რელიგია დაპირისპირება - სომხური ეკლესია თბილისში მდებარე ტაძრის მითვისებისთვის გვიჩივის 2018, 2 იანვარი, 12:41 სომხური ეკლესია ქართულ მხარეს სასამართლოში უჩივის
სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, რისი მიზეზიც მთავრობის მიერ თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემაა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის - ილია მეორის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ, მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულებით, ეკლესია ქართულია და თუ სომხური მხარე სასამართლოს მიმართავს, "ეს სასამართლო მათთვის დიდი სირცხვილი იქნება".
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც სომხური ეკლესიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამბობს, თუკი თბილისის სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, მაშინ ევროპულ სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. ა/ო "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #38-ში, მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ისე გადასცა, რომ არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. მათივე ცნობით, ეკლესიის სომხურ წარმომავლობას არაერთი წყარო ადასტურებს, ამასთან, შემორჩენილია შემდეგი შინაარსის სომხურენოვანი წარწერა: "ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით თბილისელი ქვრივის - კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით მათი და ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ ტაძარში - სააკ თანდოიანცის ეკლესიაში ... 1883 წ." ამის შესახებ საქართველოში სომხური ეკლესიის ლიდერმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა 25 დეკემბერს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც ისაუბრა. მისი თქმით, დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის #38-ში, მდებარე სომხური ეკლესიის საკითხია. მირზახანიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "არ შეისწავლა ეკლესიის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურულ-რელიგიური ნიშნები", წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელიც სომხეთის ეპარქიას უსამართლოდ მიაჩნია. მირზახანიანმა სომხეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ თუ გადაწყვეტილება სომხური მხარის სასარგებლოდ არ შეიცვლება, მაშინ ეპარქია სასამართლოს მიმართავს. ამასთან, აღნიშნა, რომ მას არ სურს, საკითხმა სახელმწიფოების ურთიერთობაში წარმოქმნას პრობლემები. მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს, სავარაუდოდ, წლის დასაწყისში, საახალწლო დღესასწაულების შემდგომ, შეიტანენ. ამასთან, მირზახანიანმა საუბრისას მიანიშნა, რომ თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს სომხეთის ეპარქიის სარჩელს და ეკლესიას "კანონიერ მესაკუთრეს" არ დაუბრუნებს, მაშინ საქართველოს სომხური საზოგადოება საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს. სავარაუდოდ, იგულისხმება ევროპის სასამართლო და საერთაშორისო ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარი გამოთქვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის - ილია მეორის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სომეხთა ეპარქიას უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს საქმის სასამართლოს გზით გადასაწყვეტად, თუმცა დასძინა, რომ, მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულებით, ეკლესია ქართულია და სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, ბოტკოველის თქმით, "ეს სასამართლო მათთვის დიდი სირცხვილი იქნება". როგორც იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას უნდა მიმართონ და მათგან მოითხოვონ გადაწყვეტილების შეცვლა. ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ ასეთი შეცდომები ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის უქონლობის გამო ხდება. "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას თავისი პროცედურა აქვს და, ისტორიულად, ეს ეკლესია სომხურმა სათვისტომომ რომ ააშენა და მათ აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გაეწიოს. "სომხური ეკლესიის მესვეურებს უფლება აქვთ, მიმართონ საქართველოს მთავრობას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაასაჩივრონ გადაწყვეტილება მანამდე, სანამ სასამართლოს მიმართავენ. "ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, თავისი გადაწყვეტილება გადასინჯოს და მე მათ ვურჩევდი, ჯერ ადმინისტრაციული წესით მიმართონ საქართველოს მთავრობას, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ მათთვის ეს ფაქტი არ იყოს ცნობილი და თავადვე შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. ყოველი ასეთი არასწორი გადაწყვეტილების უკან ხშირად დგას შეცდომა და არა ავი განზრახვა ან სურვილი. ამიტომ ვფიქრობ, ასეთი საკითხები, უმჯობესია, სასამართლოსა და ღია დაპირისპირების გარეშე გადაწყდეს", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. ამ საკითხზე "რეზონანსთან" იურისტი გელა ნიკოლაიშვილიც საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების წარდგენა, რაც ამ სარჩელს განამტკიცებს. თუკი ვინმე ხელოვნურად არ გაამწვავებს მდგომარეობას, მას არ ჰგონია, რომ სომხური და მართლმადიდებელი ეკლესიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "ამ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვთ. უნდა დაამტკიცონ ისტორიული წყაროებით ქართულია თუ სომხური წარმომავლობის ეს ეკლესია. ხშირად არის ხოლმე, რომ ჯერ მართლმადიდებელი ტაძარი იყო, შემდგომ მაჰმადიანური, შემდგომ სომხური, რაც გაურკვევლობისა და დავის მიზეზი ხდება. "თუ ამ საკითხს ხელოვნურად არ გაამწვავებს რომელიმე მხარე, არ მგონია, რომ რაიმე გართულება მოჰყვეს და სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. კიდევ ერთხელ გეტყვით, აუცილებელია, სასამართლოს წარუდგინონ არსებული მტკიცებულებები და შემდგომ ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. 162 2-ს მოსწონს
|