საზოგადოება ციხის 7 ჯალათს სასამართლომ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 2018, 6 თებერვალი, 15:57 ციხის სკანდალური კადრების რეზონანსული საქმის ხმაურიანი სასამართლო განხილვა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე 7 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და დღეს მათ პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო განხილვა რამდენიმე წელი გრძელდებოდა.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ზაზა ხ.-ს, ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-სა და ვახტანგ გ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის“ გამოყენებით, საბოლოოდ 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ამას გარდა, მალხაზ ღ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა“ და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო ოლეგ ფ.-ს „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა“ და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ოლეგ ფ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი შთანთქა 2017 წლის, 18 იანვრის განჩინებით განსაზღვრულმა სასჯელმა და მას საბოლოოდ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ასევე, ოფიციალური ცნობით, წარდგენილი ბრალის თანახმად, ზაზა ხ.-ს, ნუგზარ მ.-ს, დავით ნ.-ს, დავით ჩ.-ს, ვახტანგ გ.-ს, ოლეგ ფ.-სა და მალხაზ ღ.-ს, ბრალად ედებოდათ პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ.
სახელმწიფო ბრალდების მხარის ინფორმაციით, ოლეგ ფ.-სა და მალხაზ ღ.-ს, ასევე ბრალად ედებოდათ წამება, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ.
2010-12 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატიურად ახორციელებდნენ პატიმრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებებს. ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდების გამოყენებით, ბრალდებულთა მიზანს, მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდის, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილების მიღწევა წარმოადგენდა.
ჯამში პატიმრობა 7 ჯალათს შეეფარდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით პატიმრების დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდოგმარეობაში ჩაყენება. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საპატიმროს საკნებში და ე.წ. „კარანტინის დაშლისას’’ პატიმართა მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის.
120 შეფასება არ არის
|