x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ყოვლად მიუვალს, ხეების ჩრდილ-ფოთოლი ფაფანაკივით მოუგდია, ხოლო ფოთოლნარში შიგადაშიგ ადამიანის ხელით ნაშენი კედლები გამოჩანს"-კაცხის სვეტის საიდუმლოებანი
"არავის მოსწრებია იქ ამსვლელი, ვერც ვინ ავა, მსმენია პაპათაგან განმზრახველი დაბრმავებულა უმალ. ძლიერია სვეტი, საკვირველმოქმედი სვეტიცხოველი!"-ასე ახასიათებდა კაცხის სვეტს ლევან გოთუას წიგნ "მგზავრულ კრიალოსანში" უხუცესი შამშე ბუჭუხიშვილი.


image


მართლაც, მიუვალი სვეტის შესახებ უამრავი ლეგენდა, მითი არსებობდა, ვერავინ ბედავდა მასზე ასვლას ეშინოდათ დიასახლისის მოჩვენებისა: "ღამით, როცა მთვარე განსაკუთრებით ნათელია, სვეტის თავზე გამოჩნდება ქალი, მიმოხვეტავს თურმე სვეტის თავს და ძუძგს ქვემოთ გადმოჰყრის"-იხსენებს ღრმად მოხუცი კუპატაძე ამავე წიგნში.


image



1944 წელს ალპინისტმა ალექსანდრე ჯაფარიძემ, ახალგაზრდა არქიტექტორმა ვახტანგ ცინცაძემ, მწერლებმა ლევან გოთუამ და აკაკი ბელიაშვილმა შეძლეს იდუმალებით მოცულ კაცხის სვეტზე ასვლა, სადაც აღმოაჩინეს უკანასკნელი მესვეტის ძვლები, რომელიც სიკვდილის მოახლოების ჟამს თავად შესულა აკლდამაში და იქ გარდაცვლილა. თავის ქალა სრულიად დაშლილი იყო, თავი დასავლეთისაკენ ჰქონია. ამჟამად, მესვეტე ეკლესიის ჩრდილოეთით არის განსვენებული.


image


ასევე, იპოვეს ჯამ-ჭურჭლის ნამსხვრევები, თითქმის მთლიანი ქოთანი, ჩინებულად დამზადებული მცირე ზომის სურა, რომელიც, სამწუხაროდ, დამსხვრეული იყო. საკურთხევლის გაწმენდის დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს შანდალი თუ ჯვარსადგარი. კლდის კიდეზე მარანი ნაწილობრივ გადანგრეულიყო, ერთი ქვევრიც შუაზე გადამსკდარი გახლდათ, ოთხი კი მთელი, რომლებიც დაახლოებით ხუთ-ხუთ ჩაფს ჩაიტევდა.


სვეტის თხემზე აღდგენილი მარანი:

image


სვეტი დაახლოებით ორმოცი მეტრია. მის ფერდზე, დასავლეთით, ხელოვნურად ამოჭრილი ქვაბული მდებარეობს, სვეტიდან ხუთი მეტრით ქვემოთ, მარნის ქვეშ. ალექსანდრე ჯაფარიძემ დაათვალიერა ქვაბული, რომელიც ცარიელი იყო, ჩანს იქ ცხოვრობდნენ ბერები.


image


ლევან გოთუამ თავის მოგზაურობას მიუძღვნა "მგზავრული კრიალოსანი", ამ წიგნის ერთ-ერთი თავი კი ეძღვნება კაცხის სვეტსა და მის საიდუმლოებებს, მწერალი ისე აღწერს ამ ყოველივეს, რომ გგონია მათთან ერთად შენც შეძელი კაცხის სვეტზე ასვლა, მათსავით გეუფლება გრძნობა სიამაყისა... ვინ იცის რამდენი საუკუნე იყო გასული და არავის ჰქონოდა ფეხი შედგმული მასზედ:

"ქვევიდან მესმის ათასწლოვანი ცაცხვის შრიალი. უფრო ქვევით, სადღაც ხალხი იყო, წეღან ჟრიამულობდა, ხმიანობდა. ახლა აღარ ისმის მისი ხმა და სამყაროში თითქოს მარტო მე და სვეტი ვართ. ვეება სვეტი და მე, მის შუატანზე მიტმასნილი, ჩრდილად ჩაკრული, ერთი ციცქნა, ხიწვის ნაწილი. თითქოს ოდნავ ტაატობს სვეტი. ჩემს გულის ცემასთან შეწყობილად, შეჟღერებულად ტაატობს სვეტი".


image

ათი წლის შემდეგ, 1954 წელს, ალპინისტი გოდერძი სამხარაძე ასულა, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა მასზე ასვლაზე, მაგრამ პარაკლისის აღვლინების შემდეგ აიკრძალა ალპინისტური შეჯიბრებანი; ვარჯიში მოპირდაპირე კლდეზე დაუწყიათ.

1997 წლის დავითობას, ბეთანიის მონასტრიდან, მობრძანებულა ბერი მაქსიმე ქავთარაძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კაცხის სვეტის განახლებასა და გაცოცხლებაში, იგი იხსენებს, რომ დიდი გაჭირვების დროს, როდესაც გაუსაძლისი ხდებოდა კაცხის სვეტზე მარტოდ ყოფნა, სტიმულს, ძალას სწორედ ლევან გოთუას "მგზავრული კრიალოსანი" აძლევდა.


image


2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი, რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით მე-13 საუკუნით თარიღდება. მასში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც "სამი სახლაკი" აუშენებია "ძელი ცხოვრებაზე" — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის:


image


სე გამოიყურებოდა სვეტი სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე:


image


დასრულებს შემდეგ კი ასე:


image


კაცხის სვეტი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ჩვენი ქვეყნისა. თითქოს მის შექმნაში ღმერთსა და ადამიანს ერთად მიუღიათ მონაწილეობა, გაერთიანებულან და შეუქმნიათ მსოფლიო საოცრება.

გერმანელ ტურისტს უთქვამს-ჩვენთან ტაძრებს ადამიანის ხელი ეტყობათ, თქვენთან კი ღმერთისო. ეს ფრაზა, უპირველესად, სწორედ კაცხის სვეტზე შეიძლება იყოს ნათქვამი!..


4
257
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
257
  
2018, 18 თებერვალი, 0:42
ულამაზესი ადგილია.ერთხელ ვარ ნამყოფი და დღემდე მომდევს ემოცია.:)
0 1 4