საზოგადოება მეტროსა და აეროპორტის დასუფთავების ხარჯები ხაშურისა და ხულოს ბიუჯეტში 2018, 28 თებერვალი, 0:17 ხაშურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ბიუჯეტში აეროპორტისა და მეტროპოლიტენის სადგურების დასუფთავების თანხებია გათვალისწინებული. ამისათვის კი სპეციალური ტარიფებიც არის განსაზღვრული. ეს ინფორმაცია სამართლებრივ აქტებშია განმარტებული, რომელიც ძალაშია შესული.
ხულოს საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ. ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებით კი იგივე ტიპის ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრით არის განსაზღვრული. დადგენილების დანართებში მითითებული ობიექტების ნუსხა, ხაშურის და ხულოს საკრებულოების მიერ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან შაბლონურად არის გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ადმინისტრირება სისტემატურად მიმდინარეობს, არცერთ ზემოაღნიშნულ საკრებულოს მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დადგენილ მოსაკრებლებთან დაკავშირებით დღემდე არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია. ანალოგიური ფაქტი გასულ წლებში კახეთშიც დაფიქსირდა. მაშინ ახმეტის მუნიციპალიტეტმა მეტროპოლიტენის კეთილმოწყობის თანხები გაითვალისწინა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, ამგვარი ლაფსუსები სამართლებრივ აქტებში იმ მიზეზით იპარება, რომ მუნიციპალიტეტებში მომუშავე საჯარო მოხელეები და მაღალი თანამდებობის პირები დოკუმენტებს ყურადღებით არ კითხულობენ, თავად არ წერენ და დედაქალაქიდან დაკოპირებულ აქტებს ადგილზე ამტკიცებენ. კომიკურად შედგენილი აქტები კი ძალაში სათანადო კონტროლის გარეშე შედის. 83 2-ს მოსწონს
|