სხვა რემბო და როკმუსიკა - ჩვენ ყველას სამყაროს შეცვლა გვსურს... 2017, 14 ნოემბერი, 11:15 არტურ რემბო იმ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა თუ შემოქმედებით საუკუნეების მანძილზე ტოვებენ კვალს და შემდგომში არაერთ მიმდინარეობას აძლევენ დასაბამს. სიმბოლიზმი, სიურეალიზმი, აბსტრაქციონიზმი და ა.შ., ნებით თუ უნებლიეთ ყოველი მათგანი რემბოს სახელს უკავშირდება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მან ერთი საუკუნით ადრე იგრძნო ის კრიზისი, რომელშიც მე-20 საუკუნის დასავლური კულტურა მოექცა. ასე დაიწყო ამბოხი დასავლური ცივილიზაციის, აბურჟუაზიული აზროვნებისა და საზოგადოებრივი პირობითობების წინააღდეგ. ამბოხი, რომელმაც გამოხატულება ჰპოვა როგორც შემოქმედებაში ასევე მის პირად ცხოვრებაში. დასავლური, ანუ თეთრკანიანთა ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ, რემბოს შემოაქვს ე.წ. ზანგის სახე, როგორც ველური, ბუნებრივი ცხოვრების სიმბოლო, იმ სამყაროს მაცხოვრებელი, რომელიც თავისი კულტურის თავს მოხვევით შეურაცხჰყო და დაამახინჯა თეთრკანიანმა. ზანგი ბუნებრივი ველურობითა და ქრისტიანული ღირებულებების მიმართ თავგამოდებული წინააღმდეგობით რემბოს დასავლური საზოგადოების ანტიპოდად მიაჩნია და მოხიბლულია მისით. კადრი არტურ რემბოს ავტობიოგრაფიის მიხედვით შექმნილი ფილმიდან "Total Eclipse" (1995) ზანგური ცხოვრებისადმი, ანუ დასავლური ცივილიზაციის მითისაგან გათავისუფლებისადმი რემბოსეულ სწრაფვას თითქოს ფრთა შეესხა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ოღონდ არა ლიტერატურაში არამედ მუსიკაში. 1954 წელს, პირველად მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, ერთმა ამერიკელმა ახალგაზრდამ გაბედა და შავკანიანთა მანერით დაიწყო სიმღერა. ასე მოევლინა სამყაროს პირველი როკერი - ელვის პრესლი. მის სკანდალურ და მეამბოხე ხელოვნებას მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა. მან სრულიად გაწყვიტა კავშირი ბურჟაზიის კულტურასთან და იქცა ჭეშმარიტი “ანტიკულტურის” გამოვლინებად. მისი გამიზნული პროვოკაციული და კონფორმიზმის მიმართ სრულიად უდარდელი დამოკიდებულება მე-20-ე საუკუნის უდიდესი კულტურული და სოციალური მოვლენა გახლდათ - ზუსტად ისეთივე, როგორც თავის დროზე რემბოს პოეზია და ცხოვრება იყო. თავად სახელწოდება “rock” უბრალოდ შემჭიდროებული ვარიანტია თავდაპირველი სახელწოდებისა “rock and roll”. ეს უკანასკნელი შავკანიანთა ერთ-ერთი სიმღერის სათაურია, რომელიც 1954 წელს ამერიკელმა დიჯეიმ, ალან ფრიდმა დისკოთეკაზე მიკროფონში წაიმღერა - “rock, rock, rock everybody – roll, roll, roll everybody”. ასე დამკვიდრდა ტერმინი “როკენროლი”, რომელიც თეთრებისთვის აქამდე უცხო იყო, ხოლო შავკანიანთათვის ძველი, ეროტიკული კონოტაციის მატარებელი ჟარგონული გამონათქვამი გახლდათ. ჭეშმარიტი ამბოხი, უპირველეს ყოვლისა, ქცევასა და ცხოვრების წესში უნდა გამოიხატოს. ასეც მოხდა, ახალგაზრდა როკერებისა და მათი თაყვანისმცემელი თინეიჯერების გამომწვევი ქცევები და ჩაცმის მანერა აღშფოთებას იწვევდა ე.