საზოგადოება ჩატაევის ცხედარი ისევ ექსპერტიზის ბიუროშია, მის პანკისში დაკრძალვას აღარ ითხოვენ 2018, 19 იანვარი, 19:48 გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრები ამ დრომდე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია. როგორც ირკვევა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ. უხუცესები აცხადებენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სურვილი არ აქვთ, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრები ხეობაში დაკრძალონ. ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის შემდეგ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა, ხეობის სახელით, თავდაპირველად ცხედრების გადაცემა საჯაროდ მოითხოვა. იმხანად ხანგოშვილი აღნიშნავდა, რომ უხუცესები არ იზიარებენ ცალხელა ახმედისა და მისი ჯგუფის ტერორისტულ იდეებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადაწყვეტდა ჩატაევის ნათესავებს ცხედრის ფრაგმენტები გადაეცა, მას დუისის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ. საერთაშორისო ტერორისტის ერთ-ერთი მეუღლე სწორედ სოფელ დუისიდანაა და ბოლო ხანს წლების განმავლობაში შვილთან ერთად სწორედ იქ ცხოვრობდა. ამიტომაც, გასულ კვირებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირები სწორედ პანკისის ხეობაში დაეკრძალათ. ბოლო ხანს ცხედრების დაკრძალვის ადგილზე მექა ხანგოშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამდენად, უცნობია, შეიცვალა თუ არა მან მოსაზრება. 103 2-ს მოსწონს
|