x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მაგთიმ აბონენტები დაკარგა, ჯეოსელსა და ბილაინს კი შეემატა
image


კომპანია "მაგთიმ" ბოლო ერთ წელიწადში 11 ათასამდე აბონენტი დაკარგა - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა.


სტატისტიკის მიხედვით, კომპანიას დღეისთვის მილიონ 981 ათასი მომხმარებელი ჰყავს. წლის დასაწყისში კი ეს ციფრი მილიონ 992 ათასი იყო. ბაზრის მეორე მსხვილმა მოთამაშემ "ჯეოსელმა" გასულ წელს სააბონენტო ბაზა 58 ათასამდე აბონენტით შეივსო, თუმცა 1 მილიონ 783 ათასი მომხმარებლით, კომპანია მაინც მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება "ბილაინს", კომპანიამ 2017 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი 147 ათასამდე აბონენტი შეიძინა და დღეისათვის 1 მილიონ 349 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.



აქტიური აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით სამ კომპანიას შორის ბაზრის წილი შემდეგნაირად ნაწილდება: "მაგთი" 38%, "ჯეოსელი" 35%, "ბილაინი" კი 26%, დარჩენილი 1% კი, საერთაშორისო ოპერატორები "ჯი მობაილი" და "გლობალ სელი" ინაწილებენ.




ბოლო მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში 5 მილიონ 132 ათასი აქტიური მობილური ნომერი ფუნქციონირებს, ეს მაჩვენებელი ბოლო 4 წელში ნახევარი მილიონითაა გაზრდილი.


ერთერთი ვერსიით, მაგთის აბონენტთა უკმაყოფილება ბოლო ხანს სატარიფო პოლიტიკის არასტაბილურობამ და ყველანაირი პაკეტის ფასის ზრდამ გამოიწვია, რის გამოც აბონენტთა ნაწილი სხვა ქსელში დაპორტირდა. ბოლო ხანს მაგთი ინტერნეტ და წუთობრივი ტარიფების კიდევ უფრო ზრდას გეგმავდა, თუმცა მალევე მაგთიკომმა ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება შეცვალა. ცვლილების მიზეზი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ჩარევა გახდა, რის შემდეგაც მაგთიკომმა გაითვალისწინა კომისიის გადაწყვეტილება და დროებით შეაჩერა ტარიფების ზრდის ამოქმედება.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “მაგთიკომის'' მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლა. ამის შესახებ ნათქვამია “მაგთიკომისთვის'' გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.

0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0