თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა, სახელად სფინქსი, ისევე არ ასვენებს ცნობისმოყვარე მეცნიერებს, როგორც პირამიდები. ვინ, როდის და რა
მიზნით ააგო დიდი სფინქსი დღემდე პასუხგაუცემელ კითხვად რჩება.
სფინქსი-სიტყვის ეტიმოლოგია
არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა „სფინქსი“ ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას „შესეფ-ანხ“-ის ეძახიან, რაც ნიშნავს „ცოცხალ ხატს“ და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ან მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელი სფინქსი ბერძნული მითოლოგიიდან მოდის, სადაც ლომის სხეულისა და ადამიანის თავის მქონე ქმნილებას სფინქსი ერქვა. თავად სახელი ძველი ბერძნული ზმნა „ფიქსი“-დან წარმოიშვა, რაც დახრჩობას ან მოგუდვას ნიშნავს. რაც არ უნდა იყოს, სფინქსი მისტიური ქმნილებაა. მიაჩნიათ, რომ სხეული შექმნილია იმ კავშირის გამოსახატავად, რაც არსებობდა ადამიანსა და სეხმეტს ( ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, გამოისახებოდა ლომის თავით) შორის. ეგვიპტეში სფინქსი მიჩნეული
იყო საკულტო ადგილების მცველად, ამიტომაც ხშირად მათ ტაძრების შესასვლელში ვხვდებით.
პირველი სფინქსი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეგვიპტის პირველ სფინქსად მიჩნეულია, სფინქსი, რომელიც გამოსახავს დედოფალ ჰეტეპჰერეს II-ს. ის იყო ძველი ეგვიპტის დედოფალი მეოთხე დინასტიიდან, რომელიც 4, 500 წლის წინ მოღვაწეობდა. სხვა მაგალითი სფინქსისა, რომელსაც ქალური სახე აქვს არის ხატშეფსუტის სფინქსი, რომელმაც სფინქსი ააგებინა იმის გამო, რომ ყურადღება გაემახვილებინა თავის „წარმატებულ“ მმართველობაზე. დღეს ეს სფინქსი ინახება მეტროპოლიტენის მუზეუმში ნიუ-იორკში.
სფინქსის თავები
ტრადიციის თანახმად, სფინქსებს აგებდნენ ძირითადად იმ მიზნით, რომ ტაძრები დაეცვათ მოსალოდნელი საფრთხისგან. ამიტომაც იგებოდა მეტი და მეტი სხვადასხვა ტაძრისთვის. თებეში- არის კარნაკის ხეივანი, სადაც 900 სფინქსი, წინ უძღვის ტაძარს. იმის მაგივრად, რომ მათ ჰქონდეთ ტრადიციულად ადამიანის თავი, ამ სფინქსებს აქვს ვაცის (მამალი ცხვრის) თავი, რომელიც წარმოადგენს ღმერთ ამონს, თანახმად იმ ინფორმაციისა, რომ ის ხშირად იღებდა ცხვრის ფორმას. არის სხვადასხვა მაგალითები ისეთი სფინქსებისა, რომლებსაც აქვთ ქორის ან შევარდენის თავები.
გიზის დიდი სფინქსი
გიზის დიდი სფინქსი, რომელიც მდინარე ნილოსის დას.სანაპიროზე მდებარეობს, ხაფრას პირამიდისკენ მიმავალი გასასვლელი მახლობლად, უკიდურესი აღმოსავლეთით, იდუმალების ნათელი მაგალითია. ერთი შეხედვით, ის გიზის ნეკროპოლისის ფარაონთა სულებს დარაჯობს, თუმცა ლომის ამ განსაცვიფრებელი ტანისა და ადამიანის თავის მიღმა შორეული წარსულის კვალი მოჩანს, რომლის შეცნობაც დღემდე არავის ძალუძს. ძველი სამეფოს ისტორიულ ჩანაწერებში, ეგვიპტოლოგების გადმოცემით, მოხსენიებული არაა ის პერიოდი, თუ როდის გამოკვეთეს დიდი სფინქსი კირქვის უმტკიცესი ქვისგან. ფიქრობენ, რომ დიდი სფინქსი IV დინასტიის ფარაონთა ხანაშია აღმართული, რასაც ძეგლის ეროზის საფუძველზე ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ მისი ისტორია 9000-დან 15000-მდე წელს უნდა ითვლიდეს. სფინქსის სიძველის შესახებ გამოთქმული ეს მოსაზრება მაინც მიუღებელია.. გარდა ამისა ის ფაქტი, 7 რომ დიდი სფინქსი 4500 წელს ითვლის და აქედან 3100 წელი თითქმის უდაბნოს ქვიშით იყო დაფარული, მოითხოვს ზუსტად განისაზღვროს იმ ზემოქმედების ფაქტი, რამაც მისი სტრუქურის დაშლა განაპირობა.
ყველაზე მიღებული ვერსიით კი მის აგებას ფარაონ ხეფრენს მიაწერენ (დიდი სფინქსის სახის მიღმა თავად მისი მშენებელი ფარაონი ხაფრა (ხეფრენი) იმალება). თავი გაცილებით მაგარი ქვით არის ნაკვეთი, ვიდრე ტანი, რომელიც რბილია და ადვილად იშლება. დიდი სფინქსი გიზის პირამიდის აგებისას იმავე ქვის სამტეხლოში უზარმაზარი კირქვის ლოდისგან გამოკვეთეს. გამოთლის თარიღად ძვ.2600-2500 წ.წ. ასახელებენ. მისი ზომებია: სიგრძე- 73 მ; სიმაღლე- 14 მ; სიგანე-20 მ.
