სხვა თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აიცილებთ უხარისხო პროდუქტების შეძენას 2017, 23 აგვისტო, 8:34 ლამაზი შეფუთვა, მიმზიდველი აქციები, მომღიმარი გამყიდველები-სუპერმარკეტებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ თქვენი ყურადღება მიიქციონ და რაც შეიძლება მეტი პროდუქტი "შემოგასაღონ". გირჩევთ, გაუძლოთ ცდუნებას და თავი აარიდოთ არასასურველი საქონლის შეძენას, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არამარტო უხარისხო, არამედ საფრთხის შემცველიც კი იყოს.
ამ სტატიაში შევეცდები, გაგიზიაროთ პატარ-პატარა ეშმაკობები, რომლებიც დაგეხმარებათ იმაში, რომ სახლში მხოლოდ ახალი და ჯანმრთელობისათვის უხიფათო პროდუქტები მიიტანოთ.
ხორცი ხორცის არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის ფერზე: ახალ საქონლის ხორცს აქვს ხასხასა მოწითალო ფერი, ხბოსას- ვარდისფერი, ხოლო ღორის ხორცს - ღია ვარდისფერი. თუ ხორცი ახალია, მასზე თითის დაჭერით წარმოქმნილი ღრმული მალევე სწორდება, ხოლო ძველზე ღრმული დიდხანს რჩება ჩაზნექილი. თუ ხორცის ზედაპირი წებოვანია, სლიპინა და სველი-საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ მის შეძენაზე უარი თქვათ. ფარში ფარშის ვარგისიანობის გამოცნობას მისი ფერით შეძლებთ. ის შეიძლება იყოს წითელი ან ვარდისფერი-შემადგენლობის მიხედვით. თუ ფარშს მონაცრისფრო ფერი დაკრავს-ის საკმაოდ დიდი ხნისაა. ხოლო თუ მასში კოშტებია, ესე იგი ის არცთუ ისე ახალი ხორცისგანაა გაკეთებული. ქათამი პირველ რიგში ქათმის ვარგისიანობის განსაზღვრაში მისი სუნი დაგეხმარებათ-სულაც არაა სირცხვილი, შეძენამდე უყნოსოთ. ხელი გაუსვით კანზე: თუ კანი წებოვანია და სველი, აჯობებს უარი თქვათ მის შეძენაზე. დაიმახსოვრეთ: ქათამი შეიძლება ახალი იყოს, მაგრამ მაინც არ იყოს გემრიელი ან მის მოხარშვას დიდი დრო დასჭირდეს. ახალგაზრდა ქათმის კანს ღია მოყვითალო ფერი აქვს, ხოლო ბებერს- მუქი ყვითელი კანქვეშ დაგროვებული ბევრი ცხიმით. ძეხვი და ბეკონი ალბათ ხშირად შეგინიშნავთ მაღაზიაში ძეხვეული, რომელსაც მოთეთრო ფერის ნადები აქვს, თითქოსდა პურის ფქვილი მოაყარესო. ეს საშიში არაა; შეიძლება ნადები ახალ ძეხვსაც ჰქონდეს, მაგრამ თეთრ ნადებთან ერთად თუ ძეხვეულის ზედაპირი წებოვანიცაა, მაშინ მისი შეძენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რძე თუ რძე მინის ბოთლში ასხია, მაშინ მისი ვარგისიანობის შემოწმება ჯერ კიდევ შეძენამდეა შესაძლებელი: წყლით განზავებულ რძეს მოცისფრო ფერი დაკრავს, ხოლო ნატურალური სქელია და თეთრი ფერისაა. კიდევ ერთი ხერხი რძის ხარისხის შესამოწმებლად: სწორ ზედაპირზე დავაწვეთოთ ერთი წვეთი რძე. თუ რძე ცხიმიანია, გაუზავებელი და კარგი ხარისხის, წვეთი არ გაიდღაბნება და თავის ფორმას შეინაჩუნებს. იმის შესამოწმებლად, კარგი ხარისხისაა თუ არა რძე, იოდი დაგეხმარებათ: თუ რძეში რამდენიმე წვეთ იოდს დაამატებთ და ის ცისფრად შეიღებება, ესე იგი რძეს სისქის მისაცემად სახამებელი აქვს დამატებული. წყლით განზავებული რძის გამოაშკარავება ადვილია სპირტით-ერთ წილ სპირტს დაუმატეთ ორი წილი