სასუფეველში ვერ შევა, ვისაც ცხოვრებაში ტკივილის და ტანჯვის მეტი არაფერი განუცდია
ქალი ძალიან ცუდად იყო და მასთან სიკვდილი მივიდა. როდესაც ქალმა ის დაინახა, გაუღიმა და უთხრა, რომ მზად იყო.
— მზად რისთვისა ხარ? – ჰკითხა სიკვდილმა.
— მზად ვარ, რომ ღმერთმა თავისთან, სამოთხეში წამიყვანოს! – უპასუხა მან.
— და რატომ გადაწყვიტე, რომ ღმერთი თავისთან წაგიყვანს?
— აბა, როგორ? იმდენი ტანჯვა გამოვიარე, რომ ნამდვილად დავიმსახურე სიმშვიდე და ღმერთის სიყვარული – უპასუხა ქალმა სიკვდილს.
— რისგან იტანჯებოდი? – დაინტერესდა სიკვდილი.
— როდესაც პატარა ვიყავი, მშობლები ყოველთვის უსამართლოდ მსჯიდნენ: მცემდნენ, კუთხეში მაყენებდნენ, მიყვიროდნენ, – თითქოს რამე საშინელება მქონდა ჩადენილი. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, თანაკლასელები მასხარად მიგდებდნენ და მამცირებდნენ. შემდეგ გავთხოვდი და ქმარი მუდმივად სვამდა და მღალატობდა. შვილები კიდევ სხვა თემაა, პირდაპირ სული გამიმწარეს და ალბათ, დასაფლავებაზეც არ მოვლენ... როდესაც ვმუშაობდი, ჩემი უფროსი ყოველთვის მიყვიროდა, ხელფასს მიკავებდა, დასვენების დღეებში მამუშავებდა და შემდეგ, ისე დამითხოვა, რომ ბოლო ხელფასი არ გადაუხდია. მეზობლები გამუდმებით ჭორაობდნენ ჩემზე, ამბობდნენ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ვიყავი...
— და კარგი რა გაგიკეთებია ცხოვრებაში? – ჰკითხა სიკვდილმა.
— ყველა ადამიანისადმი კეთილი ვიყავი, ეკლესიაში დავდიოდი, ვლოცულობდი, ყველაზე ვზრუნავდი, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებდი, რომ სხვებისთვის ყოფა შემემსუბუქებინა. ამ ქვეყნისგან იმდენი ტკივილი განვიცადე, რომ სამოთხე ნამდვილად დავიმსახურე…
— კარგი… – უპასუხა სიკვდილმა – ყველაფერი გავიგე. ერთი უბრალო ფორმალობა დარჩა, – შეთანხმებას უნდა მოაწერო ხელი და პირდაპირ სამოთხეში მოხვდები.
სიკვდილმა მას ფურცელი გაუწოდა, რომელზეც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა. ქალმა ფურცელს დახედა და ისე შეცბა, თითქოს ცივი წყალი გადაავლეს. შემდეგ კი, სიკვდილს უთხრა, რომ ხელს ვერ მოაწერდა ფურცელზე, რომელზეც ეწერა: «ყველას ვპატიობ, ვისაც ჩემთვის უწყენინებია და ვთხოვ პატიებას, ვისაც მე ვაწყენინე».
— რატომ არ შეგიძლია სხვების პატიება და ბოდიშის მოხდა? – ჰკითხა სიკვდილმა.
— იმიტომ, რომ ისინი არ იმსახურებენ ჩემს პატიებას. თუ მათ ვაპატიებ, მაშინ გამოვა, რომ არაფერი ყოფილა და ისინი თავიანთ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ. ხოლო, მე, ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი… ცუდი არავისთვის არაფერი გამიკეთებია!
— მაგაში დარწმუნებული ხარ? – ჩაეკითხა სიკვდილი.
— აბსოლუტურად!
— რას გრძნობ მათდამი, ვინც ამდენი ტკივილი მოგაყენა? – ჰკითხა სიკვდილმა.