შეფერილობა-ვარაუდობენ, რომ ეგვიპტის ძველი სამეფოს ხანაში სფინქსის
სხეული და სახე წითელი შეფერილობის იყო.
სფინქსის აღმოჩენა
დროთა განმავლობაში სფინქსი მხრებამდე ქვიშით დაიფარა და პირველად ფარაონ თუტმოს IV-ის ბრძანებით გათხარეს ( ძვ.წ. 1400). ფარაონმა მივიწყებული და ხელმეორედ აღმოჩენილი დიდი სფინქსი ღვთაება ჰორთან (ცისა და მზის ღმერთი, ერთ დროს ღემრთკაცი, მრადიულობის მეუფე, უდაბნოს მბრძანებელი) გააიგივა და მისი კულტიც აღადგინა. თუტმოს IV-მ სფინქსის ფერხთით აღმართა „ოცნების სტელა“. ესაა 2, 12 მ სიმაღლის გრანიტის, რამდენიმე ტონიანი ფილა, რომელზეც დატანილი წარწერა გვამცნობს: ჯერ კიდევ ტახტის მემკვირდე თუტმოსი უდაბნოში სანადიროდ გასულა. დამღლელი დღის შემდეგ ძილი მორევია და დიდი სფინქსის თავთით ჩასძინებია.
სიზმარში უნახავს, თუ როგორ იძენდა ახალ სიცლოცხლეს დიდი სფინქსი, თუტმოსს კი ეგვიპტის ფარაონობას ჰპირდებოდა, ოღნდ ერთ პირობით, თუ ამ კოლოსალურ მონუმენტს ქვიშისგან გაწმენდდა. თუტმოსმა პირობა შეასრულა დაუფლისწულმა დიდ სფინქსს ახალი ტაძარიც კი აუგო. ეგვიპტის ახალ სამეფოში ეს ძეგლი პილიგრიმებს მრავლად იზიდავდა. მომლოცველების ეს ტრადიცია განსაკუთრებით ძვ. IV საუკუნეში მძლავრობდა, რადგა რომაელმა იმპერატორმა თეოდოსიუსმა საკულტო-სარიტუალო მსახურება აკრძალა.
დღესავით ნათელია, რომ დიდი სფინქსის მისია საკრალური ადგილის, დედამიწაზე ღვთაებათა რიგში აყვანილი პირველ ფარაონთა აკლდამების დაცვა იყო. სფინქსის სახე აღმოსავლეთსაკენაა მიმართული, განთიადს ეგებება, მარტსა და სექტემბერში კი დღე-ღამის გათანაბრების მომსწრეა, რამაც სფინქსის გიგანტურ ფიგურას კომოსური დანიშნულებაც შესძინა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ძველმა ხალხმა რომლებმაც ააგეს ეს კოლოსალური ნაგებობა, შესანიშნავად იცოდნენ თავიანთი ერა და ფიგურის ზუსტ ორიენტირებას ახდენდენ სივრცესა და სიბრტყეზე. როდესაც აიგო სფინქსი, ლომის ერა უნდა ყოფილიყო სამყაროში. იგულისმება, რომ ამ ეპოქაში გაზაფხულის ბუნიობის წერტილი ლომის თანავარსკვლავედში იყო. დედამიწის ღერძის პრეცესიის გამო ეს წერტილი ყოველ 2300 წელიწადში ახალ თანავარსკვლავედში ინაცვლებს, 13 000 წელიწადში 6 თანავარსკვლავედ მოივლის, 26 000 წლის შემდეგ კი საწყის თანავარსკვლავედს დაუბრუნდება.
სფინქსის ცხვირი
ყველაზე გავრცელებული გადმოცემით დიდ სფინქსს ცხვირი ნაპოლეონის ჯარისკაცებმა მოამტვრიეს, მაგრამ არსებობს XV საუკუნის ეგვიპტური დოკუმენტური მასალები, რომლის მიხედვითაც დიდ სფინქსს ცხვირი 1389 წელს ფანატიკოსმა სუფისტმა მოჰამედ საიმ ალ-დარმა მოამტვრია.სუფისტი განრისხებულა, როდესაც გლეხებს კარგი მოსავლის მიღების იმედით დიდი სფინქსისთვის ძღვენი მიურთმევიათ და ამიტომაც კერპთაყვანისმცემელთა დაუძინებელ მტერს მისთვის ცხვირი მოუმტვრევია. სუფისტი ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა. თავად სახე კი, XV საუკუნის არაბული ქრონიკების თანახმად, მამლუქებმა დააზიანეს. ძველი ეგვიპტის ქმნილებათა რესტავრირებისას
XVIII დინასტიის ფარაონებმა დიდი სფინქსის არა მხოლოდ დამცავი ფენა განაახლეს, არამედ უძველესი ღვთაების შესაბამისად დაწნული წვერითაც დაამშვენეს, მაგრამ ეს დამატებითი ორნამენტი სფინქსს დიდხანს არ შერჩენია.
საბოლოო ჯამში, დღემდე არავინ იცის რა დანიშნულება ჰქონდა ამ გიგანტურ ნაგეგობას, რომელიც ვინ იცის, რამდენი ხანია, რაც ჩვენ სამყაროს ამშვენებს და იდუმალებით მოსავს.