x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„რუსთავი 2-ის მხრიდან ეთერით შანტაჟის შიშით ნეხვს ვარდს ვერ დავუძახებ“ - ჩერგოლეიშვილი
image


„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ევროპული საქართველოსა“ და რუსთავი 2-ის დაპირისპირებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.


„იმ ადამიანებს მინდა გამოვეხმაურო, ვინც დიდი ენერგია ჩადო რუსთავი ორის დასაცავად და დღეს წუხს, რომ ევროპულ საქართველოსთან კონფლიქტი არხს აზიანებს.


დაცვის საკითხით დავიწყებ. მაშინაც ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მე არა კონკრეტული მფლობელის, ან ტელევიზიის ინტერესს, არამედ ქართული დემოკრატიის ინტერესს ვიცავდი, დემოკრატია და კარგი ცხოვრება კი მედია პლურალიზმის გარეშე, წარმოუდგენელია.


საკმარისი გამოცდილება მივიღე ამაში დასარწმუნებლად. ჩემს რწმენას, ცხადია, რუსთავი ორის ხელმძღვანელობის უსაქციელობა ძვრას ვერ უზამს - სახე რომ აიძრონ, მედია პლურალიზმს ყოველთვის ხმამაღლა დავიცავ.

მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნეხვს ვარდს დავუძახებ. თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შემეძლო მეთქვა, რომ ეს არხი არის ნაციონალური მოძრაობისადმი მიკერძოებული არხი,
მაგრამ ამავდროულად მთავრობის კრიტიკოსთა სრული სპექტრის ფორუმს წარმოადგენს, მედია სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო გამოშვება აქვს და არა სენსაციონალიზმზე აგებული სიყვითლე და ეს იყო სიმართლე, დღეს ამას ვეღარ ვამბობ. იმიტომ რომ დიდი ტყუილი გამომივა.


ვერც იმას დავმალავ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ უცნაური გზა აირჩია - ნებისმიერ კრიტიკას, მათ შორის ყველაზე კორექტულს, მოყვება არხის ხელმძღვანელობის სრული ისტერიკა, სატელეფონო ზარების და მესიჯების ქარიშხალი და რაც ყველაზე შემაშფოთებელია - მუქარა, რომ აი ახლა აღარ გაგაშუქებთ - ეს სულ თავიდან, გამოხტომების ხასიათის მოვლენა, პატერნად იქცა.

იმუქრებიან, რომ საკუთარ მოვალეობას ცუდად შეასრულებენ, იმიტომ რომ ვიღაც მათზე უარყოფითი აზრისაა.

რაც მთავარია, ეს სცილდება პარტიულ ჩარჩოებს, პარტიულ პერიფერიასაც კი, და გადადის იმ პირებზეც, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხებაც კი არ აქვთ, იღებს ისტერიულ ფორმებს და ტრაგიგომიკური სურათი დგება - "ჩემს ბოსტანში არ დაგინახოოოოოო" ამ შინაარსის წიოკის თანხლებით.


გუშინდელი რეაქციაც ამის ნათელი დასტური იყო: ბოდიშის მოხდას ვაპირებდით, მაგრამ თქვენ რომ ბოდიში მოგვთხოვეთ, ამიტომ იქით მოგვიხადეთ ბოდიში, თორემ თქვენთან არ ვითანამშრომლებთო.

მე ვერ ვხვდები, თუ თვლიდი რომ ბოდიში გქონდა მოსახდელი, სხვისმა, თუნდაც, შენი აზრით არასწორმა ნაბიჯმა ეს რატომ უნდა გადაგაფიქრებინოს?

არხის რეპუტაციაზე უნდა იფიქრო გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიასთან ჯიბრზე?

უსაქციელობის მაგალითი ძალიან ბევრია, talking point საკმარისზე მეტი მაქვს.

რომ შევაჯამო დაცვის ნაწილი - ხელისუფლება რომელ მედიასაც არ უნდა დაემუქროს, გამოვექომაგები, გამოვექომაგები იმიტომ რომ მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

მაგრამ, იგივე გამოხატვის თავისუფლებას - მათ შორის რუსთავი ორზე კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლებას - საკუთარ თავს ნამდვილად არ შევუზღუდავ, მითუმეტეს, ხაზსგასმით ვამბობ, მითუმეტეს - ეთერით შანტაჟის შიშით.

ცხადია ვილაპარაკებ - ვილაპარაკებ საჯაროდაც და არასაჯაროდაც, დაველაპარაკები ყველას, ვისაც ჩემი აზრი დააინტერესებს და როგორც აქამდე ვამბობდი, ახლაც იმას ვიტყვი რასაც ვფიქრობ.

