x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ინფორმაციის აღმქმელის კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა
image


ხშირად, სხვების შესახებ შთაბეჭდილების შესაქმნელად საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ, ყურადღება შეიძლება მივმართოთ პიროვნების ქცევაზე და გავაკეთოთ ამ პიროვნების შესახებ დასკვნა. ბევრჯერ ჩვენი ყურადღება სრულად არაა ფოკუსირებული პიროვნებაზე, რომლის შესახებაც ვიქმნით შთაბეჭდილებას. იმავდროულად, ჩვენ სხვა ამოცანებიც შესასრულებელი გვაქვს - შეიძლება ვცდილობდეთ, რომ სასურველი თვითპრეზენტაცია მოვახდინოთ, ან ვემზადებოდეთ რაიმეს გასაკეთებლად, ვფიქრობდეთ გუშინდელ ამბავზე და ა.შ.

როდესაც რაიმე საქმიანობით ვართ დაკავებული, სხვა ადამიანების პიროვნულ მახასიათებლებს უფრო მეტად აღვიქვამთ სტაბილურ და მდგრად დისპოზიციებად. როდესაც ვისმენთ პროფესორის მოსაწყენ ლექციას, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ყოველთვის მოსაწყენი და იუმორის არმქონეა, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ის ამგვარი მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაშია. ასეთი ტენდენციების არსებობა განპირობებულია იმით, რომ ადამიანები ხშირად არ ითვალისწინებენ სხვის ქცევაზე მოქმედ გარე ფაქტორებს (Osbourne & Gilbert, 1992; იხ. ასევე Weary, Reich & Tobin, 2001).

ყოველი ჩვენგანი სხვადასხვა რაღაცას ვამჩნევთ სხვა ადამიანებში. ერთი შეიძლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდეს გარეგნულ მომხიბვლელობას, მაშინ როცა სხვა ფოკუსირებული იყოს ინტელექტზე. ერთსა და იმავე პიროვნებას შეუძლია გამოიწვიოს ბევრი განსხვავებული შთაბეჭდილება, ვინაიდან ყველა აღმქმელი დაინტერესებულია პიროვნების სხვადასხვა მახასიათებლით.


ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ სხვებზე, არის მსგავსება. უმეტეს შემთხვევაში მოგვწონს ჩვენ მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა. თუმცა, თუ სხვას აქვს ჩვენი მსგავსი ისეთი მახასიათებელი, რომელიც საკუთარ თავში არ მოგვწონს/გვაშინებს, შეიძლება ფსიქოლოგიურად დისტანცირება მოვახდინოთ მისგან და თავი ავარიდოთ მას (Schimel, Pyszezynski, Greenberg, O’Mahen & Arndt, 2000).

ზოგჯერ ადამიანის შეფასებისას ვიყენებთ იმ მახასიათებლებს, რომლებიც ჩვენს გონებაში ხელმისაწვდომია იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი შესაფასებელ პიროვნებასთან. მაგალითად, თუ ელენმა მიატოვა შეყვარებული იმის გამო, რომ ის ელენის გაკონტროლებას ცდილობდა, ყოველი ახალი ურთიერთობა მან შეიძლება შეაფასოს იმის მიხედვით, თუ რამდენად ცდილობს პარტნიორი მის გაკონტროლებას. საკმაოდ რეზისტენტულია ეს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც სხვების შეფასებისას აქტივირებული (ხელმისაწვდომი) თრეიტი გამოიყენება (Staple, Kooman & Zeelenberg, 1998). ამასთანავე, ელენს პირველ შეყვარებულთან შედარებით, ყველა დანარჩენი შეიძლება ნაკლებად მაკონტროლებელი მოეჩვენოს (Moskowitz & Skurnik, 1999).

ყველა ადამიანი მაშინვე ვერ აკეთებს დასკვნას თრეიტის შესახებ ქცევის საფუძველზე (Tormala & Petty, 2001). ზოგიერთი მთლიანობის თეორიას იზიარებს (entity theorists). მათ სჯერათ, რომ თრეიტები უცვლელია/მდგრადია; ისინი ზოგად თრეიტებზე შეფასებებს აკეთებენ სწრაფად და მათ ქცევების ძლიერ დეტერმინანტებად მიიჩნევენ. სხვები კი ცვლილების/მატების თეორიის მომხრენი (incremental theorists) არიან და მათ სჯერათ, რომ თრეიტები საკმაოდ მოქნილია. მთლიანობის თეორიის მხარდამჭერები ქცევის შესახებ უფრო მკვეთრ დასკვნებს აკეთებენ და ცდილობენ, რომ მიიღონ პიროვნების ქცევის შესახებ თავიანთი თეორიის გასამყარებლად მეტი ინფორმაცია (very, Chiu, Hong & Dweck, 1999). მთლიანობის თეორიის მომხრეები სხვებს უფრო მეტად დისპოზიციების ან თრეიტების ტერმინებში აღიქვამენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თავიანთი თრეიტების კონსისტენტურ ინფორმაციაზე (Plaks, Stroessner, Dweck % Sherman, 2001) და ამჩნევენ ნეგატიურ ქცევას. ისინი უფრო კარგად ახდენენ რასობრივად საორჭოფო სახეების იდენტიფიკაციას; ადვილად ხვდებიან რომელ რასას მიეკუთვნება პიროვნება. ეს იმიტომ, რომ ისინი იმახსოვრებენ პიროვნებას, როგორც კონკრეტული რასის წარმომადგენელს (Eberhardt, Dasgupta & Banaszynski, 2003). ინკრემენტალური (ცვლილების/მატების) ორიენტაციის მქონეები კი უფრო ამჩნევენ და იმახსოვრებენ პოზიტიურ ქცევებსა (Ybarra & Stephan, 1999) და თრეიტის შესახებ შთაბეჭდილების არაკონსისტენტურ ქცევებს (Plaks et al., 2001). მთლიანობის თეორიის მომხრეები სხვების შესახებ შთაბეჭდილებებს იქმნიან საკმაოდ სწრაფად, მათთან ურთიერთობის დაწყებისთანავე. ინკრემენტალური თეორიის მომხრეები კი თავიანთ თეორიებს უფრო მეტად ინდივიდებზე თავიანთი მოგონებების საფუძველზე იყალიბებენ (Tong & Chiu, 2002).

როდესაც სხვების შესახებ შთაბეჭდილებებს ჩვენი შინაგანი მდომარეობის მიხედვით ვიქმნით, შეიძლება შთაბეჭდილებები ტენდენციური იყოს. მაგალითად, ემოციურად აგზნებული ადამიანები, მეტად მოსალოდნელია, რომ შეამჩნევენ ემოციურ ინფორმაციას და გამოიყენებენ მას შთაბეჭდილების ფორმირებისათვის (Halberstadt & Niedenthal, 1997). როდესაც ჩვენი აგზნების დონე მაღალია, განწყობილი ვართ, რომ სხვები აღვიქვათ უკიდურესად მძაფრად (Stangor, 1990). თუ ახლახან დაასრულეთ ჩოგბურთის თამაში და შეხვდით ადამიანს, რომელიც გიწოდებთ სუსტ მოთამაშეს, ამ ფაქტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება იქნება უფრო მძაფრი, ვიდრე მაშინ იქნებოდა, წიგნის კითხვის შემდეგ რომ შეგხვედროდათ ეს ადამიანი.


0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0