კინო ჩარლი ჩაპლინის მონოლოგი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააფიქრა (+ვიდეო) 2015, 7 იანვარი, 23:51 "მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა, - ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია: ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით ადა არა ერთმანეთის უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. მსოფლიოში ყველასთავისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს. ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა.
სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ ჩავიკეტეთ მასში. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ გაგვხადა ცინიკურები, ნიჭიერებამ კი - მკაცრნი და ბოროტნი. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად - სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება სასტიკი გახდება და ყველაფერს დავკარგავთ. თვითმფრინავმა და რადიომ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ასეთი გამოგონებები ჩვენში დადებით მხარეს აღვიძებს, გვიხმობს საყოველთაო ძმობისკენ, რათა ყველანი გავერთიანდეთ. ამ მომენტში ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მთელ მსოფლიოში. მილიონობით რწმენადაკარგულ მამაკაცამდე, ქალამდე და პატარა ბავშვამდე. იმ სისტემის მსხვერპლებამდე, რომელიც აწამებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს. ვისაც კი ჩემი ესმის, მივმართავ: იმედს ნუ დაკარგავთ!ახლა ჩვენს თავზე უბედურება ტრიალებს, რაც იმ ადამიანთა სიხარბისა და სიმკაცრის გამოა, რომლებიც ადამიანური პროგრესის გზას უფრთხიან. ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან! და ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ ისევ ხალხს დაუბრუნდება! და სანამ ადამიანებები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება! ჯარისკაცებო! ნუ ჩაუგდებთ თქვენს თავს ხელში ულმობელ ადამიანებს: მათ, ვისაც ეზიზღებით, ვინც გჩაგრავთ, ვინც განაგებს თქვენს სიცოცხლეს, გეუბნებათ რა უნდა აკეთოთ, რა იფიქროთ და რა იგრძნოთ; ვინც გწვრთნით და გკვებავთ, ვინც საქონელივით გიყენებთ, გექცევათ საზარბაზნე ხორცად. ნუ ჩავადრებით ამ შემზარავი ადამიანების ხელში. ნუ გახდებით მანქანა ადამიანების ხელში, რომელთაც მანქანის ტვინი და მანქანის გული აქვთ. თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ საქონელი! თქვენ ადამიანები ხართ! თქვენ გულში ადამიანთა მიმართ სიყვარული გაქვთ! თქვენ არ გეზიზღებათ: ზიზღი იმათ აქვთ, ვისაც არავინ უყვარს. ჯარისკაცებო! ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია: "ღვთის სასუფეველი თავად თქვენშია." არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალა, ძალა იმისა, რომ შექმნათ მანქანები, რომ შექმნათ ბედნიერება! თქვენ გაქვთ ძალა, რომ გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად. მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდით გამოვიყენოთ ეს ძალა, მოდით გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება იმუშავოს; რომელიც მოგცემთ მომავალს, ხანდაზმულებს კი - უსაფრთხოებას. ამგვარი დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან!ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს და არც არასოდეს შეასრულებენ! დიქტატორები ითავისუფლებენ თავს, მაგრამ იმონებენ ხალხს. მოდით, ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად. ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. მოდით, ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული. ჯარისკაცებო! დემოკრატიის სახელით, გავერთიანდეთ ყველანი!" "The Great Dictator", ჩარლი ჩაპლინი, 1940 წ. 668 6-ს მოსწონს
|