x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტალინის გარდაცვალება (ნ. ხრუშჩოვის ვერსია)

იოსებ ბესარიონის-ძე სტალინი 1953 წლის 5 მარტს 21 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა, მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) იყო. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხალხის ბელადის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. დაზუსტებით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა, სხვა ინფორმაცია კი, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეტად წინააღმდეგობრივი ხასიათის არის.
იმ მომენტიდან, როდესაც გამოაცხადეს საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის ავადმყოფობის შესახებ, ტყუილების ნიაღვარი წამოვიდა. გაურკვეველი მოსაზრებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სტალინი კრემლში, სამუშაო კაბინეტში გარდაიცვალა. ან მძიმედ ავადმყოფი სტალინი კრემლში დოკუმენტებზე მუშაობდა.


image

image

1956 წელს, როდესაც «პიროვნების კულტთან» ბრძოლა დაიწყო, უცხოურ პრესაში, ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ წევრზე, პონომერონკაზე დაყრდნობით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ სტალინს ინსულტი ცკ-ს პრეზიდიუმის სხდომაზე დაემართა. წყაროს ცნობით, მასზე ბელადმა საკითხი დააყენა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ებრაელის, ებრაელთა ავტონომიურ ოლქში (შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი, შეიქმნა 1934 წლის 7 მაისს.) გადასახლების შესახებ, რაზეც თითქოს პრეზიდიუმის წევრებმა აღშფოთება გამოხატეს, ხოლო სტალინი ცუდად გახდა. მან ფერი დაკარგა, ხელი გულზე იტაცა და გონება დაკარგა. მოგვიანებით, ხრუშჩოვმა იგივე ვერსია გაიმეორა, მაგრამ მოქმედების ადგილი მოსკოვის გარეუბანში მდებარე სამთავრობო აგარაკზე გადაიტანა, სადაც სტალინი ცხოვრობდა.
თუმცა, თავის მოგონებებში, ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის ცხოვრების უკანასკნელი დღეების სულ სხვა ვერსია გადმოსცა. რეალურა, მისი მოგონებები ერთადერთია, დაცვის თანამშრომლების მოგონებების გარდა, რომლის მიხედვითაც შეიძლება 1953 წ. 1-5 მარტის მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა.

image

ხრუშჩოვის ვერსია

image

ხრუშჩოვი თავის მოგონებებში წერს: «1953 წ. 1 მარტის ღამეს მე, მალენკოვი (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ბერია (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი) და ბულგანინი (თავდაცვის მინისტრი) სტალინთან ვიყავით აგარაკზე. ვისხედით, ვსაუბრობდით და ქართულ ღვინოს ვსვამდით. ბელადი ძალიან კარგ განწყობაზე იყო. დილის 6 საათი ხდებოდა, როდესაც დავიშალეთ და სახლებში წავედით».
მოგონებების მიხედვით, კვირა დღე ნიკიტა ხრუშჩოვმა სახლში გაატარა. გვიან საღამოს, უკვე დაძინებას აპირებდა, როდესაც მალენკოვმა დაურეკა და შეატყობინა, რომ სტალინის აგარაკზე რაღაც ხდებოდა. როგორც მას დაცვამ აცნობა, სტალინი თავისი ოთახიდან მთელი დღის მანძილზე არ გამოსულა, არა და, უკვე გვიანი საღამო იყო. ყველა აღელვებულია და სასწრაფოდ იქ უნდა წავიდეთო. ხრუშჩოვმა ბერიას და ბულგანინს გადაურეკა, მანქანა გამოიძახეს და აგარაკზე წავიდნენ.
15 წუთის შემდეგ, უკვე ადგილზე იყვნენ. იქ მალენკოვი დახვდათ და ყველანი ერთად დაცვის ოთახისკენ გაემართნენ. უკვე 11 საათი იქნებოდა, როდესაც სტალინთან საძინებელში, აგარაკზე მომსახურე მიმტანი ქალი გაგზავნეს. ის დაბრუნდა და თქვა, რომ სტალინი იატაკზე იწვა და ეძინა. ბელადის საძინებლის შემადგენლობაში იყო დიდი და პატარა სასადილო ოთახები. ის პატარა სასადილოს იატაკზე იწვა. დაცვის წევრებმა სტალინი დიდი სასადილოს ოთახში გადაიყვანეს და დივანზე დააწვინეს. ხრუშჩოვმა და მალენკოვმა ჩათვალეს, რომ საშიში არაფერი იყო და აგარაკი დატოვეს.


image

სტალინი და ხრუშჩოვი ლენინის მავზოლეუმზე


თუმცა, ნიკიტა ხრუშჩოვმა სახლში შესვლა ვერ მოასწრო, რომ ისევ მალენკოვმა დაურეკა. მან უთხრა, რომ აგარაკიდან დაცვამ შეატყობინა, რომ სტალინი უცნაურად სუნთქავდა. მოილაპარაკეს და აგარაკზე ექიმების გაგზავნა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ბიუროს ყველა წევრს დაურეკეს, კაგანოვიჩის და ვოროშილოვის ჩათვლით.
«ჩაძინებული» პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ექიმებმა დიაგნოზი დასვეს: სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გონების და მეტყველების დაკარგვა, მარჯვენა კიდურების დამბლა. მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ სტალინი სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ და 4 მარტის დილისთვის, თითქოს ბელადი უკეთესადაც გახდა. ის თანაბრად სუნთქავდა, ცალი თვალი გაახილა კიდეც და იქ შეკრებილ თანამებრძოლებს შეხედა. მაგრამ, ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ისევ დახუჭა.
5 მარტის საღამოს სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი გული სულ მალე გაჩერდებოდა. ამის შემდეგ, ექიმ-რეანიმატოლოგებმა გულის მასაჟის კეთება დაიწყეს. ექიმების მონაცვლეობით, ეს პროცესი მთელი საათი გაგრძელდა და კიდევაც გაგრძელდებოდა, ბერია რომ არ მისულიყო მათთან და არ ეთქვა: «გეყოფათ, ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი დასრულდა». ხალხის ბელადი ფართოდ გახელილი თვალებით იწვა და არ სუნთქავდა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სტალინი გარდაიცვალა...


დაცვის წევრებმა არ იცოდნენ, თუ რას წერდა «მოგონებებში», 1971 წელს გარდაიცვალი ხრუშჩოვი და ამიტომ, სხვაგვარად გადმოსცეს ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც სამთავრობო აგარაკშე, 1953 წლის მარტის I კვირას განვითარდა. მათ მომხდარი ფაქტიდან, 25 წლის შემდეგ, ის დღეები გაიხსენეს. ხოლო მათი მოგონებები, ასევე დაცვის თანამშრომელმა, ა. რიბინმა ჩაიწერა.


გაგრძელება იქნება

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა

* იყო თუ არა, ლენინზე თავდასხმა იმიტირებული და ვის აწყობდა მსგავსი სპექტაკლის მოწყობა

* ლენინის მავზოლეუმის საიდუმლო

* მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ. იყო თუ არა ის ტყვეთა ბანაკში
* გალინა ჯუღაშვილი: ტყვეობაში მამის როლს მისი ორეული, აბვერის აგენტი ასრულებდა
* «ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

0
533
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0