x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
კულტურა და კონფორმიზმი
image

კონფორმულობაზე გავლენას კულტურა ახდენს. ინდივიდუალისტური კულტურა, როგორიცაა აშშ და დასავლეთ ევროპა, ხაზს უსვამს პიროვნულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ბავშვის აღზრდისას წახალისებულია ისეთი თვისებები, როგორიცაა თვითდარწმუნებულობა და ასერტიულობა. ბავშვებს დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალება ეძლევათ. ამ კულტურებში კონფორმულობა უარყოფითად აღიქმება. მიჩნეულია, რომ ჯგუფური ზეწოლა და კონფორმულობა საფრთხეს უქმნის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას. კონფორმულობა შეიძლება განხილული იყოს, როგორც პიროვნული ავტონომიურობისა და კონტროლის დაკარგვა. ამის საწინააღმდეგოდ, კოლექტივისტურ კულტურებში, როგორებიც გვხვდება აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში, კონფორმულობას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. კოლექტივისტური კულტურა ხაზს უსვამს სოციალურ ჯგუფებთან კავშირის მნიშვნელობას. მშობლები აქცენტს აკეთებენ შვილების მორჩილებასა და შესაფერის ქცევაზე და პატივს სცემენ ჯგუფურ ნორმებს (Berry, Poortinga, Segalla & Desan, 1992). ამ კულტურებში აქცენტი კონფორმულობის პოზიტიურ ასპექტებზე კეთდება. კონფორმულობა განიხილება არა როგორც სოციალური ზეწოლის შედეგი, არამედ როგორც სხვებთან ურთიერთდაკავშირებისა და განსაზღვრული მორალური პასუხისმგებლობის გამოვლინების საშუალება. მაგალითად, კონფორმულობა კორეულად ნათარგმნია როგორც შინაგანი სიძლიერე და მომწიფება (Kim & Markus, 1999). კოლექტივისტური პერსპექტივიდან, დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ეგოიზმისა და მოუმწიფებლობის გამოხატულებაა. ჯგუფური ნორმებისადმი დაქვემდებარება კი განხილულია, როგორც სასურველი ქცევა და მეტად მნიშვნელოვანი ჯგუფური ჰარმონიისთვის.

კროსკულტურულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური ნორმებისადმი კონფორმულობა კოლექტივისტურ კულტურებში უფრო მაღალია, ვიდრე ინდივიდუალისტურ კულტურებში (Bond & Smith, 1996). ადრეულ კვლევებში ბერი (1967) იყენებდა აშის ხაზების დავალებას – სამ კულტურულ ჯგუფში კონფურმულობის შესადარებლად. მონაწილეები შოტლანდიიდან და ესკიმოსები ბაფინის კუნძულიდან წარმოადგენდნენ ინდივიდუალისტურ კულტურებს, სადაც თვითდარწმუნებულობას აფასებენ. ხოლო მონაწილეები აფრიკული ჯგუფის ტემნეს (Temne) სამიწათმოქმედო კულტურიდან, სადაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციების დაცვას და კონფორმულობას, წარმოადგენდნენ კოლექტივისტურ კულტურას. ყველა მონაწილეს ჰქონდა ნირმალური მხედველობა. როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურული განსხვავებები ნათლად გამოჩნდა. ესკიმოს მონაწილეებთან კონფორმულობა ყველზე ნაკლებად დაფიქსირდა (საშუალოდ 15 ცდიდან არაუმეტეს სამისა). ამ მაჩვენებელს მოსდევდა შოტლანდიელი მონაწილეები (საშუალოდ 4). კონფორმულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენეს ტემნეს ჯგუფის წარმომადგენლებმა (საშუალოდ დახლოებით ცხრა 15 ცდიდან). კონფორმულობაზე ჩატარებული 133 კროსკულტურული კვლევის მეტა-ანალიზმა (Bond & Smith, 1996) დაადასტურა ეს მოდელი – კოლექტივისტური კულტურების წარმომადგენლებთან დაფიქსირდა მნიშვნელოვნად უფრო მაღალი კონფორმულობა, ვიდრე ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლებთან. მეტა-ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ კონფორმულობაზე კულტურულ ღირებულებებს უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ჯგუფის ზომა ან დავალების ორაზროვნება.

