საქართველო რა რაოდენობის ტერიტორიის მიტაცებაა საჭირო სრული ბედნიერებისთვის? 2018, 11 მარტი, 15:11 მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს მიყვარს რუსები, ღვთის მადლით არავინ მძულს, რისთვისაც უფალს ვუმადლი მხოლოდ. თუმცა, ამავე დროს, ვგმობ რუსეთში არსებულ აგრესიულ და დამპყრობლურ პოლიტიკას, რომელსაც დესტრუქცია შეაქვს ყველგან, სადაც კი ფეხს დადგამს. ისტორიაში ღრმად რომ არ შევიჭრათ, დღეს სირიაში განვითარებული მოვლენებიც კმარა მაგალითისთვის! ჩემს ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში, რუსეთის სისხლიან პოლიტიკას ბოლო ორ დეკადაზე მეტია ადამიანები ეწირებიან.
30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მდგომი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან. კონფლიქტის თავიდან აციილების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია, თუმცა მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე - რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში (არსებობს ვიდეო მასალა). აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას, თავის არეში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საქმეზე, მისი ოჯახის სახელით, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
სულ ახლახანს, საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გახდა. ის რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლო, რაც თარგმანში მაჩაბელის მამულს ნიშნავს) დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში ცემით მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს უკვე ორ კვირაზე მეტია ითხოვს მისი ოჯახი, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
ჩრდილოელო მეზობლებო, მგონი დროა გაიგოთ, რომ 21–ე საუკუნეში თქვენი სამშობლო, სხვისი კუთვნილი ტერიტორიების მიტაცების მიზნით, უამრავ დანაშაულს სჩადის, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, წაახალისებს კრიმინალებს და ხელს ახოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.
მაინც, რა რაოდენობის ტერიტორიის მიტაცება არის საჭირო სრული ბედნიერებისთვის? რაც გაქვთ მშვიდობაში მოიხმარეთ, მაგრამ სხვებსაც აცალეთ ცხოვრება! თუკი სხვებს ცხოვრება და დამოუკიდებლობა უნდათ, თუკი განვითარებაზე და წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ფაშისტები არიან. ნეო-ფაშიზმის ელემენტები მართლაც გამოიკვეთა ბოლო ხანს მსოფლიოში, მაგრამ თქვენ იქ არ ეძებთ სამწუხაროდ, სადაც უნდა ეძებდეთ, კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ.
მიკვირს, სად არის რუსული ინტელიგენცია, რატომ ხმას არ იღებენ უფრო მძლავრად? ნუთუ მათ არ აღელვებთ ვანდალიზმის ფაქტები? ნუთუ მიაჩნიათ, რომ დამონებული და დაპყრობილი ერების საეჭვო და ძალადობრივი კავშირის მკვდრეთით აღდგენა მათი სულის გამოძახილია, ან თანამედროვე მსოფლიოს ტენტენციებს პასუხობს, ან რაიმე სიკეთეს მოუტანთ მათ? ნუთუ არ ჰყავთ პროგრესული თაობა და ასე ჩამორჩნენ დროს, რომ წინ გახედვა უჭირთ და მხოლოდ უკან იხედებიან? ნუთუ ძალადობა და ტერორი მეტად ხიბლავს თანამედროვე რუს ხალხს, ვიდრე თავისუფლება და დემოკრატია? ნუთუ არ ესმით, რომ ბოროტი მარცვლის დათესვა ბოროტსავე ნაყოფს გამოიღებს, უახლესმა ისტორიამ მაინც არაფერი ასწავლათ?
მომიტევე უფალო, თუკი ეს განკითხვაა, მითუმეტეს ამ მძიმე მარხვაში, მაგრამ არ შემიძლია გულწრფელი არ ვიყო და არ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ, იმ ოკუპაციის და ტერორის გამო, რასაც ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს საქართველოში, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია. იტაცებენ მიწებს, ადამიანებს და მათ გვამებსაც კი არ უბრუნებენ ჭირისუფლებს! იმის გამო, რასაც რფ სირიაში სჩადის, სოციალურ ქსელში მუსლიმმა ახალგაზრდამ ქრისტიანობა გალანძღა და ყველას ტერორისტები გვიწოდა! ვიცი სასაცილოდ არ ეყოფათ მავანთ ჩემი ინფანტილური მონოლოგი და რიტორიკული კითხვები. ისიც ვიცი, რომ უმეტესობა იტყვის – „უცბად სინდისმა არ შეაწუხოთო“! არა, იმის იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს აწ გარდაცვალებული სინდისის რეანიმირებას შევძლებ, უბრალოდ დუმილი არ შემიძლია, რადგან გაჩუმება თანამონაწილეობად მიმაჩნია.
... და მაინც, მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს მიყვარს რუსები, ღვთის მადლით არც არავინ მძულს ამქვყნად, რისთვისაც მხოლოდ უფალს ვუმადლი და არა ადამიანებს, თუმცა ვგმობ რუსეთის აგრესიულ და დამპყრობლურ პოლიტიკას! მადლობა უფალს, რომ დამიცვა იმ საშინელი სენისგან, რომლის ეპიდემიასაც დროგამოშვებით ეწირება კაცობრიობის არაუმნიშვნელო ნაწილი. ეს სენი შიგნიდან ჭამს და ხრწნის ადამიანების სულებს და შემდეგ სხეულებს. მისი პირველი სიმპტომები შეუწყნარებლობაში, შურსა და ერთმანეთის განკითხვაში ვლინდება. ამ სენს სიძულვილი ჰქვია და მისი სიმპტომებისგან არაერთი საზოგადოება იტანჯება! ამ სენის დაძლევა საკუთარ თავში მხოლოდ კეთილი ნების ადამიანებს ძალუძთ, გარედან ჩარევით თითქმის შეუძლებელია.
უფალო შეიწყალე და დაიფარე ყველა, ცოდვები შეგვინდე და გადაარჩინე ეს უსუსური კაცობრიობა, რომელსაც ჯერჯერობით დიდი უპირატესობით ჯაბნის მტარვალი სენი – სიძულვილი!
83 შეფასება არ არის
|