წ. “კეთილად მოაზროვნე” ამერიკელებში, რომელთა ძირითად ნაწილს მათივე მშობლების თაობა წარმოადგენდა. აღნიშნულ ფენომენზე არაერთი ფილმი იქნა გადაღებული, მათ შორის Rebel Without a Cause, სადაც ჯეიმს დინი განასახიერებს ამბოხებულ მოზარდს, რომელსაც ვერც მშობლები და, მით უმეტეს, ვერც საზოგადოება ვერ უგებს. აქ ძალაუნებურად გვახსენდება ერთი საუკუნის წინ დედის მკაცრ ავტორიტეტსა და შარლევილის “ვიწრო მდელოებს” შორის ჩაჭერილი, აბსოლუტზე მეოცნებე ახალგაზრდა რემბო. იგი სულ რაღაც 17 წლის იყო, როცა თავის ცნობილ ლექსში Le poète de 17 ans (ჩვიდმეტი წლის პოეტი), ალაპარაკდა დედაზე, რომელსაც არ ესმის საკუთარი შვილის. ამას გარდა, პატარა პოეტი დედის თვალებში ტყულსაც ხედავს. ამგვარად, დედამ შვილი მოავლინა იმ სამყაროში, რომელიც თავისთავად სიცრუეა, სიცრუე, რომელსაც ბავშვი დედის თვალებში ამჩნევს. ამიტომ საჭიროა გახდეს “ნათელმხილველი” („voyant“) რათა ამ სიცრუის მიღმა ჭეშმარიტება აღმოაჩინოს. დედობრივი ავტორიტეტი ერთ–ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა ლეგენდარული “The Doors”-ის შემქმნელის, ჯიმ მორისონის ცხოვრებაშიც. როგორც რემბო, ასევე მორისონი ადრეული ასაკიდანვე მკაცრი და ღვთისმოსავი დედის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა, რაც დამთრგუნველ გავლენას ახდენდა ბავშვზე და თავისუფლებისადმი ლტოლვას უმძაფრებდა. მანაც ისევე, როგორც თავის დროზე რემბომ, მამის დანაკლისი მოგვიანებით შეივსო მასწავლებლით – რემბოსთვის ეს შარლევილის კოლეჯის მასწავლებელი, ჟორჟ იზამბარი გახლდათ, მორისონისთვის კი – კინოხელოვნების პროფესორი, ედი ბროკოუ, რომელმაც პირველმა დააფასა ახალგაზრდა სტუდენტის მონაცემები. თუმცა მალე ისინი ამ ადამიანებმაც მიატოვეს, რის შემდეგაც უფროსი თაობის მიმართ საბოლოოდ გაუქრათ ნდობა. მშობლების თაობა მათთვის უკვე იმ ცივილიზაციისა და კულტურის სიმბოლოდ იქცა, რომელიც საკუთარ პირობითობებსა და “კეთოლგონიერებაში” იხრჩობოდა და რომლის შეცვლაც აუცილებელი იყო. რემბო ამ “კეთილგონიერებისა” და საძულველი საზოგადოებრივი წესრიგის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგია. მის პირველივე კრებულში იწყება ამხედრება ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც წესრიგს უკავშირდება. ირონიით არის აღწერილი მშობლიური ქალაქი შარლევილი და მისი მშვიდი ბურჟუაზიული ცხოვრება. ლექსში Les Douaniers (მებაჟეები) რემბო მოხელეებსა და წესრიგის დამცველებს უტევს, განსაკუთრებით მებაჟეებს, რადგან ისინი უკრძალავენ ახალგაზრდებს სხვა სამყაროში გადასვლას, საზღვრის გადალახვას. იგივე პროტესტი აქვთ როკერებსაც საზოგადოებრივი წესრიგის, უძრაობის, საძულველი ინსტიტუციების მიმართ. წესრიგისა და უძრაობის მთავარ საყრდენ ძალად მათ ჯარი მიაჩნიათ და სწორედ ამ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს უტევენ ყველაზე მძაფრად, რადგან იგი არის ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სიკვდილის სურათები იხატება The Doors-ის “უცნობ ჯარისკაცში”, რომელიც უნებლიედ გვაგონებს რემბოს ულამაზეს ლექსს Le dormeur du val (ხევში მძინარე), სადაც პოეტი თავიდან უმშვენიერეს ხეობაში მშვიდად მძინარე ყმაწვილი ჯარისკაცის თითქმის იდეალურ სურათს