რძე და შეანჯღრიეთ ნარევი ერთი წუთის განმავლობაში. დაასხით ეს სითხე თეფშზე და დააკვირდით-თუ მასში დაინახავთ თეთრ ნამცეცებს-რძე კარგი ხარისხისაა. თუ ეს ნამცეცები დაგვიანებით ან სულ არ ჩნდება-რძე წყლითაა განზავებული. გაყინული ბოსტნეული, ხილი და კენკრა პირველ რიგში დახედეთ თარო-მაცივრის ტემპერატურას, სადაც ეს პროდუქტები ინახება: თუ მისი მაჩვენებელი -18 გრადუსს ქვემოთაა, არ ღირს ასეთი პროდუქტის შეძენა. გამოდნა თუ არა გაყინული პროდუქტი ტრანსპორტირების დროს, ამას შეფუთვაზე შეატყობთ: თუ მასში გაყინული სითხეა ან პაკეტი გაბერილია, მერწმუნეთ, ამგვარი პროდუქტის შეძენა არ ღირს. პური ხარისხიანი ფქვილისაგან გამომცხვარი პური კარგად ინარჩუნებს ფორმას. დააწექით ცერა თითით პურის ზედაპირს, თუ ჩაღრმავება მასზე დარჩა-ესე იგი, პურს გამოცხობა აკლია. მაკარონი მაგარი ჯიშის ხორბლისაგან დამზადებულ მაკარონს ხასხასა ოქროსფერი ან ქარვისფერი შეფერილობა აქვს. თუ მაკარონი ყვითელია, მასში საღებავია დამატებული და ასეთი პროდუქტის შეძენას არ გირჩევთ. კვერცხი კვერცხის არჩევის დროს რომ შეცდომა არ მოგვივიდეს, აიღეთ ის ხელში და სინათლეზე გახედეთ: თუ კვერცხში მუქი ჩრდილები ჩანს, ის გაფუჭებულია და საკვებად არ გამოდგება. მიიტანეთ კვერცხი ყურთან და გაანძრიეთ:თუ ხმა მოგესმათ, ესე იგი, ცილა უკვე გაწყალებულია. ასეთი კვერცხის ჭამას კი ჯობს თავი აარიდოთ. ყავა დასაფქვავი ყავის შეძენის დროს აიღეთ ერთი მარცვალი და კბილით გაკვნიტეთ: ის იოლად უნდა გატყდეს, თუმცა შიგნითა მასა უნდა იყოს მშრალი და მაგარი. რბილი მარცვალი მხოლოდ უხარისხო ყავას აქვს. დაფქული ყავის ხარისხიანობის შემოწმება შეიძლება სუნით: მას უნდა ჰქონდეს ზუსტად ისეთი სუნი, როგორიც აქვს იგივე ჯიშის მარცვალს. თუ ყავას აქვს მძაფრი, სპეციფიკური სუნი, სავარაუდოდ, მასში არომატიზატორებია დამატებული. დასასრულს, ხსნადი ყავის ხარისხი შეიძლება შევამოწმოთ ერთადერთი გზით: ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში ჩავყართ ერთი ჩაის კოვზი ყავა. კარგი ხარისხის ყავა მორევის გარეშეც კარგად იხსენება წყაში და არ ტოვებს ნალექს. კარაქი ნაღების კარაქის ხარისხის შემოწმება ძალიან იოლია: თუ ნამდვილი კარაქის პატარა ნაჭერს მდუღარე წყალს დავასხამთ, ის წამში გადნება, ხოლო მარგარინი კი ნაწილ-ნაწილ დაიშლება. დაიმახსოვრეთ, რომ ნატურალური კარაქის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორი ინგრედიენტი: მოუხდელი რძე და ნაღები. თუ ასაწონ კარაქს ყიდულობთ, დააკვირდით მის ფერს-კარაქის ფერი არ უნდა იყოს ძალიან ყვითელი და არც ზეწარივით თეთრი, კონსისტენციას-კარგი კარაქი მაგარია და გაჭრისას სრიალა ნაწიბურს ქმნის, ხოლო უხარისხო კი წვრილ ნამცეცებს შეიცავს და ფენებად იშლება და შენახვის ვადას- ნატურალური კარაქი ინახება არა უმეტეს 12-15 დღე. მზესუმზირის ზეთი თუ ბოთლის ფსკერზე რაიმე სახის ნალექს შენიშნავთ-არ შეიძინოთ ასეთი პროდუქტი. ნალექის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ზეთში ცხიმოვანი მჟავები გადაიწვა და სადილს ასეთი ზეთი მომწარო გემოს მისცემს. 420 12-ს მოსწონს
|