რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს და რატომ სუქდებიან მასზე უარის თქმის შემთხვევაში (+ 2 რეცეპტი: ყველიანი კვერები საუზმისთვის)
საუზმეზე უარის თქმა – ეს იგივეა, მანქანით მგზავრობა, საწვავის ცარიელი ავზით, რომ სცადოთ. სრულფასოვანი საუზმე მხოლოდ ენერგიას კი არ გვაძლევს, კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და შაქრის დიაბეტის II ტიპის განვითარების რისკებს ამცირებს. დილის ტრაპეზა ყველა საჭირო მინერალს, მიკროელემენტს, ვიტამინს და ამინომჟავას შეიცავს. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ძვალ-კუნთოვანი ქსოვილების მდგომარეობას.
კარგი საუზმის შემდეგ, ადამიანები ნაკლებად მგრძნობიარეები არიან სტრესისადმი და უფრო თავშეკავებულები არიან სხვებთან ურთიერთობისას, ნაკლებად ეფანტებათ ყურადღება მუშაობისას, უფრო სწრაფად ფიქრობენ და ადვილად იმახსოვრებენ, მხნეობას მთელი დღის მანძილზე ინარჩუნებენ და ნაკლებად იღლებიან სამუშაოზე.
ადამიანების ერთი ნაწილისთვის, საუზმე ჩვევაა, ხოლო მეორე – მასზე საერთოდ უარს ამბობს. რატომ არ საუზმობენ? ზოგისთვის მიზეზი დროის სიმცირე, წონაში მომატების შიში ან უმადობა არის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი მიზეზებიდან, ყველაზე ხშირად, უმადობას ასახელებენ.
როგორც დიეტოლოგები ამტკიცებენ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც დილაობით უმადობას უჩივის, გაღვიძებიდან, არაუგვიანეს ნახევარი საათისა, ყოველდღიურად ისაუზმებს, 2-3 კვირის შემდეგ, მადა აუცილებლად გაუჩნდება.
რაც შეეხება გასუქების შიშს, ზედმეტი წონის გაჩენა საუზმის გამო, ფაქტიურად შეუძლებელია — ორგანიზმს წინ მთელი დღე აქვს, რომ დილით მიღებული კალორიები დახარჯოს. გვიანი საუზმე ან კალორიული სადილი და ვახშამი, ბევრად უფრო საზიანოა გარეგნობისთვის, ვიდრე საუზმე.
ამას გარდა, ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესის შენელება ხდება. გაღვიძების და საუზმის შემდეგ, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. საუზმის გარეშე კი, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას ხარჯავს. ამასთან, ორგანიზმში არ იქნება ფერმენტები, რომლებიც საუზმობის დროს და მის შემდეგ გამომუშავდება. სხვადასხვა შეფასებით, ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ, მხოლოდ შენელებული მეტაბოლიზმის გამო, წელიწადში 4-7კგ-ს იმატებენ.
არსებობს გასუქების მეორე მიზეზიც: ის ვინც არ საუზმობს, სადილისთვის ისეთი მოშიებულია, რომ საჭიროზე მეტ საკვებს იღებს.
და ბოლოს, ყველაფერში ზომიერების დაცვა არის საჭირო. საუზმე არ უნდა იყოს მეტისმეტად უხვი და კალორიული. თუ, რა თქმა უნდა სპორტით არ ხართ დაკავებული ან მძიმე ფიზიკური სამუშაო არა გაქვთ შესასრულებელი. გარდა ამისა, მეტისმეტად კალორიული საუზმე სიმხნევის ნაცვლად, ძილიანობას იწვევს.
P.S. აქვე გთავაზობთ ყველიანი კვერების მარტივ რეცეპტებს:
1. ყველის კვერები არაჟნით
მასალა:
ყველი (მაგარი, ქარხნული) - 400 გრ.
არაჟანი (20% ცხიმიანობით) - 240 გრ.
კარაქი - 60 გრ.
ცომის გამაფხვიერებელი - 2 ჩ. კ.
პურის სოდა - 0, 5 ჩ. კ.
მარილი - ერთი მწიკვი
ფქვილი - რასაც შეიზელს
კვერცხის გული - 1 ც.
ვანილი
მომზადება:
1. გახეხეთ სახეხზე ყველი და მოათავსეთ ღრმა თასში.
2. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა ახალგაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.
3. ამ მასალას, ჩანგლით ან ხელით, შეაზილეთ ცივი კარაქი.
4. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შეურიეთ გახეხილ ყველს და დაამატეთ არაჟანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.
5. ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.
6. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცალ-ცალკე 2 სმ-ს სისქეზე და გაყავით 8 ნაწილად და დაალაგეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე.
7. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერებს.
8. გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე და კვერები შედგით გამოსაცხობად 20 წუთით.
2. ყველიანი კვერი გულსართით
მასალა:
ყველი (მაგარი, ქარხნული) - 150 გრ.
ხაჭო ( 9 % ცხიმიანობით) - 250 გრ.
კარაქი (დარბილებული) - 150 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.
მარილი - 0, 5 ჩ. კ.
შაქარო - 0, 5 ჩ. კ.
არაჟანი - 1 ს. კ.
კვერცხი - 1 ც. და 1 გული
ფქვილი - რასაც შეიზელს
სეზამი - მოსაყრელად
ვანილი
მომზადება:
1. ერთმანეთ შეურიეთ 1 ჭ. ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი.
2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ხაჭო და კარაქი, დაამატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
3. ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ნაერთი და თხევადი მასა. დაამატეთ ფქვილი იმდენი, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი. დაასვენეთ ცომი 10 წთ.
4. შიგთავსისთვის გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე და დაამატეთ არაჟანი და კარგად
შეურიეთ.
5. ჩართეთ ღუმელი 190°C-ზე.
6. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ისე რომ, ერთი გუნდა მეორეზე დიდი იყოს.
7. ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ კალკაზე, რომელიც თუნუქის ფურცელზე არის მოთავსებული, გააბრტყელეთ პატარა გუნდა და გაანაწილეთ მასზე გულსართი.
8. გააბრტყელეთ მეორე გუნდა, დააფარეთ გულსართიან ფენას და გვერდები ქვემოთ შეუკეცეთ, ისე რომ ყველი არ გამოვიდეს.
9. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერს. ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
20-30 წუთში მზად იქნება.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!
სუპერ დიეტა: ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში!
მიიღეთ ეს ერთი კვირის მანძილზე და შედეგი განგაცვიფრებთ!
წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე