x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნოსტალგია (ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაცვალეს მაცივარი ზღარბში)

image

მამა 40 წლის იყო, ალექსანდრე — 9 წლის, ხოლო ზღარბი — უფრო ნაკლების. ალექსანდრემ სახლში ქუდში ჩასმული ზღარბი მიიყვანა და დივნისკენ გაიქცა, რომელზეც მამა იწვა და გაზეთს კითხულობდა. ბავშვს ბედნიერებისგან სუნთქვა ეკვროდა და როდესაც მამასთან მივიდა, ძლივს დაიყვირა:
— მამა, ნახე, ნახე...!

მამამ გაზეთი გვერდით გადადო და ზღარბს დააკვირდა. ის ცხვირაბზეკილი და საკმაოდ სიმპათიური იყო. გარდა ამისა, მამა ყველანაირად ცდილობდა, შვილის ცხოველებისადმი სიყვარული წაეხალისებინა და თავადაც ძალიან უყვარდა ისინი. ამიტომ, ზღარბის შეთვალიერების შემდეგ, შვილს უთხრა:
— კარგი ზღარბია! სიმპათიური! შენ საიდან გყავს?
— ბიჭმა მომცა ეზოში, — უპასუხა ალექსანდრემ.
— გაჩუქეს, ე. ი.? — დააზუსტა მამამ.
— არა, გავცვალეთ, — უპასუხა ბავშვმა. — მან, ზღარბი მომცა, მე კი ბილეთი მივეცი.
— რა ბილეთი?
— ლატარიის, — თქვა პატარა ალექსანდრემ და ზღარბი იატაკზე გაუშვა. — მამა, მას რძე უნდა მივცეთ...
— მოიცადე, რა დროს რძე არის?! — ხმის ტონი გაუმკაცრდა მამას. — ლატარიის ბილეთი საიდან გქონდა?
— ვიყიდე, — უპასუხა ბავშვმა.
— სად?
— ქუჩაში, ერთი კაცისგან… მას ბევრი ასეთი ბილეთი ჰქონდა… უი, მამა, ზღარბი დივნის ქვეშ შეძვრა…
— მოიცადე, ცოტა ხნით თავი დაანებე მაგ ზღარბს! — თქვა განერვიულებულმა მამამ და ბავშვი გვერდით მოისვა. — ლატარიის ბილეთი როგორ მიეცი ბიჭს?.. იქნებ იმ ბილეთმა რამე მოიგო?
— მოიგო, — თქვა ალექსანდრემ, რომელიც ზღარბზე დაკვირვებას აგრძელებდა.
— როგორ თუ მოიგო? — ჩუმად იკითხა მამამ და ცხვირზე ოფლმა დაასხა. — რა მოიგო?
— მაცივარი! — თქვა ბავშვმა და გაიღიმა.
— რაა?! — მამა რაღაც უცნაურმა კანკალმა აიტანა. — მაცივარი?!.. რა სისულელეს ამბობ?.. საიდან იცი?!
— როგორ, თუ საიდან? — ეწყინა ალექსანდრეს. — გაზეთში ვნახე… ციფრებიც დაემთხვა და სერიაც!.. მე უკვე ვიცი ბილეთების შემოწმება! უკვე დიდი ვარ!
— დიდი?! — მამამ ისეთი ხმით გამოსცრა ეს სიტყვა კბილებს შორის, რომ ზღარბმა, რომელიც დივნის ქვეშიდან ახალი გამომძვრალი იყო, შიშისგან გორგლის ფორმა მიიღო. — დიდი?!.. მაცივარს ზღარბში ცვლი და დიდი ხარ?
— მმმ.., ვიფიქრე — შეშინებულმა ბავშვმა დაიწყო, — ვიფიქრე, რომ ჩვენ მაცივარი უკვე გვქონდა, ხოლო ზღარბი არა…
— გაჩუმდი! — დაიყვირა მამამ და წამოხტა. — ვინ?! ვინ არის ის ბიჭი?! სად არის?!
— მეზობელ სახლში ცხოვრობს, — უპასუხა ალექსანდრემ. — მას სერგო ჰქვია…
— წამოდი! — ისევ დაიყვირა მამამ.

ის ზღარბს შიშველი ხელით სწვდა, აიტაცა, მეორე ხელი ბავშვს ჩაავლო და კარისკენ წაიყვანა.

— წამოდი ჩქარა!!
— არ წამოვალ, — წამოიძახა ატირებულმა ბავშვმა. — არ მინდა მაცივარი, ზღარბი მინდა!
— წამოდი, წამოდი, — ამოიხვნეშა მამამ. — ოღონდ ბილეთი დავიბრუნოთ და 100 ცალ ზღარბს გიყიდი…
— არა… — ტიროდა ბავშვი. — არ მიყიდი… სერგოს ისედაც არ უნდოდა გაცვლა, ძლივს მოველაპარაკე…
— როგორც ჩანს, ისიც ძალიან ჭკვიანი ყოფილა! — ბრაზის მიუხედავად, გაეცინა მამას. — დროზე, წამოდი!..
სერგო ალექსანდრეზე ერთი წლით უმცროსი იყო. ის ეზოში იდგა და შიშით უყურებდა კაცს, რომელსაც ერთი ხელით ალექსანდრე მოჰყავდა, ხოლო მეორეში ზღარბი ეჭირა.
— სად? — მისული არ იყო, ისე იკითხა კაცმა. — ბილეთი სად არის? აიღე შენი ეკლიანი ცხოველი და ბილეთი მომეცი!
— არა მაქვს! — თქვა სერგომ და აკანკალდა.
— აბა სად არის?! რა უყავი?
— თვითმფრინავი გავაკეთე, — ჩაიჩურჩულა და ატირდა ბავშვი.
— ნუ ტირი! — კაცი შეეცადა, უფრო მშვიდად ესაუბრა ბავშვთან. — ნუ ტირი ბიჭუნა… ე. ი. თვითმფრინავი გააკეთე. და სად არის?.. სად?..
— კარნიზზე (ლავგარდანი, არშია) გაიჭედა… — თქვა მან.
— რომელ კარნიზზე?
— აი იქ! — და ბავშვმა მეორე სართულის კარნიზისკე გაიშვირა ხელი.

მამამ ლაბადა გაიხადა და წყალსადენის მილით დაიწყო ზემოთ ასვლა.
ბავშვები ქვემოდან აღფრთოვანებულები ადევნებდნენ მას თვალს.
მამა ორჯერ ჩამოსრიალდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა მისწვდა პატარა, ყვითელი ქაღალდისგან გაკეთებულ თვითმფრინავს, რომელიც ცოტა სველიც იყო.

მიწაზე ჩამოსულმა კაცმა გაშალა თვითმფრინავი და ნახა, რომ ბილეთი 2 წლის წინ იყო გამოშვებული.
— ეს ბილეთი როდის იყიდე? — ჰკითხა მან შვილს.
— მეორე კლასში რომ ვიყავი, — უპასუხა ბავშვმა.
— და როდის შეამოწმე?
— გუშინ.
— ეს სხვა ტირაჟია… — უთხრა გადაქანცულმა მამა.
— მერე რა? სამაგიეროდ ყველა ციფრი ემთხვევა…

მამა გვერდით გავიდა და იქვე, სკამზე ჩამოჯდა.
მას გული ჰქონდა აჩქარებული, ხოლო თვალებში ნარინჯისფერი წრეები ესახებოდა… მან თავი მძიმედ დახარა და ასე იჯდა ერთი პერიოდი.
— მამა, — ჩუმად უთხრა ალექსანდრემ. — არ მოიწყინო! სერგომ თქვა, რომ ზღარბს მაინც მომცემს…
— მადლობა! — თქვა მამამ. — მადლობა, სერგო…

კაცი ადგა და სახლისკენ წავიდა... და უეცრად სევდა შემოაწვა. ის მიხვდა, რომ ვეღარასდროს დაიბრუნებდა იმ ბედნიერ დროს, როდესაც მაცივრის ზღარბზე გაცვლა, ასე უბრალოდ, ზედმეტი ფიქრის გარეშე, შეეძლო.

0
172
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0