— ვგრძნობ რისხვას, ბრაზს, წყენას! უსამართლობაა, რომ ყველაფერი უნდა დავივიწყო და მეხსიერებიდან ამოვშალო ის ბოროტება, რომელიც ხალხმა ჩემ მიმართ ჩაიდინა!
— და რა იქნება, რომ აპატიო და ამ გრძნობებისგან გათავისუფლდე? – ჰკითხა სიკვდილმა
ქალი დაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა:
— მაშინ გულში სიცარიელის შეგრძნება გამიჩნდება!
— შენ ამ სიცარიელეს ყოველთვის გრძნობდი და ეს სიცარიელე აუფასურებდა შენს ცხოვრებას. ხოლო, ის გრძნობა რომელსაც ახლა განიცდი, შენს სიცოცხლეს აზრს აძლევდა. ახლა კი მიპასუხე, რატომ განიცდი სიცარიელეს?
— იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ისინი, ვინც მე მიყვარდა და ვის გამოც ვცხოვრობდი, დამაფასებდნენ. მაგრამ, მათ იმედები გამიცრუეს. მე საკუთარი სიცოცხლე შვილებს, ქმარს, მშობლებს და მეგობრებს მივუძღვენი. მათ კი ეს არ დამიფასეს, – უმადურები აღმოჩნდნენ!
— ვიდრე ღმერთი თავის შვილს დაემშვიდობებოდა და დედამიწაზე გამოუშვებდა, ერთი ფრაზა უთხრა, რომელიც მას ცხოვრების შეცნობაში უნდა დახმარებოდა...
— რომელი? – ჰკითხა ქალმა.
— სამყარო შენით იწყება...!
— და ეს რას ნიშნავს?
— ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, პასუხისმგებელი თავად ხარ! დაიტანჯო, თუ ბედნიერი იყო, შენი ასარჩევია! ახლა ამიხსენი, ვინ განგაცდევინა ამდენი ტკივილი?
— გამოდის, რომ მე თავდა… — ხმა აუკანკალდა ქალს.
— აბა, ვის ვერ აპატიებ?
— ჩემს თავს? – უპასუხა ატირებულმა ქალმა.
— საკუთარი თავის პატიება – შეცდომის აღიარებას ნიშნავს! საკუთარ თავს თუ აპატიებ – ამით საკუთარ არასრულყოფილებას აღიარებ და მიიღებ! შენ თავად მიაყენე შენს თავს ტკივილი და ამაში მთელ სამყაროს ადანაშაულებ. ამბობ, რომ შენს პატიებას არ იმსახურებენ… და გინდა, რომ ღმერთმა სიყვარულით მიგიღოს?! რა გგონია, ღმერთი საუფევლის კარს შენნაირ ტანჯულებს და დაბოღმილ ადამიანებს გაუღებს?! ფიქრობ, რომ მან სრულყოფილი ადგილი შენნაირებისთვის შექმნა? როდესაც შენ შექმნი საკუთარ სამოთხეს, რომელშიც პირველ რიგში შენ და შემდეგ სხვებიც კარგად იგრძნობენ თავს, მაშინ დააკაკუნე ღვთის სასუფევლის კარზე. ახლა კი, ღმერთის ნებით, დედამიწაზე გაბრუნებ, რომ ისეთი სამყაროს შექმნა ისწავლო, რომელშიც მხოლოდ სიყვარულს და ზრუნვას ექნება ადგილი. დაბრუნდი უკან და ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა, ჯერ თავზე იზრუნე და შემდეგ ყველაზე, ვინც შენს სამყაროში იქნება. მანამდე კი, უმეცრობისთვის, საკუთარ თავს მოუხადე ბოდიში და აპატიე მას!
ქალმა თვალები დახუჭა და თავიდან დაიწყო გზის გავლა... მაგრამ, უკვე სხვა სახელით და სხვა მშობლებთან ერთად.