თანამედროვე კვლევებში მკვლევრები სწავლობდნენ ამერიკულ და იაპონურ კულტურებს – ხომ არ ქმნიან ეს კულტურები ინდივიდებისთვის განსხვავებულ შესაძლებლობებს დამოუკიდებლობის ან კონფორმულობის გამოსავლენად? (Morling, Kitayama, Miyamoto, 2002). ამერიკული და იაპონური კოლეჯის სტუდენტებს სთხოვდნენ, დაეწერათ პირადი გამოცდილება, რომელშიც ისინი სიტუაციის შესაბამისად მოიქცნენ. მაგალითად, იაპონელმა სტუდენტმა დაწერა: „როდესაც მე საყიდლებზე ჩემს მეგობართან ერთად ვარ და ის რაღაცაზე ამბობს, რომ ლამაზია, მე ვეთანხმები მას, მაშინაც კი, როდესაც ასე არ ვფიქრობ.“ სხვა სტუდენტები აღწერდნენ იმ შემთხვევებს, როდესაც მათ გავლენა მოახდინეს ან შეცვალეს სიტუაცია თავისი სურვილების შესაბამისად. ერთმა ამერიკელმა სტუდენტმა დაწერა: “მე ველაპარაკე ჩემს დას, აღარ შეხვედროდა ერთ ბიჭს, რადგან ვიცოდი, რომ ის არამზადა იყო.“ ორივე ქვეყნის სტუდენტებს ჰქონდა ორივე სახის გამოცდილება, მაგრამ მათი გამოვლენის სიხშირე განსხვავებული იყო. იაპონელ სტუდენტებს უფრო მეტად ახსოვდათ სიტუაციები, როდესაც ისინი სიტუაციის შესაბამისად მოიქცნენ. ამერიკელებმა განსხვავებული ტენდენცია აჩვენეს – მათ უფრო ის სიტუაციები გაიხსენეს, როდესაც დამოუკიდებლად მოიქცნენ.


კიმმა და მარკუსმა (Kim & Markus, 1999) აჩვენეს კონფორმულობისა და უნიკალურობის განსხვავებული კულტურული ღირებულებები აშშ-სა და აზიური კულტურების წარმომადგენლებთან. ერთ კვლევაში მონაწილეები აბსტრაქტულ ფიგურებს აფასებდნენ. აზიელ და აზიური წარმოშობის ამერიკელ მონაწილეებთან შედარებით, ევროპული წარმოშობის ამერიკელები მეტ უპირატესობას ანიჭებდნენ უნიკალურ ფიგურებს. სხვა კვლევაში, სტუდენტებს მოკლე კითხვარის შევსების სანაცვლოდ ერთ ფანქარს სთავაზობდნენ. ისინი ირჩევდნენ ფანქრებს, სადაც უმრავლესობა ერთი ფერის იყო და მხოლოდ რამდენიმე – განსხვავებული ფერის. უნიკალურობისადმი უპირატესობის მინიჭების საზომად ითვლებოდა იმ ფანქრის არჩევა, რომელიც იშვიათი იყო. ამ შემთხვევაშიც, ამერიკელმა სტუდენტებმა უპირატესობა უნიკალური ფერის ფანქრებს მიანიჭეს. და ბოლოს, კორეულ და ამერიკულ ჟურნალებში მოცემული რეკლამების კონტენტ-ანალიზმა დაადასტურა ეს განსხვავება. ამერიკული რეკლამები ხაზს უსვამდნენ თავისუფლებას, არჩევანს, უნიკალურობას და ტრადიციის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. კორეული რეკლამები კი აქცენტს ტრადიციასა და შიდაჯგუფურ ჰარმონიაზე აკეთებდნენ.

ეს კვლევები მიუთითებენ, რომ არსებობს თანმიმდევრობა კულტურულ ღირებულებებსა, რომელსაც ადამიანები სოციალიზაციის პროცესში სწავლობენ, და ზრდასრულობის პერიოდში გამოვლენილ უპირატესობებსა და ქცევით მოდელებს შორის. ამ შედეგების ინტერპრეტაციისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სხვადასხვა კულტურაში კონფორმულობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0