ქალი და მამაკაცი სხვა ამბავი ევაზე ,ანუ ,,სად იყო ადამი?“ 2017, 17 ნოემბერი, 11:39
მე-9 ან მე-10 კლასში ვიქნებოდით, როცა ერთერთ გაკვეთილზე ჩემი კლასელის ოხვრით ნათქვამს:“ეჰ, რა გვიყო იმ ერთმა ვაშლმა!“-მასწავლებლის რეპლიკა მოყვა:“კიდევ კარგი, რომ საზამთრო არ იყო.“
კიდევ კარგი, რადგან იმ საბედისწერო შეცოდებაში, როცა აკრძალული ხის ნაყოფის ჭამას სამოთხიდან ადამ და ევას გამოძევება მოყვა, ძლიერი სქესის წარმომადგენლები დღემდე განუხრელად და ჯიუტად მხოლოდ ევას ადანაშაულებენ და პირდაპირ თუ ირიბად ხშირად მიანიშნებენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომ მათი შორეული წინაპრის ცოდვა მათაც აწევთ კისერზე.
ფსიქოლოგობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებისთვის ხმისა და სხვა უფლებების ჩამორთმევა ერთგვარი სასჯელი იყო მამაკაცების მხრიდან, რომელთა ქვეცნობიერში კოდივით იდო, რომ ქალი იყო თავი და თავი მათი უბედურებისა-ედემის დაკარგვისა, რომელშიც ადამი უშფოთველად და უზრუნველად ატარებდა დღეებს. ეს “კოდი“ ჯერ კიდევ ცოცხალი რომაა, ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მამაკაცებს ჰკითხოთ თუ ვის მიუძღვის ბრალი, ადამს თუ ევას?-10-დან ალბათ 9 კაცი არც დაფიქრდება ისე გიპასუხებთ: “რათქმაუნდა, ევას!“
ქართულ რეალობაში ამას ნამდვილად არ დაგავიწყებენ. ერთ სუფრასთან, მაგალითად, მანდილოსნების სადღეგრძელო, რომელიც ქალების ხოტბითა და ქება-დიდებით დაიწყო, ბოლოს ისე განავრცეს, რომ “კაცი რომ არა, ქალი არ შეიქმნებოდა“ და “ქალის შესაქმნელად რომ ნეკნი-უტვინო ძვალი გამოიყენა ღმერთმა“ ამ თემით დაამთავრეს. ნეკნსა და სხვა დანარჩენსაც ამჯერად თავი დავანებოთ და სულ სხვა კუთხით შევხედოთ ედემის ბაღში მომხდარს:ევა გველმა აცდუნა, რომელშიც ეშმაკი შევიდა. ევამ აკრძალული ხის ნაყოფი მოწყვიტა, ჭამა და ადამსაც აჭამა... ადამი ვახსენეთ და...სად იყო ამ დროს ადამი?დიახ, ნუთუ არ გაგჩენიათ ეს კითხვა არასდროს? -სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს ადამი?ნუ გაგიკვირდებათ, ნურც მხრებს აიჩეჩავთ და იკითხავთ:“რა შუაშია აქ ადამი?“ შეკითხვა-სად იყო ადამი?-სრულიად ლეგიტიმურია. დიახ, შესაძლოა ის ედემის სხვა მხარეში დასეირნობდა და იქაურობას ეცნობოდა, ან რომელიმე ხის ჩრდილში ეძინა, სულერთია, ამ სიტუაციიდან მხოლოდ ის იკვეთება, რომ ევა მარტოდმარტო აღმოჩნდა ბოროტისა და საფრთხის წინაშე. და თუ ევას ცდუნება ეშმაკმა მოახერხა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა-როგორ აცდუნა ევამ, მისივე “უტვინო“ძვლისგან შექმნილმა არსებამ ადამი?ეშმაკი ხომ ევაში არ ჩასახლებულა, რომ ახლა ადამი ეცდუნებინა? ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, როცა ღმერთმა ჰკითხა ადამს, თუ რატომ შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, მას თავისი დანაშაული და შეცოდება კი არ უღიარებია, ევასკენ გაიშვირა ხელი და უთხრა-ჩემი ბრალი კი არაა, შენ რომ შექმენი იმ ქალმა მაცდუნა- და ამით თითქოს ღმერთიც დაადანაშაულა იმაში, რომ მან ევა შეუქმნა. მოდით, რელიგიურ ჭრილს თავი დავანებოთ, ცოდვა დროებით გვერდზე გადავდოთ და ვცადოთ ედემში მომხდარი ამბავი თანამედროვეობაში გადმოვიტანოთ: ქალი ხვდება ძლიერი მტრის (ეშმაკის) გავლენის ქვეშ, მისი ზეგავლენით იგი დგამს მცდარ ნაბიჯს და ახერხებს მეუღლეც დაიყოლიოს ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი მფარველისგან (უფალი) გაფრთხილებულნი არიან, რომ ამას მძიმე შედეგები მოყვება(თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწინააღმდეგე მხარე ახერხებს ქალი საპირისპიროში დაარწმუნოს) და დგება მომენტი, როცა მფარველი იგებს რაც ჩაიდინეს, უხმობს თავისთან და ეკითხება-“მე ხომ გაგაფრთხილეთ, რომ არ გაგეკეთებინათ, მაშ, რატომ ჩაიდინეთ ეს?“ ქალი ამბობს, რომ აცდუნეს და დააჯერეს, რომ ეს საქციელი არაფერ ცუდს არ მოუტანდა მათ.