x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
წითელი ჯვრის აქცია - უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები დედოფლისწყაროში
image


დედოფლისწყაროს წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკაში ოფთალმოლოგმა ავთანდილ სალუქვაძემ პირველი პაციენტები მიიღო. თბილისიდან ჩამოსულმა ექიმმა ადგილობრივ პაციენტებს უფასო გამოკვლევები და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწია და დანიშნულებაც მისცა. წითელი ჯვრის კლინიკაში დედოფლისწყაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველები უკვე სარგებლობენ რადიოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის, გინეკოლოგისა და ლაბორანტის უფასო მომსახურებით.



„როდესაც სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ჩემი მოღვაწეობის კრედო იქნებოდა პაციენტებზე უანგარო ზრუნვა. ვინც ვერ მოვა ჩემთან, მე მივალ მასთან და არ ავიღებ საფასურს - ასეთია საკუთარ თავთან დადებული პირობა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვასრულებ და იგივეს გავაკეთებ თქვენს მუნიციპალიტეტშიც. მომავალში ვგეგმავთ სოფლებში ჩასვლას და პაციენტების ადგილზე გამოკვლევას“ - აცხადებს ავთანდილ სალუქვაძე. მისივე განმარტებით, იაპონური სამედიცინო აპარატურა, რომელიც მას დედოფლიწყაროში დახვდა, უმაღლესი ხარისხისაა და რეგიონებში ასეთი ტექნიკა დიდ იშვიათობას წარმოადგენს.


ოფთალმოლოგი დედოფლისწყაროს 28 მარტსაც ეწვევა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და სხვა მსურველებსავ მთელი დღის განმავლობაში იგივე მისამართზე, წითელი ჯვრის შენობაში მოემსახურება.



დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში მცხოვრები 7 წლის გოგონა, რომელიც დედამ გამოკვლევაზე მოიყვანა თვალების ტკივილს დიდი ხანია უჩივის. მშობლის განმარტებით, ბავშვი სათვალესაც ხმარობდა, თუმცა გაუტყდა და ფინანსური სიდუხჭირის გამო მისთვის ახალი სათვალის შეძენა ვეღარ შეძლეს.


„დიდი ხანია ბავშვი ითხოვს თვალის ექიმთან ვიზიტს, თუმცა ვერ მოვახერხეთ თბილისში წაყვანა. არადა მუდმივად აღნიშნავს, რომ უჭირს და ექიმთან უნდა. როცა გავიგეთ, რომ ადგილზე ჩამოვიდოდა კვალიფიციური ექიმი, რომელიც უფასოდ იღებს მოქალაქეებს და ასევე უსასყიდლოდ ჩაგვიტარებდა გამოკვლევებს, ძალიან გაგვიხარდა. თბილისში სიარული დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს და როცა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შენივე რაიონში, ჩაიტარებ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, დღევანდელ რთულ ცხოვრებაში ეს ნამდვილად დიდი შეღავათია. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციას. ეს აქცია ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა ჩვენთვის და ამიტომ სიხარულით მოვედით. მისი დანიშნულებითაც კმაყოფილი ვარ. ექიმმა ყველაფერი გამოიკვლია და სათვალეც მოარგო. მისი დანიშნულებით გამოწერილ სათვალეს შევუძენთ. ვეცდებით ისევ მიეჩვიოს სათვალის ტარებას. გაგვაფრთხილა, რომ პრობლემა სერიოზულია და მიგვითითა, წელიწადში ორჯერ გავაკონტროლოთ მისი მდგომარეობა, “ - აღნიშნა მოზარდის დედამ.


ოფთალმოლოგის ვიზიტით კმაყოფილებას გამოხატავდნენ სხვა პაციენტებიც, რომელთა მდგომარეობაც ასევე რთული იყო.


„ათ წელზე მეტია დიაბეტი მაქვს, რამაც სხვადასხვა გართულებები გამოიწვია. 5 წლის წინ მოულოდნელად თვალის ბადურების ჩამოშლა დამიდგინეს. ჯერ დედოფლისწყაროში ვმკურნალობდი, შემდეგ თელავში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამით დრო დავკარგე და ვითარება გამიუარესდა. ადგილზე არასწორი მკურნალობის გამო შედეგი სავალალო აღმოჩნდა და ორივე თვალიდან მხედველობა დავკარგე. შემდეგ თბილისში ოპერაცია გავიკეთე და ერთ თვალში ხელოვნური ბროლი ჩამისვეს, რის შედეგადაც მარჯვენა თვალში 9%-იანი მხედველობა დამიბრუნდა. მეორე თვალს ხელიც არ მოკიდეს, იმდენად დაგვიანებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის დროს გარანტია არ მომცეს, აღმოჩნდა, რომ დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც დამიბრუნეს მხედველობა. გამაფრთხილეს, რომ შესაძლოა დროთა განმავლობაში ეს 9 პროცენტი კიდევ შემცირებულიყო, ამიტომ პერიოდულად კონსულტაციებსა და გამოკვლევებზე თბილისში სიარული მიხდება. ტრანსპორტირებისა და სხვა გამოკვლევების ხარჯებსა თუ მედიკამენტების მაღალ ფასებზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ კონსულტაცია 95 ლარი ღირს, ამას გარდა უზარმაზარ რიგში დგომა მიხდება, ამიტომ ხშირად დროულად წასვლა ვერ მიხერხდება. ამჯერადაც, მთელი ზამთარია ვგეგმავდი გამოკვლევებზე წასვლას, მაგრამ ხან უამინდობა მაფერხებდა, ხან სხვა ხელის შემშლელი გარემოებები იყო. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ კვალიფიციური ოფთალმოლოგი დედოფლისწყაროში ჩამოდიოდა. გამიხარდა და მოვედი. აღმოჩნდა, რომ აქ არსებული აპარატურაც იმდენად ხარისხიანია, რომ თბილისში წასვლის აუცილებლობა სულაც აღარ მაქვს. აქ სათანადო პასუხი მივიღე. გავიგე ისიც, რომ ამჟამად 8%-იანი მხედველობა მაქვს და ბროლის მდგომარეობა საუკეთესოა. ხელოვნური ჩარევა აღარ მჭირდება, წლების გასვლის შემდეგ თვალი ისევ კარგ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვნად გამიმარტივდა ეს კონსულტაცია. ამ დრომდე ხუთი წელი ისე გავიდა, სათვალე საერთოდ არ დაუნიშნიათ, ამჯერად კი ამ ექიმმა რეკომენდაცია მომცა, რომ სათვალეც ვატარო. შემამოწმა და აღმოჩნდა, რომ სათვალე ოდნავ კიდევ გააუმჯობესებს მხედველობას და შესაბამისი სათვალე გამომიწერა. ვაპირებ, სათვალე დავამზადო და გამოვიყენო. ექიმის განმარტებით, ვითარების გაუმჯობესების იმედი აღარ არის, თუმცა უნდა ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ არსებული მხედველობა შევინარჩუნო და მაქსიმალურად გავიხანგრძლივო, “ - აღნიშნა ელზა ჩერქეზიშვილმა.


ასე რომ, მათ ვინც ამ სიკეთით ვერ ისარგებლა, შეუძლია 28 მარტს დაგეგმილ ვიზიტს დაელოდოს და წითელი ჯვრის ოფისს ეწვიოს.


image

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0