აღწერს, ბოლო ფრაზაში კი საზარელი სიმშვიდით გვიცხადებს, რომ ამ ახალგაზრდის ძილი სხვა არაფერია თუ არა სიკვდილი, რადგან მას მკერდში ორი ჭრილობა აქვს. ეს ერთადერთი ფრაზა მეხის გავარდნასავით გაისმის ლექსის ბოლოს და მკითხველს მაშინვე აცნობიერებინებს ომის მთელ საშინელებას. სერჟ გენსბუბრგი აქვე შეიძლება გავიხსენოთ ბორის ვიანის გახმაურებული ანარქისტული, მაგრამ ჰუმანიზმით სავსე სიმღერა Le Désérteur (დეზერტირი), რომელიც 1954 წელს ჩაიწერა, მაგრამ ინდოჩინეთის ომის პერიოდში აიკრძალა. განსაკუთრებით საინტერესოა გენსბურგის 1975 წელს გამოსული ალბომი “Rock around the bunker”, რომელშიც მომღერალი თავისი ცნობილი სარკაზმით პოლიტიკასაც უტევს. გენსბურგი ამტკიცებს, რომ ნაციზმი სცილდება გერმანიის საზღვრებს და ირონიით გაიძახის “მე მიყვარს უნიფორმიანი კაცი”. ამის გამო გენსბურგს, თავადვე ებრაელს, ანტისემიტიზმშიც კი დასდებენ ბრალს. მაგრამ მომღერალი აქ არ შეჩერდება: 1979 წელს იგი ქმნის მარსელიოზას პაროდიას, რომლის მთავარი სამიზნე საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნში არსებული მილიტარისტული ქვეტექსტია. ჰენდრიქსმა ამ ნამუშევარს ყველაზე ანტისაომარი სიმღერა უწოდა. დასავლური ცივილიზაციის უმთავრეს მიზეზად და საძულველი წესრიგის მთავარ დამცველად მაინც ეკლესია რჩება და, შესაბამისად, ამბოხებული პოეტისა და მუსიკოსების მთავარ სამიზნედ სწორედ ის იქცევა. 1871 წელს დაწერილი ლექსების ერთი ნაწილი რელიგიაზე სატირას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ძლიერდება პოემაში Une saison en Enfer (ერთი სეზონი ჯოჯოხეთში), სადაც რემბო პირდაპირ მიმართავს სატანას და უძღვნის მას თავის დღიურს. “მე არასოდეს ვყოფილვარ ქრისტიანი”, “მე ვხუჭავ თვალებს თქვენი სინათლის მიმართ” – აცხადებს პოეტი და ამტკიცებს, რომ ქრისტიანობამ და მასზე აგებულმა ცივილიზაციამ არაფერი შესძინა ადამიანს, პირიქით, წაართვა მას თავდაპირველი უბიწოება. რელიგიისადმი დაპირისპირება უფრო გამძაფრებულია როკმუსიკაში, ხშირად როკერებს სატანისტებსაც კი უწოდებდნენ. ეშმაკისადმი მიმართვა, მისით აღფრთოვანება თითქმის ყველა ჯგუფსა და მომღერალთან შეინიშნება და ეს ყოველივე მიმართულია ქრისტიანობის, როგორც დასავლური ცივილიზაციის მთავარი საფუძვლის წინააღმდეგ. ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდილ თაობაში აღშფოთება გამოიწვიონ. ამბოხის მთავარი, ყველაზე კატეგორიული გამოვლინება რემბოს ცხოვრებაში, ისევე როგორც როკერთა უმრავლესობაში, და განსაკუთრებით მორისონთან, სექსუალობა გახლდათ, უფრო სწორად კი სექსუალიზმის პერვერსიული ფორმა – ჰომოსექსუალიზმი. მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ რემბოსთვის ეს მხოლოდ პროვოკაციის საშუალება იყო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მის ამგვარ ქცევაზე გავლენა მოეხდინოს ერთ–ერთ ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ მომენტს. აქ უნდა გავიხსენოთ 1871 წლით დათარიღებული პატარა ლექსი Le Coeur volé (მოპარული გული), რომელშიც 17 წლის პოეტი შენიღბულად გვიჩვენებს იმ სექსუალურ, სავარაუდოდ კი ჰომოსექსუალურ ძალადობას, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა სამხედრო ნაწილში. მორისონთან დაკავშირებით კი უამრავი ამგვარი ფაქტია ცნობილი, რაზეც დაწვრილებითაა მოთხრობილი პატრისია კენილაის წიგნში Strange Days (უცნაური დღეები). ბევრი მკვლევარი სწორედ ამგვარი ინციდენტებით ხსნის მორისონის შემოქმედებაში ოიდიპოსის მითის ხშირ გამოყენებას, მის ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკებით გატაცებას. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ჰომოსექსუალიზმი რემბოსთანაც და როკმუსიკაშიც იქცა პროვოკაციის ეფექტურ იარაღად. ეს ერთდროულად ანტიმორალიცაა და გამორჩეულობაც, რაც ბოდლერისეულ “დენდიზმს” ეხმიანება. “კეთილგონიერი” პუბლიკის შოკირებისკენაა მიმართული გადაჭარბებული ეროტიკაც, რომელიც როკმუსიკის თანმდევი ელემენტია. სერჟ გენსბურგის მიერ 1961 წელს ჩაწერილი სკანდალური სიმღერა Je t’aime… moi non plus (მე შენ მიყვარხარ ... არც მე) გადაჭარბებული ეროტიკის გამო პრესამ, პოლიტიკოსებმა და რომის პაპმა ანტიმორალურად მიიჩნიეს და რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულ იქნა. გენსბურგის პროვოკაცია უკიდურესობას აღწევს 1984 წელს, სიმღერით “Love on the beat”, რომელიც ინცესტისა და ჰომოსექსუალიზმის თემას ეხება. თავად სიმღერის სათაურიც კი უკიდურესად პროვოკატორულია, რამეთუ ინგლისური სიტყვა ”beat” (რიტმი) არის ომონიმი ფრანგული ჟარგონული სიტყვისა “bite”, რაც მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. ერთი წლის შემდეგ კი მომღერალი იღებს გახმაურებულ ვიდეოკლიპს Lemon inceste (ლიმონის ინცესტი), რომელშიც მაყურებლის წინაშე საკუთარ ქალიშვილთან ერთად საწოლში მყოფი წარდგება. მართალია, რემბოს შემოქმედებაში სექსუალიზმს ამგვარი უკიდურესი ფორმა არ მიუღია, მაგრამ მისი დაუფარავი ურთიერთობა ვერლენთან იმ პერიოდის საზოგადოებაში უკვე ძლიერი პროვოკაციული ელემენტი გახლდათ, რომელიც წარმატებით განავითარეს საუკუნისშემდგომმა მეამბოხეებმა. ახლებური ხედვა შეეხო ერთი შეხედვით ხელშეუხებელ ისეთ თემას, როგორიცაა სიყვარული. წმინდა გრძნობაში, რომელსაც აქამდე პოეტები მოწიწებითა და მოკრძალებით უმღერდნენ ახლა უკვე ძლიერი ეროტიული ელემენტები იჭრება. საკმარისია გავიხსენოთ რემბოს ყველაზე ცნობილი ლექსი Voyelles (ხმოვნები), რომელიც პოეტურ რიტმს, სხეულის ეროტიკასა და პოეტურ წარმოსახვას შორის უმშვენიერესი კავშირით სექსუალური პოეტიკის უბადლო ნიმუშს წარმოადგენს. როგორც ვხედავთ რემბო, ერთი საუკუნის შემდეგ კი როკერები, ადათ-წესების რევოლუციაზე, რასებისა და კონტინენტების შეცვლაზე, ფართო მორალურ და ისტორიულ ძვრებზე ოცნებობენ, ძვრებზე, რომელთა საშუალებითაც ხალხი სხვა სამყაროში გადავა. რემბო მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა იმ საიდუმლოს მისწვდომოდა, რომელიც საშუალებას მისცემდა ცხოვრება შეეცვალა. ოცნებობდა ხელუხლებელ სამყაროზე, რომელიც ჯერ არ შეურყვნია დასავლურ ცივილიზაციას. ამგვარ სამყაროს შორეულ წარსულსა ან აღმოსავლეთში პოულობს. მასთან ხშირია ილუზიები “გაუთლელ გალზე”, შუა საუკუნეების “ბოგანოზე”, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთზე. ეს უკანასკნელი მისთვის პირველადი, პირველყოფილი, ბუნებრივი და ამდენად, მარადიული სიბრძნის სამყაროა. რემბოსა და როკმუსიკას შორის კავშირი ამ მხრივ განსაკუთრებითაა თვალშისაცემი. აქ საკმარისია გავიხსენოთ მორისონის ცნობილი სიმღერა Wild Child (ველური ბავშვი) და მისი შესრულების მანერა, სადაც უკვე აშკარა ხდება კონკრეტულად რემბოს ცხოვრებაზე მითითებები. სიმღერა მთავრდება ფრაზით: “გახსოვს აფრიკაში რომ ვიყავით?”, რაც მომღერალსა და პოეტს შორის აშკარა სულიერ კავშირზე მიუთითებს და გამოხატავს სურვილს რემბოსთან, ანუ “ველურ ბავშვთან” ერთად სხვა სამყაროში გაქცევისა. სიმღერის შესრულების დროს მორისონი ხმას დაბლა უწევს და ექოს შთაბეჭდლებას ქმნის, თითქოს მუსიკალურ სეანსს ატარებს, იწვევს რემბოს სულს და პირდაპირ მიმართავს მას. ამ ახალი იდეებისა და პრინციპების განხორციელება კიდევ ერთ საჭიროებას აწყდება: “სათანადო ენის მონახვა” (“trouver une langue”). ამ პროცესს რემბო “სიტყვის ალქიმიად” (“l’alchimie du verbe”) მოიხსენიებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, სიტყვის ჩვეული, ბანალური მნიშვნელობის მიღმა მისი პირველადი აზრის დანახვასა და აღმოჩენაში მდგომარეობს. პირველად, ბუნებრივ აზრამდე მისაღწევ საშუალებას კი პოეტისთვის არსებული მნიშვნელობისა და ლოგიკის უარყოფა წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი სიგიჟის მომენტი, რომელსაც სრულ თავისუფლებამდე მივყავართ. ამიტომ ხშირია რემბოსთან უხამსი და არაპოეტური სიყვების ხმარება, ჰალუცინაციური ბოდვები და ფანტასმაგორიული სამყარო, ანუ ყოველივე ის, რაც ამავე დროს როკმუსიკის მთავარი დამახასიათებელი ნიშანიცაა. ის, რისი მიღწევაც რემბოს პოეზიის საშუალებით სურდა, როკმუსიკაში მუსიკის საშუალებით მიიღწევა. ისევე როგორც რემბოს პოეზიაში, აქაც ხშირია უჩვეულო მელოდიები, რომლებიც ხმაურს უფრო გვაგონებს და ჩვეული, ტრადიციული მუსიკის მიმართ ერთგვარი გამოწვევაა. ყოველივე აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რემბოსეული “სიტყვის ალქიმია” როკერებმა “ბგერის ალქიმიით” შეცვალეს, თუმცა მიზანი მაინც იგივე დარჩა. საბოლოოდ რემბოსაც და როკმუსიკოსებსაც სამყაროს შეცვლა სურდათ. “სამყარო ხელახლა გამოსაგონია” (“le monde est à réinventer”) – აცხადებს პოეტი და თითქოს ექოდ გამოეპასუხება მას ლეგენდარული “ბითლზების” სიმღერის ცნობილი ფრაზა: “We all want to change the world”– “ჩვენ ყველას სამყაროს შეცვლა გვსურს”. © 2005 "რემბო და როკმუსიკა - ამბოხი პოეზიასა და მუსიკაში" ადაპტირებული ვერსია ასევე დაგაინტერესებთ: 1. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმა 2. რომელი ქართველია გამოსახული სალვადორ დალის ნახატზე - უცნობი პორტრეტის ისტორია 3. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა" 4. საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელწოდებები - ეს ბევრმა არ იცის! 5. ჩარლი ჩაპლინის მონოლოგი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააფიქრა (+ვიდეო) 6. რატომ ჰგავს ერთმანეთს ქრისტე და იუდა და ვინჩის ნახატზე - უცნაური ისტორია 7. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული 138 8-ს მოსწონს
|