საქართველო ჩვენს მხარეს სიმართლეა და ის ადრე თუ გვიან ყველგან იმარჯვებს! 2017, 24 ნოემბერი, 10:12 სოც. ქსელში ვრცელდება საკმაოდ ემოციური ვიდეო, რომელშიც ასახულია „რუსეთიდან ვარ, ჩამეხუტე“ - აქცია თბილისში. სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში, ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველის ძეგლთან, „Sputnik“–ის კორესპონდენტი გამვლელებს ჩახუტებისკენ მოუწოდებს. მას წინ უდგას პლაკატი – მიმართვა სიტყვებით: „რუსეთიდან ვარ, ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო და ქართველები, ჩამეხუტე!“ ეს იყო ზუსტი ანალოგი თბილისში, ორი წლის წინ ჩატარებული აქციისა – „დღეს მე ვარ აფხაზი, ჩამეხუტე“, რომელსაც შეუძლებელია ემოციის გარეშე უყურო. ამაღელვებელია, რასაკვირველია ჩაგეხუტებით! ჩვენ თბილი, გულჩვილი, მიმტევებელი, მაგრამ პრინციპული ხალხი ვართ, მტერ–მოყვარეც ვიცით და სტუმარ–მასპინძლობაც არ გვეშლება, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, რომელსაც არ ვღალატობთ. სწორედ ეს გვშველის გავუძლოთ რთულ გამოწვევებს, რომლებსაც განგება არ გვაკლებს; სწორედ ამან გადაგვარჩინა საუკუნეების მანძილზე დიდი იმპერიების შემოტევებისგან; სწორედ ამიტომ თვლის დღევანდელი მსოფლიო, რომ რეგიონში სამაგალითოდ სწრაფი ტემპით განვითარებადი სახელმწიფო ვართ, რომელიც მიუხედავად მისი სიმცირისა და მცირერიცხოვნებისა, მედგრად უმკლავდება უზარმაზარი, იმპერიალისტური ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის ფედერაციის დამპყრობლურ პოლიტიკას, ებრძვის კორუპციას, ინარჩუნებს სიმშვიდეს და იცავს დემოკრატიული განვითარების პრინციპებს. ჩვენთვის სამშობლო მხოლოდ მიწა და ლამაზი პეიზაჟები არ არის, სწორედ ამიტომ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, ამით ძირძველ ქართველებს –აფხაზებს ისტორიული სამშობლოს სამუდამოდ დაკარგვაში შევუწყობთ ხელს, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ სხვისას არაფერს ვიჩემებთ და არ ვეპატრონებით იმას, რაც ჩვენი არ არის, არც მარადიორობა გვიზიდავს. ჩვენს მხარეს სიმართლეა და ის ადრე თუ გვიან ყველგან იმარჯვებს! ჩვენი თაობა რუსულ კულტურასთან მჭიდრო უნისონში აღიზარდა და გასაკვირი არ არის, რომ გვიყვარს რუსი ხალხიც და მათი კულტურაც. თუმცა, მე რომ რუსი ვიყო, ალბათ მოსკოვში ჩავატარებდი აქციას – „დატოვეთ საქართველო“. კერძოდ, ასეთივე სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში, პლაკატით ხელში, წითელ მოედანზე დავდგებოდი, რომელზეც იქნებოდა წარწერა: „მე ძალიან მიყვარს საქართველო და ერთმორწმუნე ქართველი ხალხი, ამიტომ მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და დატოვოს საქართველოს ტერიტორია!“ მერწმუნეთ, თუ ეს მოხდება, ბევრად მეტი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, უფრო გულწრფელად და გულმხურვალედ ჩაგეხუტებათ, უფრო მეტიც, ბევრად უფრო მეტად დაგაფასებენ მთელს მსოფლიოში. დღეს რუსეთის რეპუტაციას ძალიან სჭირდება რეაბილიტაცია, ცივილურ მსოფლიოს კი – მშვიდობა, თქვენ გაქვთ ამის შანსები! 106 3-ს მოსწონს
|