მე ეს მგონია ერთადერთი ადეკვატური რეაქცია.


არ გამიგია არცერთი სიტუაცია, სადაც მძევალი ძლიერია.

ბიძინას დევნა არხის იმუნიტეტია? რადგან ბიძინა დევნის, ამიტომ არხის სარედაქციო პოლიტიკა კრიტიკის მიღმა დგება?

იმის გამო რომ ბიძინა დევნის, ტყუილებს რომ იტყვიან, გავატაროთ? ეს კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის? ან ამ არხისთვის?

რაც შეეხება გადარჩენის თემას - როცა ვირუსი შეგეყრება, დამალვა არ უშველის, უნდა იმკურნალო.

რასაკვირველია ევროპულ საქართველოსთან კონფლიქტი არხს აზიანებს. ზუსტად ისე, როგორც მიშა დააზიანა ევროპული საქართველოს ლიდერებთან კონფლიქტმა - გადათვალეთ პარტიის გაყოფის შემდეგ, დასავლელი პოლიტიკოსების მიშას მხარდამჭერი განცხადებები, ერთი ხელი გეყოფათ. მერე წარსულს შეადარეთ.

მაგრამ კონფლიქტი აუცილებლად გექნება, როდესაც შანტაჟის ენით საუბრობ და კრიტიკაზე ისტერიულად რეაგირებ.

P.S. სიმბოლურია, არხის დირექტორს Баба Яга против გახსენებია.

ეს მულტფილმი 1980 წლის საბჭოთა ოლიმპიადაზეა, რომელსაც დასავლეთმა ბოიკოტი გამოუცხადა.

Баба Яга დასავლეთი და კაპიტალიზმია, რომელიც მიშას, ვიმეორებ - მიშას სიმბოლოდ არჩევის წინააღმდეგია.

სიამოვნებით ვიქნები, ევროპულ საქართველოსთან ერთად, "ბოროტი დასავლეთის" როლში.

ხალხო, იქ საბჭოთა მიშკას ზმეი გარინიჩი, უკვდავი კაშეი და სხვებიც ებრძვიან, ბაბა იაგას როლს არავის დავუთმობ, მაგრამ დანარჩენი თქვენ გაიყავით. მე კაშეის გივის მივცემდი ულაპარაკოდ - ააფეთქეს და არ აფეთქდა, “ - წერს ჩერგოლეიშვილი.

image


ამას გარდა ის ზაალ უდუმაშვილსაც პასუხობს და კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს.


„ეს შეუპოვარი ტაბულა რაზა ქოცების კვალდაკვალ გვიმტკიცებს, რომ მის ამჟამინდელ ლიდერ სააკაშვილს ყავდა მედია ზონდერები, ხოლო თავად, რეჟიმის შნირი ბრძანდებოდა და სისხლიანი 9 წელი რასაც სუსხიანი ზონდერები ჩასძახებდნენ, იმას გაიძახოდა. ნეტა სააკაშვილი უფრო დიდი მონსტრია, თუ მის ნათქვამზე შარვლის ჩამხდელები?, “ - წერს ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, გუშინ უდუმაშვილმა კურიერის ეთერში განაცხადა, რომ მისი ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში სწორედ ის ადამიანები ახდენდნენ სარედაქციო მუშაობაში ჩარევას, რომლებიც დღეს „ევროპულ საქართველოში“ არიან, ამიტომ მათ რუსთავი2-ის გმირ გუნდზე ასე საუბრის უფლება არ აქვთ.


„სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული საქართველო ერთი-ერთში იმეორებს იმ ბრალდებებს, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის რუსთავი 2-ის მიმართ. სამწუხაროა და გასაკვირი, იმ პარტიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც კი ჰყოლია ენმ-ის და ვისი სუსხიც, რუსთავი 2-ს საკუთარ თავზე უგრძვნია. დამიჯერეთ, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ამ პარტიას, მისი აწმყოსა და მისი ცალკეული წევრების გათვალისწინებით, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთავი 2-ზე და მის გმირულ კოლექტივზე ასეთი სამარცხვინო განცხადებები ავრცელონ, “ - აღნიშნა უდუმაშვილმა.


ცნობისთვის, „რუსთავი 2“-სა და „ევროპულ საქართველოს“ შორის ღია დაპირისპირება ენდიაი-ს კვლევების შესახებ კურიერში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა. ტელეკომპანიამ შეცდომა აღიარა, თუმცა ბოდიშის მოხდა პირიქით, პარტიისგან მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა, რომ მათ აქტოვობებს აღარ გააშუქებენ. დაპირისპირება დღითიდღე ახალ მასშტაბებს იძენს.

0
262
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0