სხვა ტრადიციების და ცივილიზაციის გასაოცარი შეხვედრა - ხიმბას ტომელი ქალი თანამედროვე სუპერმარკეტში 2016, 9 სექტემბერი, 9:21 აფრიკაში მცხოვრები ხიმბას ტომის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტრადიციულ სამოსში იყო ჩაცმული, შვედმა ფოტოგრაფმა იმ მომენტში შეამჩნია, როცა გოგონა სუპერმარკეტში პირველადი დანიშნულების საგნებს ყიდულობდა.
ქალი, რომელიც შეხედულებით ოცი-ოცდაორი წლის იქნებოდა, ჩაცმული იყო თხის ტყავისაგან შეკერილ სამოსში, მისი ტანი კი მთლიანად იყო დაფარული სპეციალური ტალახით, რომელიც კანს მცხუნვარე მზის სხივებისაგან იცავს. ბედნიერი დამთხვევის წყალობით, იმავე სუპერმარკეტში შემთხვევით აღმოჩნდა შვედი ფოტოგრაფი ბერნ პენსონი, რომელიც დოკუმენტურ ფილმს იღებს ხიმბას ტომის ცხოვრებასა და ტრადიციებზე. "თავდაპირველად გოგონამ ვერ გაიგო, თუ რას ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ მას ფოტოებს ვუღებდი და ხელი არ შემიშალა ამაში", -ამბობს ფოტოგრაფი, რომელმაც ვერ შეძლო ხელიდან გაეშვა ასეთი მშვენიერი მომენტი. შვედი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოსურათები ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა. სურათებს თან ერთვოდა ახსნა-განმარტება, თუ რას წარმოადგენს ხიმბას ტომი. სტატიაში აღნიშნულია, რომ აფრიკის ამ უნიკალური ტომის მცხოვრებლებს შემონახული აქვთ უძველესი ტრადიციები, თუმცა დროდადრო ცივილიზაციის სიკეთეებითაც სარგებლობენ. ბერნ პენსონი მოგვითხრობს, რომ ხიმბას ტომელები ყოველთვის ასე არიან ჩაცმულები, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან ისინი თავიანთ სოფელში თუ რომელიმე დიდ ქალაქში. "ეს ტრადიციაა და ისინი ამას მიმზიდველად თვლიან. ხიმბას წარმომადგენლები არასოდეს არ იცვამენ თანამედროვე ტანსაცმელს", -აღნიშნავს ფოტოგრაფი. მიუხედავად გასაოცარი კონტრასტისა, გამყიდველებმა გოგონაზე დიდი ყურადღება არ გაამახვილეს და მას ჩვეულებრივი კლიენტივით მოემსახურნენ. "ადამიანები მიეჩვივნენ აქ მათ გამოჩენას და ამიტომაც არ ათვალიერებენ დაჟინებით. ჩემი ფოტოების გმირი უბრალოდ ყიდულობდა ფქვილს, შაქარს და სარეცხ ფხვნილს, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი ხილვით"-, ამბობს ფოტოგრაფი. შვედი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ტრადიციების და თანამედროვე სამყაროს შეჯახება. ცოტაოდენი რამ ხიმბას ტომის შესახებ: ჩრდილოეთ ნამიბიასა და მის მოსაზღვრე დასავლეთ ანგოლაში მცხოვრები ხიმბას ტომი დააახლოებით 50 ათასამდე ადამიანს ითვლის. ტომის მცხოვრებლები ლაპარაკობენ ოჯიხიმბას ენაზე და ითვლებიან ნამიბიაში მცხოვრებ ერთადერთ ნახევრადმომთაბარე ტომად. ოჯახები ძირთადად დაკავებული არიან მესაქონლეობით - ამრავლებენ ცხვრებსა და თხებს. ხიმბას ტომელი ქალების და მამაკაცების ტრადიციული სამოსი გათვლილია იმ ადგილების ნახევრადმშრალ კლიმატზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. როგორც წესი, ხიმბას ტომელი ქალები და გოგონები გაცილებით მძიმე სამუშაოს ასრულებენ, ვიდრე ჭაბუკები და მამაკაცები. მაგალითად, ქალების მოვალეობაში შედის წყლის მოტანა, რაც საკმაოდ მძიმეა საქმეა, ვინაიდან წყალს კილომეტრობით მანძილიდან ეზიდებიან, ხოლო მამაკაცის მოვალეობაში შედის შინაური ცხოველების მოვლა. 1990-იან წლებში დიდი გვალვების გამო ხიმბას ტომმა თავისი საქონლის 90% დაკარგა, ბევრმა ხიმბელმა შიმშილისაგან სიკვდილის შიშით მიატოვა სოფელი და ლტოლვილებად წავიდნენ სხვა ქვეყნებში, ან შეუერთდნენ გასამხედროებულ დაჯგუფებებს. ტომი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო აქტივისტებთან, ცდილობს დაიცვას თავიანთი ცხოვრების სტილი, პროტესტით გამოდის მდინარე კუნანზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის აშენების წინააღმდეგ... მოკლედ, ტომი ცდილობს ძველებური ტრადიციები შეინარჩუნოს, მაგრამ მათ ძალაუნებურად მაინც უხდებათ ცივილიზაციასთან შეჯახება. შვედი ფოტოგრაფის მცირე ფოტოსესია სწორედ ამის დადასტურებაა. 384 11-ს მოსწონს 1-ს არა
|