ქმარი კი მფარველს განუცხადებს-“ჩემი ბრალი კი არაა, შენ რომ ამირჩიე ცოლად, აი, მაგ ქალის ბრალია ყველაფერი.“ ერთი შეხედვით კომიკური სურათია:ჩვენ მშიშარა და უნებისყოფო კაცს ვხედავთ, რომელსაც თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა და ქალს, რომელზეც უნდა ეზრუნა, თავის დანაშაულსაც ჰკიდებს. სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვა:იქნებ იმიტომ, რომ პირველი მამაკაცის, ადამის ეს სისუსტე და მისი ბრალეულობაც მიჩქმალონ, იმიტომ ცდილობენ ასე თავგამოდებით და მონდომებით მამრობითი სქესის წარმომადგენლები, რომ მომხდარი დანაშაულის მთელი სიმძიმე მხოლოდ ევას და ქალებს აჰკიდონ მძიმე ტვირთად?არა, არ უარვყოფთ, რომ ევამ ნამდვილად შესცოდა, მაგრამ რატომ ეთვლება ადამს უფრო ნაკლებად შეცოდებად?ღმერთმა ხომ ისინი თანასწორებად გააჩინა და მხოლოდ ედემიდან გამოძევების შემდეგ განუსაზღვრა მათ უფლებები? არის კიდევ ერთი “მაგრამ“. რამდენიმე წლის წინ ერთერთ საიტზე ერთი სასულიერო პირის ქადაგების ვიდეოჩანაწერი ვნახე. ქადაგებამ იმით დამაინტერესა, რომ ქალების ბუნებას და მათი სიყვარულის უნარსაც შეეხებოდა. ბუნებრივია, დამაინტერესა, თუ რას ფიქრობდა ამ თემაზე სასულიერო პირი. ეს სასულიერო პირი აღნიშნავდა, რომ ქალის სიყვარული თავგანწირულია და შორს მიმავალ გათვლებს არ აკეთებს. მაგალითად კი ის მოიყვანა, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ და მისი მოწაფეებიც კი იმალებოდნენ, როგორ წავიდნენ მხოლოდ ქალები ქრისტეს საფლავზე, წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ. მახსოვს იმ მოძღვრის სიტყვები, როცა თქვა, რომ მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ იციან:საფლავს რომაელი ჯარისკაცები დარაჯობენ და შესასვლელი კი უზარმაზარი ლოდითაა ამოქოლილი, რომელსაც თვითონ, სუსტი ქალები ძვრას ვერ უზამენ, მაგრამ ამდენს აღარ ფიქრობენ, რადგან მათი სიყვარული თავგანწირულია და მათთვის ის “მაგრამ“ რომელიც მათ შეაჩერებდა-არ არსებობდა. და ნუთუ შეიძლება ევა სიყვარულისთვის გავკიცხოთ? დაე, გავკიცხოთ იმისთვის, რომ უფალს არ დაემორჩილა, მაგრამ ნუთუ ადამს ან ადამიანს აქვს უფლება გაკიცხოს იგი, როცა ევა ყოველგვარი ბოროტი განზრახვისა და წინასწარ მოფიქრებული რაიმე გეგმის გარეშე, მარტო კი არ შეექცევა ამ ვაშლს, ადამისთვისაც მიაქვს იგი, მიაქვს უბრალოდ, როგორც საჭმელი, რომელიც თანასწორს უნდა გაუყოს. მიაქვს უბრალოდ, როგორც ბავშვს, რომელმაც განჯინიდან მურაბა მოპარა ბებოს და მეგობართან მიაქვს, რომ მასაც გაუყოს სასუსნავი. რა ჩანს აქედან, თუ არა მარტოდენ ზრუნვა ევასი ადამის მიმართ? და რას იღებს იგი სამაგიეროდ? მთელი დანაშაულის მასზე გადმობრალების და ზურგის შექცევის მცდელობას. ადამმა მშვენივრად იცოდა, რომ “მურაბა“ მოპარული იყო, მან მშვენივრად მიირთვა იგი, მაგრამ როცა “ბებომ“ დანაშაულზე წაასწროთ, თითი მხოლოდ ევასკენ გაიშვირა, როგორც ერთადერთი დამნაშავისკენ. თანამედროვე რეალობასთან რომ გავავლოთ პარალელი, ერთი რამ თვალში საცემია: როცა ქალი, ასე ვთქვათ, “შემომტანი“ ხდება ოჯახში, მამაკაცი, რომელიც შინაგანად განიცდის მისი, როგორც “მარჩენალის“ ფუნქციის შესუსტებას, ხშირად მეუღლეს სრულიად უმიზეზოდ ადანაშაულებს თავის წარუმატებლობაში და ხშირ შემთხვევაში ის “შემოტანილი“ ევას ვაშლი -განხეთქილების ვაშლად იქცევა ხოლმე. მთავარი კი ამ თემაში მაინც შეკითხვაა-სად იყო ადამი? და რადგან ამ კითხვას, მისი აზრობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა, უპრიანი იქნება თუ შეკითხვას აწმყო დროში დავსვამთ-სად არის ადამი? სად არის ადამი, როცა ევა დიდი ხანია გასცდა ედემის საზღვრებს და ცხრა მთას იქით უწევს წასვლა და პირისპირ და ისევ მარტო აწყდება უამრავ საცდურს “ვაშლების მოსაპოვებლად“, რომელიც ისევ ადამს უნდა გამოუგზავნოს? სად არის ადამი, როცა საჭიროა ევას წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს? სად არის ადამი, როცა... სად ხარ, ადამ? 258 5-ს მოსწონს
|