x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რას წერდა წითელწყაროს გაზეთი 40 წლის წინ

უგულო ხინკალი და უსულგულო გამყიდველი. რატომ დამკვიდრდა საყოფაცხოვრებო მომსახურების ზოგიერთ ობიექტში ზედმეტის გადახდის მავნე ჩვეულება? რადგან წითელწყაროში მწვანილი ძვირია, ხორცი კი ხშირად არ იშოვება, სოფელ წითელწყაროში ყოფილ ბაზართან მდებარე სასადილოს მუშაკებმა ხინკლის შემადგენლობიდან ხორცთან ერთად მწვანილიც ამოიღეს. ხინკალს გული რომ გავუსინჯეთ, სწორედ რომ გული გვეტკინა. მებუფეტე აბულაშვილმა გამოგონებას ხელად ახადა ფარდა. ხინკალში ხახვის, წიწაკისა და ღორის ქონის მეტი არა იყო რა. იმის მაგივრად, რომ აბულაშვილს სინდისის ქენჯნა ეგრძნო და გაწითლებულიყო, აქეთ დაგვიწყო ჩხუბი. ხინკალი მაგიდაზე დაახეთქა და გაიქცა - აღარ ღირს აქ მუშაობაო.

უწყლოდ გაცემული პრემიები წითელწყაროში არ არის წყალი და ეს მწარე აღიარება მიიღეთ, როგორც რედაქციის ბოდიში უნებლიე შეცდომაზე. გახსოვთ, როგორი სიხარულით მოგილოცთ რედაქციამ ახალი, კოოპერირებული წყლის შემოსვლა წითელწყაროში. ჩვენც თქვენთან ერთად გვეგონა, რომ ამიერიდან თავზე სასხმელად გვექნებოდა ცივი, გემრიელი წყალი, მაგრამ ქალაქში ონკანები დაშრა. მიზეზი ჩვენი რაიონის ზოგიერთი ადამიანის უსულგულო დამოკიდებულებაა ისეთი საქმის მიმართ, როგორიც წყალია. ქალაქ წითელწყაროში 12 000-სულზე მეტი მოსახლეა, აქედან 5 845 აბონენტია. ისინი ამ ადამიანების იმედად არიან. შარშან მეორე და მესამე კვარტალში წყალსადენის მუშა-მოსამსახურეებზე 1 278 მანეთი პრემია გაიცა. ქალაქი წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდის და იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც პრემია მიიღეს. უფლება არ გვქონდა, პრემია არ მიგეღო, დამსჯიდნენო - გვითხრა კომუნალურ საწარმოთა კომბინატის დირექტორმა კაკო ტეტელოშვილმა. რაღაც არა გვჯერა, ჩვენში ვინმეს პატიოსნებისთვის სჯიდნენ.

.

უახლოეს ხანში რაიონში ბევრი რამ გაკეთდა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სავაჭრო მომსახურების გაუმჯობესებისთვის. სათანადო კადრებთან ერთად დიდ როლს ასრულებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. ახალი ტიპის მაღაზიები, თუ სავაჭრო ცენტრები. ორი წლის წინ წითელწყაროს ცენტრში გაიხსნა რაიკოოპერატივის ორსართულიანი მაღაზია, ე.წ. „სავაჭრო ცენტრი“, სადაც მშრომელებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო პროდუქცია. ცენტრმა კიდევ უფრო დაამშვენა ქალაქი.

image

სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებმა ივანე გიორგის ძე ბუბუნაურმა და ნიკოლოზ ალექსის ძე ბურდულმა მოილაპარაკეს, ღამე შეხვედროდნენ ერთმანეთს და ქვემო ქედში ხვთისო ხორნაულის ბოსლიდან მოეპარათ დეკეული. გამოიყვანეს თოკშებმული დეკეული, წაიყვანეს ბურდულის ეზოში, დაკლეს და ხორცი ორ ნაწილად გაიყვეს. მეორე დღეს გაიგეს, რომ მილიციის მუშაკები ბინებში ჩხრეკას ატარებდნენ. შეშინებულმა ნადავლი შეფუთვის გარეშე ორმოში ჩაფლა. ორმოდან მილიციამ ხორცი ამოიღო, ბურდული და ბუბუნაური კი მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სახალხო სასამართლომ, გიორგი გონაშვილის თავმჯდომარეობით, განიხილა სისხლის სამართლის საქმე და საქონლის ქურდებს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


შეურიგებელი ბრძოლა - ნეგატიურ მოვლენებს! წითელწყაროში რეიდი ჩატარდა, რაშიც რედაქციის კორესპონდენტები, ფინგანის რევიზორი, ფინგანის ინსპექტორი, შსს რაიგანყოფილების უფროსი ოპერმუშაკი და კომისიის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. ვის აძლევს ხელს მაგარი სასმელების საზკვების შტამპის გარეშე გაყიდვა? რატომ ატყუებენ მომხმარებელს ზომა-წონაში? გაუგებარია, სამზარეულოში მზარეულები არიან, თუ დამლაგებლები. დახლებში კი კვლავაც სპეცხალათის გარეშე დგანან. მაღაზიებში არ აქვთ სავალდებულო ასორტიმენტის საქონელი. მრავალი რეიდის მიუხედავად, ისევ და ისევ ანტისანიტარიაა ვაჭრობის ობიექტებში. ვის აწყობს მუშაობა უქვითროდ?


წითელწყაროს რაიკოოპკავშირმა ამ დღეებში გახსნა ლიმონადის ახალი ქარხანა. ქარხანა დღეში 1000-1500 ბოთლ მაღალხარისხოვან ლიმონადს უშვებს, ხოლო ზაფხულში ჩამოასხავს 3000 ბოთლამდის.


შირაქის მტს-ის მექანიზატორებმა საწარმოო გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს. მაგრამ სამართლიან უკმქყოფილებას გამოსთქვამენ, რომ მათთან მოისუსტებს კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა. არ უჩვენებენ კინოსურათებს, არ ტარდება ლექცია მოხსენებები.საჭიროა პარტიის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის ფა კულტურის განყოფილებამ აღნიშნული მდგომარეობიდან სათანადო დასკვნები გააკეთოს და ამ საქმეს დროულად გამოეხმაურონ.

გაზეთი „შირაქი“ 1978 წლის თებერვალი.



image

image

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0