ელისო ჯანაშია:*შვილებს მამინაცვალი როგორ მიუყვანა *მანიაკს რამ გააყოლა *რომ არ ურიგდებოდა, გამწარდა...
TSpress.ge-ს დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :
*შვილებს მამინაცვალი როგორ მიუყვანა
*მანიაკს რამ გააყოლა
*რომ არ ურიგდებოდა, გამწარდა...
*შერიგებოდა, იქნებ კაცს როგორ უყვარდა და იტანჯებოდა...
ამის მთქმელები არ გეგონოთ სადმე შორს ცხოვრობენ, ჩვენს ირგვლივ არიან, თავი მოწონთ საკუთარი მორალისტობით, მაღალზნეობრიობითა და დაყენებული იმიჯებით ეს ადამიანები დადიან ეკლესიებში, უკეთიათ ნაკურთხი ჯვრები, მანქანები და სახლებიც ნაკურთხი აქვთ, იცავენ მარხვებს, იწერენ პირჯვარს, ხელზე კოცნიან თავიანთ მამაოებს, ბარბარობაზე ლობიანებს აცხობენ, ხარებაზე თევზით ხსნილობენ, შობის დღეს გურულ ღვეზელებსაც აცხობენ, ცუდ სიტყვებსაც კი არ ხმარობენ გარეთ...
ეს ადამიანები ყველაზე კარგად თამაშობენ უმწიკვლოებასა და სათნოებს. ადვილად კიცხავენ სხვა ადამიანებს, იოტისოდენას არ პატიობენ. ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ, არც სქესი, არც სინდისი, არც სიყვარული, არც პატივისცემა, არც სიბრალული, არც რაიმე გრძნობა, თანაგრძნობა, განცდა ადამიანური. ეს ადამიანები ყველაზე საშიშები არიან.
ეს ადამიანები, როცა ყველაზე მეტად გიჭირს ცხოვრებაში მაშინ ჩნდებიან და გსრესენ, გესლს განთხევენ, გამარჯვებული იერით დაგყურებენ ზემოდან, ყველაფერში შენ გადანაშაულებენ, მოსამართლეებიც არიან და პროკურორებიც... ღმერთობასაც კი ითავსებენ შიგადაშიგ!
ეს ადამიანები ზრდიან მერე მისნაირებს, რომლებიც მანიაკებად ყალიბდებიან და შეუძლიათ ადამიანს შვილი მოუკლან პატარა შვილების თვალწინ...
მერე ასეთივე ადამიანებს, შეუძლიათ ასეთ მანიაკი გაამართლონ რაღაც წარმოუდგენელი მიზეზებით.
"ქვებო, ქვებო, იყავით ადამიანურები! ჩვენ ამისათვის არასაკმარისად გულქვანი ვართო! - ერთ-ერთი სკანდინავიური საგიდან მახსოვს ეს ფრაზა
ქვებზე უფრო გულქვა ადამიანები ყველაზე მეტად მეზიზღებიან და მაშინებენ, რადგან ისინი ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ და არ ვიცით, როდის საიდან მოდის ხოლმე საფრთხე და არც ის ვიცით, როგორ დავაღწიოთ თავი მათ!"