სხვა ვიოლა - «ბაღის ია». ნაწილი I – ქოთნის და ღია გრუნტის სახეობები 2016, 22 სექტემბერი, 10:25 ვიოლა – გვარი იისებრთა (Violaceae) ოჯახიდან. ცნობილია მცენარის 500-მდე, ხოლო ზოგიერთი მონაცემით, 700-მდე სახეობა. ის, უპირატესად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის გავრცელებული — მთებში და ზომიერი კლიმატის რეგიონებში. XIX საუკუნის 20-იან წლებში, სელექციური სამუშაოები ვიოლას ახალი სახეობების შესაქმნელად, მიმდინარეობდა საფრანგეთში და ბელგიაშიც. ამ ქვეყნებში, 20 წლის მანძილზე, თავაუღებელი შრომის შედეგად, უამრავი ახალი ჯიშის და გამაოგნებელი სილამაზის მცენარე გამოიყვანეს. ამ ყვავილის სელექციის საქმეში, ამერიკელებმაც შეიტანეს საკუთარი წვლილი. პორტლენდში, XX საუკუნის დასაწყისში, გამოიყვანეს მცენარის ჯიში, რომლის გვირგვინის დიამეტრი 10-12 სმ-ს აღწევს. ყვავილი ვიოლა – იგივე ბაღის ია, სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, არის ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარე. როდესაც ამ მცენარის სახეობას ირჩევენ, ბაღისთვის ან ქოთნისთვის, ჩვეულებრივ, რამდენიმე სახეობაზე აკეთებენ არჩევანს. ესენია: ვიტროკის ია (Viola Wittrockiana) ვიტროკის (სახელი ბოტანიკოსი ვეიტა ვიტროკის საპატივცემულოდ დაარქვეს) ია ყველაზე პოპულარულია სახეობაა, ბაღისა და სახლის მცენარეების მოყვარულებს შორის. სწორედ მისი თესლი იყიდება ყველაზე ხშირად ყვავილების მაღაზიებში. ვიტორკის ია ჰიბრიდული მცენარეა, რომელიც გამოყვანილია იაჟუჟუნა (Viola tricolor), ალტაის (Viola altaica), ყვითელი (Viola lutea), რქიანი (Viola cornuta) და ზოგიერთი სხვა სახეობის იების შეჯვარებით. ვიტროკის ია ხშირტოტებიანი სწორედ მდგარი ბუჩია და 20-30 სმ. სიმაღლის იზრდება. ფოთლები – მომრგვალო-ოვალური აქვს, მომრგვალებული კბილებით. ყვავილები დიდი – 6-11 სმ. დიამეტრის. არის სხვადასხვა ფერის და ტონის. ყვავილები ყოველთვის ფოთლების თავზე არის განლაგებული და ის იშვიათად არის ერთი ფერის, უფრო ხშირად, აქვს დიდი ზომის ლაქები გვირგვინის ცენტრში და შტრიხები. ტრადიციულად, ითვლება, რომ ვიტროკის ია ორწლოვანი მცენარეა. თუმცა, ნაადრევად დათესვის შენთხვევაში (ზამთრის ბოლოს), ის იმავე წელს გაყვავდება, ზაფხულის სხვა ყვავილებთან ერთად – მაისში ან ივნისში. ხოლო შემოდგომაზე დათესვისას – ის მომდევნო წელს, ადრე გაზაფხულზე ყვავის.
როკოკო – აქვს უჩვეულო, დაგოფრილი ყვავილები, რომელთა ზომა 6 სმ-ია. გამოირჩევა კაშკაშა ფერებით, რასაც ემატება მკვეთრი შტრიხები და მუქი ლაქებით. ბამბინო – მკვეთრი ფერის, უხვყვავილიანი მცენარეა. ყვავილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ძალიან ბევრია ნაზი, პასტელის ტონებში – ღია ცისფერი, ვარდისფერი, ღია იასამნისფერი, ბეჟი. ყვავილის ცენტრალურ ნაწილში აუცილებლად არის თეთრი ან ყვითელი «პეპელა». ყვავილი საკმაოდ დიდი ზომის არის, დაახლოებით 6 სმ-მდე დიამეტრის. დიდებული გიგანტი სერიიდან F1 (Majestic Giants Series F1) – მცენარემ ასეთი სახელი, მისი 9-10 სმ. დიამეტრის გიგანტური ყვავილის გამო მიიღო. ყვავილი, ზომის გარდა, კაშკაშა ფერებით და ცენტრში ფაფთის მაგვარი ლაქებითაც იქცევს ყურადღებას. კიდევ უფრო შთამბეჭდავი ზომა აქვს (11სმ.) ამ სერიის შემდეგ თაობას – Super Majestic Giants Series F1. უილიამსის ია (Viola williamsii) უილიამსის ია – ორწლოვანი ჰიბრიდია, მისი ღეროები 30 სმ-მდე იზრდება, ხოლო ყვავილი, არც თუ ისე დიდი ზომის – 3-4 სმ. დიამეტრია. ფერი – კაშკაშა, აქვს მკვეთრად გამოხატული შტრიხები. ბუჩქისებური ჯიშის გარდა, არის ასევე ამპელური (გადმოკიდებული) ჯიშის მცენარეებიც.
