფრთხე რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან მატერიალურ ან კონკრეტულ კეთილდღეობას, როგორიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ან სოციალური პოზიცია. სიმბოლური მუქარა ფილმში ბუნდოვანია, თუმცა მოიაზრება, რადგან, საფრთხეს უქმნის რწმენას, ღირებულებებს, იდეოლოგიასა და იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობს სოციალური, პოლიტიკური, სულიერი სამყარო.

ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოტივირებული იყოს ფსიქოლოგიური ბალანსით. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები რომლებიც არიან ჩვენნაირები არიან კარგი ადამიანები კარგი ღირებულებებით, ხოლო ადამიანები, ჩვენგან სხვანაირი ღირებულებებით არიან აღქმულები როგორცსხვებიდა ნეგატიურად აღიქმებიან. ზოგადად, ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან სხვადასხვა ჯგუფებში, აქვთ განსხვავებული ღირებულებები ჩვენთან შედარებით. როკიჩმა გვანახა რომ უარყოფა ადამიანისა დამოკიდებულია ღირებულებების აღქმის სხვადასხვაობაზე. გარდა ამისა, ტენდენციაა რომ ჩვენ ვაფასებთ მორალურ სიკეთეს და ღირებულებების მსგავსებას ადამიანებში, რომლებიც არიან ჩვენი მსგავსნი.


კრიტიკა

ფილმში, და არა მარტო, თავს იჩენს რამდენიმე საკითხი, რომელიც ახსნას საჭიროებს. ფილმში აშკარაა, რომ თეთრკანიანთა გარკვეული ჯგუფი ზიზღს განიცდის შავკანიანი მოსამსახურეების მიმართ, ისინი ფიზიკურადაც კი არ ეხებიან მათ და გამოყოფილი აქვთ ცალკე საპირფარეშო, რომლითაც მხოლოდ შავკანიანებს შეუძლიათ სარგებლობა. პარადოქსულია, რადგან აფრო-ამერიკელები ასრულებენ ყველაფერ იმას, რაც "თეთრკანიანი დიასახლისების გასაკეთებელია": ზრდიან მათ შვილებს, ირგებენ მზარეულის როლს, სახლის სისუფთავეც მათ მოვალეობებში შედის და ამასთან, სხვა დამატებითი როლების შესრულება უწევთ. ჩნდება კითხვა: თუ მათდამი ამგვარ ზიზღს განიცდიან, როგორ შეუძლიათ, რომ მათ მიერ მომზადებული საკვები მიირთვან? როგორ შეუძლიათ, რომ შვილი ანდონ მათ და ამავდროულად იცოდნენ, რომ უშუალო კონტაქტი/შეხება არსებობს მათ შორის.

ასევე დისკუსიის საკითხს წარმოადგენს შემდეგი - ფილმში აშკარად ჩანს, რომ თეთრკანიანი დიასახლისების შვილები მიჯაჭვულები არიან აფრო-ამერიკელ ძიძებზე, ისინი უფრო მეტ სიყვარულს და მიჯაჭვულობას განიცდიან მათ მიმართ, ბიოლოგიურ დედებთან შედარებით. აშკარაა ფაქტებიც, სადაც აფროამერიკელები საკუთარ ზნეობრივ მორალს უზიარებენ აღსაზრდელებს. მათი გავლენა თვალსაჩინოა აღსაზრდელზე და ამის მაგალითი თავად მთავარი გმირი ევგენიაა, რომელსაც ახსენდება ძიძის მამოტივირებელი სიტყვები. ის დედას ეუბნება, რომ სწორედ ძიძის დამსახურებაა, რომ ის დღეს არის წარმატებული. ერთ-ერთი მოსამსახურე კი ამბობს, რომ ისინი ზრდიან თეთრკანიანი დიასახლისების შვილებს, თუმცა, ზრდასრულ ასაკში შვილები ისეთივე რასისტებად ყალიბდებიან, როგორიც - მათი მშობლები. თუ ძიძები ატარებენ ძირითად დროს და ბავშვებს მათდამი დადებითი დამოკიდებულება უყალიბდებათ, საინტერესოა, რატომ უჩნდებათ სეგრეგაციისა და მათი ჩაგვრის მოთხოვნილება როდესაც ზრდასრულები ხდებიან?

ფილმში უგულებელყოფილია და ბუნდოვანია მამრობითი სქესის დამოკიდებულება რასიზმის მიმართ. ყურადღება გამახვილებულია მდედრობით სქესზე, რომელიც ჩაგრავს შავკანიან მოსამსახურეებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტიგმასთან ბრძოლის პირველ ნაბიჯებს დგამს თეთრკანიანი და არა - აფრო-ამერიკელი. შეგვიძლია ეს განვიხილოთ როგორც სიმბოლოდ იმისა, რომ თუ თავად მასტიგმატიზირებელ ჯგუფში არ მოხდა მასტიგმატიზირებლის მიერ კოგნიტური რევოლუციის საფუძველზე სქემების შეცვლა სხვანაირად ვერ მივაღწევთ სტიგმის გაქრობას/შემცირებას?


შეჯამება

სოციალური სტიგმის მთავარი ფუნქცია არის პიროვნების გაუფასურება, მისი ადამიანური სახის დაკარგვა (დეჰუმანიზაცია) სხვების თვალში. ამ ყველაფერს მივყავართ თვითსტიგმატიზაციამდე, რომელიც იწვევს დეპრესიას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, არასრულფასოვნების განცდას, რაც ძალას ართმევს ადამიანს და ბრალეულობის გრძნობას უჩენს. მიუხედავად ამისა, ფილმის მთავარი გმირი ახერხებს აფრო-ამერიკელ მოსამსახურეთა დაიმედებას და ცდილობს მათ სოციალიზაციას მათივე ძალებით.

ჯგუფის შესახებ არსებული წარმოდგენები მოდიფიცირებადია. ამის დანახვა შეიძლება წარმოდგენილ ფილმშიც. გამოცემული წიგნის შემდგომ იცვლება ზოგადი დამოკიდებულებები. პოზიტიურ დასასრულად შეგვიძლია აღვნიშნოთ ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ მოსამსახურეს მამრობითი სქესის წარმომადგენელი კეთილგანწყობით იღებს და მას ისე მასპინძლობს, როგორც თეთრკანიან ადამიანს. თუ დავაკვირდებით ტენდენციებს, დღევანდელ ვითარებაზეც შეგვიძლია გავავლოთ პარალელი - რასობრივი და გენდერული ჯგუფები დღეს უფრო მისაღები გახდა, ვიდრე წარსულში.

საბოლოოდ, ადამიანები მოლოდინებს იყალიბებენ იმის მიხედვით, თუ რა სტერეოტიპებს უკავშირებენ ამა თუ იმ ჯგუფს. სტრეოტიპების აღმოფხვრა შესაძლებელია კოგნიტური სქემების შეცვლით, თითოეული ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლით. თუკი ადამიანებს როგორც ინდივიდუალურ პიროვნებებს ისე არ მივუდგებით, მაშინ სტერეოტიპები ადვილად მოახდენენ გავლენას ჩვენს აღქმასა და შეფასებებზე.


0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0