x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იდუმალებით მოცული საოცრებანი
მსოფლიოში ადამიანის მიერ შექმნილი მრავალი საოცარი ნაგებობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი საინჟინრო ან არქიტექტურულ შედევრებად ითვლება; ამ სტატიაში აღწერილ საოცრებებს კი ასეთად მათი უცნაურობა და უნიკალურობა აქცევს. მათ შორისაა ოქროს კლდეზე სახიფათოდ გადაკიდებული პაგოდა და არანეკლებ სახიფათოდ დახრილი კოშკი, უცნაური შენობები, მხოლოდ თიხისაგან აგებული უზარმაზარი მეჩეთი...

image

ნაზკას ნახატები:

პერუს სამხრეთ სანაპიროზე, ნაზკაში შექმნილი ეს ნახატები ახ. წ. 1-ლი საუკუნით თარიღდება. ისინი გეომეტრიულ ფიგურებს, მცენარეებსა და ცხოველებს გამოხატავენ. სურათზე ნაჩვენები ობობას სიგრძე 50 მეტრია, სხვა ნახატები კიდევ უფრო დიდია. ნახაზები იმითაა გამორჩეული, რომ მათი დანახვა მხოლოდ დიდი სიმაღლიდან შეიძლება, რაც ზოგიერთს იმის ვარაუდის საშუალებას აძლევს, რომ ეს საოცარი სანახაობა უცხოპლანეტელებმა შექმნეს. თუმცა ნახატების შექმნის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.


image

პიზის დახრილი კოშკი:

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა, იტალიის ქალაქ პიზის კათედრალური ტაძრის სამრეკლო, რამდენიმე ეტაპად შენდებოდა 1173-1350 წლებში. როდესაც კოშკის რვა სართულიდან სამი უკვე აშენდა, აღმოჩნდა, რომ საძირკველი რბილ მიწაში ეფლობოდა და კოშკი გვერდზე იხრებოდა. ამ მდგომარეობის გამოსწორების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა დღესაც ცდილობენ მისი გადახრის პროცესის შეჩერებას. ნაგებობა მრავალ ტურისტს იზიდავს, რომელთაც აოცებთ ის, რომ, ასეთი დახრილობის მიუხედავად, კოშკი არ ინგრევა, თითქოს მიზიდულობის ძალას არ ემორჩილებაო.

image

ჯენეს მეჩეთი:

ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალაქ ჯენეში მდებარე მეჩეთი მსოფლიოში უდიდესი თიხის ნაგებობაა, ის 1906-1907 წლებში ააგეს მზეზე გამომშრალი თიხის აგურებისგან. ნაგებობა მნახველს ქვიშის ციხესიმაგრეს აგონებს თავისი კოშკურებითა და შპილებით, რომელთაც სირაქლემას კვერცხები-ნაყოფიერებისა და უმანკოების სიმბოლო ამშვენებს. როდესაც წვიმიან სეზონში მდინარე დიდდება ჯენე კუნძულად იქცევა, ხოლო მეჩეთის ნაწილი წყალს მიაქვს. წვიმების დასრულების შემდგომ მეჩეთის კედლებს ხელახლა ლესავენ, რათა ჩამონგრევას გადაარჩინონ.

image

საგრადა ფამილია:

ამ უჩვეულო ტაძრის მშენებლობა 1884 წელს დაიწყო ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, მაგრამ ჯერაც არ დასრულებულა. სასახლეს, რომლის პროექტი ესპანელ არქიტექტორ ანტონიო გაუდის ეკუთვნის, სამი ფასადი აქვს, რომელთაც გიგანტური კოშკები ამშვენებს. სხვა კათოლიკური ეკლესიებისაგან განსხვავებით, ფერადი ორნამენტებით მორთული ტაძარი მზარდ, ცოცხალ ორგანიზმს გვაგონებს.

image

image


0
403
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0