პოპულარული ჯიშები: «მარგალიტის ჩანჩქერი» – ამპელური ია, უამრავი თეთრ-ლურჯი ყვავილებით. აქვს სასიამოვნო სურნელი. «ბენგალური ცეცხლი (შუშხუნა)» – ესეც ამპელური მცენარეა, აქვს ბორდოსფერი ყვავილი, ყვითელი «პეპლით». «ქარვის კოცნა» – ბუჩქოვანი მცენარეა, რომელსაც შეუძლია ბრინჯაოსფერი ყვითელი ხალიჩის შექმნა. «გაყინული შოკოლადი» – ბუჩქოვანი ფორმა აქვს, რომელიც სწრაფად იზრდება სიგანეში; აქვს პატარა ზომის ყავისფერი ყვავილები, ყვითელი გულით და მუქი შტრიხებით. სორორიას ია (Viola sororia) სორორიას ანუ პეპლისებური ია – მრავალწლოვანი ბუჩქოვანი სახეობაა, სიმაღლე, დაახლოებით 20 სმ. აქვს. პირველი ყვავილები აპრილ-მაისში იშლება, ხანდახან, მეორედ – ზაფხულის ბოლოს. ეს პატარა, კომპაქტური ბუჩქებია, გულის ფორმის ფოთლებით და პატარა 2, 5 სმ. დიამეტრის ყვავილებით. სახეობა ძირითადად წარმოდგენილია ლურჯი, იისფერი, ცისფერი და თეთრი ყვავილებით. პოპულარული ჯიშები: Ruba – აქვს მოლურჯო იისფერი ყვავილები; Freeckles («ჭორფლები») – თეთრი ფერის ყვავილები ცისფერი წერტილებით; Albiflora – თეთრი ყვავილები დამატებითი წერტილების, ლაქების და შტრიხების გარეშე. იაჟუჟუნა (Viola tricolor) სამფერა, იგივე იაჟუჟუნა – ბალახოვანი მცენარეა, უპირატესად, ველური ჯიშებით არის ცნობილი. გვხვდება ხეობებში და მდელოებზე. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ველურ იას. ითვლება, რომ იაჟუჟუნა 1 ან 2 წლოვანი მცენარეა, თუმცა, რეალურად, უფრო დიდ ხანსაც შეუძლია «ცხოვრება». ყვავილობის პერიოდი – აპრილიდან სექტემბრამდე აქვს. რქიანი ია (Viola cornuta) რქიანი ია – მრავალწლოვანი მცენარეა ბაღებისთვის. მაგრამ! ყინვაგამძლეობა მის ჯიშზე არის დამოკიდებული. სახეობის ჯიში ზამთარს კარგად იტანს, ხოლო ჰიბრიდული, შესაძლებელია ზამთარში გაიყინოს და აღარ ამოვიდეს. ამ სახეობის იას პატარა ზომის ყვავილები აქვს, რომლის დიამეტრი 3-5 სმ. არის. სახეობის მცენარეები ღია ფერებით გამოირჩევა. არის ცისფერი, ლურჯი იისფერი – ყვითელი თვალით ცენტრში, ხოლო ჰიბრიდული ჯიშები უფრო მკვეთრი და მრავალფეროვანი შეფერილობის არის: თეთრი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, წითელი. ყვავილებს ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს. ამ სახეობის ია მთელი სეზონის მანძილზე ყვავის: აპრილიდან – პირველ ყინვამდე. კარგად მრავლდება თესლის ჩაბნევით, დაფესვიანებით, ზოგიერთი ჯიში – ბუჩქის გაყოფით. ია უნდა დაითესოს შემოდგომაზე ან დაირგას ადრე გაზაფხულზე, ნერგების სახით. რქიანი იის ჯიშები: Alba – ქათქათა თეთრი ყვავილებით; Boughton Blue – ღია ცისფერი ყვავილები, თეთრი გულებით; Columbine – თეთრ-იისფერი ყვავილები, კაშკაშა ყვითელი თვალებით; Etain – თეთრ-ყვითელი ყვავილები იისფერი კიდეებით; Hansa – მუქი იისფერი ყვავილები; სურნელოვანი ია (Viola odorata) სურნელოვანი ია – მრავალწლოვანი მცენარეა, სასიამოვნო არომატით. ამის გამო, იის ეს სახეობა, სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების შექმნისას გამოიყენება. არის მისი დეკორატიული ანუ კულტივირებული სახეობებიც. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ჰიბრიდული ჯიშების გაველურება ხდება. სურნელოვან იას მომრგვალებული ფოთლები აქვს, კბილოვანი კიდეებით. ყვავილი პატარა, დაახლოებით, 2 სმ-ს დიამეტრის არის. სახეობის ჯიშის ფერი იისფერი, ლურჯი და თეთრი შეიძლება იყოს, ხოლო კულტივირებული – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და მეწამური. ყვავდება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, შესაძლებელია, ზაფხულის ბოლოს, მეორედაც გაყვავდეს. სურნელოვან იას, ჩვეულებრივ, პატარა ზომის ბიჩქი აქვს, მაგრამ რამდენიმე ძირის ერთად დარგვის შემთხვევაში, ძალიან ლამაზი და კარგად მოზრდილი ბუჩქი მიიღება. სურნელოვანი ია კარგი გაფორმებაა ღია აივნების, ყვავილნარების, ბორდიურების და მიქს ბორდიურებისთვის. სურნელოვანი იის ყველაზე პოპულარული ჯიშები: Соеur d’Alsace – ვარდისფერი (ორაგულის ფერი) ყვავილები, ძალიან სურნელოვანია; Alba – უბრალო თეთრი ყვავილები, დახვეწილი არომატით;Ashvale Blue – დიდი ხავერდოვანი ყვავილები ცისფერი ლაქებით კიდეებზე;
Marie Louise – ცისფერი ხავერდოვანი ყვავილები თეთრი ცენტრით და ძლიერი არომატით; Lydia Groves – ცალკეული დიდი ვარდისფერი ყვავილები, ტკბილი არომატით; La France – მარტივი აგებულების დიდი იისფერი ყვავილები;1568 8-ს მოსწონს
|