x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ხელფასები გაიზარდეს
image

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ანაზღაურება გაიზარდეს. საბჭომ საკითხს კენჭი მიმდინარე წლის 1 დეკემბერს უყარა და გაზრდილ ხელფასს წევრები - 3 800 ლარს (დაუქვითავი), თავმჯდომარე კი - 5 800 ლარს (დაუქვითავი) მიმდინარე თვეშივე მიიღებენ. კენჭისყრას ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი ჰყავდა, ერთმა მეურვემ თავი შეიკავა, ერთი კი არ ესწრებოდა.


არადა, რამდენიმე წლის წინ სამეურვეო საბჭოს წევრები უხელფასოდ მუშაობდნენ. შეგახსენებთ, მომავალი წლიდან მაუწყებელი დაფინანსების კიდევ 5 მილიონით გაზრდას ითხოვს.


ჰონორარების გაზრდამდე სამეურვეო საბჭოს წევრის ხელფასი (დაუბეგრავი სახით) 3 200 ლარამდე, თავმჯდომარის კი 5 000 ლარამდე მერყეობდა. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად საბჭოს წევრებმა მიაწოდეს On.ge-ს.



მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული არ არის კონკრეტული თანხა, რომელსაც მეურვე უფლებამოსილების სანაცვლოდ ჰონორარის სახით უნდა იღებდეს. ამ კანონში (მუხლი 24, პუნქტი 9) ვკითხულობთ: "მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1, 5 პროცენტის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ერთ პროცენტს".


როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა მეურვემ, ირინა ფუტკარაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტი 591 645 ლარი იყო, ჰონორარების ოდენობა 394 430 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ On.ge-ს უთხრა, რომ საბჭო ჰონორარებისთვის არ იყენებს კომერციული გზებით მიღებულ და აჭარის ტელევიზიისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილს. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას კანონი მათ აძლევთ.


გრიგოლ გოგელია: "იმიტომ, რომ ვიღაცას დაბალი ხელფასი აქვს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყველას დაბალი ხელფასი უნდა ჰქონდეს - არასწორი მიდგომაა. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ ზოგადად, ხელფასი რაც შეიძლება მაღალი იყოს. თუ გააფორმეთ ისე, რომ აი, აქ ხდება ასეთი რაღაც, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეიძლება გაღიზიანდეს - ეს ხომ არასწორი იქნება? მე შემიძლია 10-ჯერ მეტი ავიღო და არ ვიღებ კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა", - განაცხადა გოგელიამ.


მისი თქმით, ის ყველა იმ მოვალეობას ასრულებს, რაც მისი ვალდებულების ნაწილია - შემუშავდა მაუწყებლის სტრატეგიული დოკუმენტები. "გარწმუნებთ, რომ ეს საქმიანობა 20-ჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგას 100 პროცენტით გეუბნებით. ხელფასს განსაზღვრავს კვალიფიკაცია, დახარჯული დრო და პასუხისმგებლობა, რომელიც მე მაქვს საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე. მარეგულირებელში 200-ჯერ უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიღაცას უფრო ნაკლები", - თქვა გოგელიამ.


სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ქეთი მსხილაძე ამბობს, რომ დაუჭერდა თუ არა მხარს ჰონორარის გაზრდას, უმრავლესობა მას მაინც მიიღებდა, მისი თანხმობა კი პასუხისმგებლობის გაზიარება და კოლეგიალობის გამოხატულება იყო: "ეს კანონის კუთხით გამართულია, მორალური მხარეს რაც შეეხება, საბჭოს თითოეულმა წევრმა და საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს მსხილაძე.


სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მოსაზრებით, მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საბჭოს მუშაობა ჰონორარების გაზრდას ამ ეტაპზე არ იმსახურებს. კოლეგის ამ მოსაზრებას არ იზიარებს საბჭოს თავმჯდომარე და ამბობს: "ყველას თავისი ინტენსივობა აქვს ჩართვის. ის [სულხან სალაძე] თუ მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა არ არის ისეთი, სხვა ასე არ ფიქრობ. მე მივიჩნევ, რომ იმდენ საქმეს ვაკეთებ, სულხანმა [სალაძე] სამი წელი რომ ირბინოს, ვერ დაგვეწევა".


საბჭოს წევრი, მარინა მუსხელიშვილი ერთადერთია, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მან გადაწყვეტილების მიღება კოლეგებს მიანდო, რადგან მას ეს გადაწყვეტილება თითქმის არ ეხება, ვადა რამდენიმე თვეში, 2018 წლის აპრილში ეწურება.


"ჰონორარის გაზრდა-არგაზრდა არ არის დამოკიდებული დამსახურება-არდამსახურებასთან. ეს არის კანონის შესაბამისობაში მოყვანა", - ამბობს მუსხელიშვილი, რომლის თქმითაც, უხერხული მდგომარეობა იქმნება, როცა საკუთარი ხელფასის გაზრდაზე თავადვე მსჯელობენ.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0