საზოგადოება "საავადმყოფოს ცარიელ და ბნელ დერეფნებში თეონას ვეძებდი... ნეტავ მე მომკვდარიყავი..." 2016, 8 სექტემბერი, 9:20 ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე 15 წლის წინ ბათუმიდან თბილისისაკენ მომავალ გზაზე, ფოთის ხეივანში მომხდარ საშინელ ავტოავარიას იხსენებს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად რეჟისორ გიო მგელაძის მეუღლე, თეონა გარდაიცვალა, მას პატარა ვაჟი ლუკა დარჩა. საჭესთან ნინია კაკაბაძე იჯდა. გიო მგელაძეც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თეონას დედამ ვერ გაუძლო ამხელა ტრაგედიას და თავი მოიკლა, ხოლო დედამთილი პანაშვიდებზე გულის შეტევით გარდაიცვალა. აი, რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე: "15 წლის წინ 4 სექტემბერს ავარიაში მოვხვდით. ეს დღე ჩემს თავში და თვალებში იმდენჯერ დატრიალდა, რამდენი დღეც გავიდა მას შემდეგ. რაღაც დეტალებს მაინც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ფოთის ის ხეივანი სულ თვალწინს მაქვს. სენაკის მიგდებულ და დაცარიელებულ საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ფეხშიშველი და სისხლებში ამთხვრილი დავდიოდი საავადმყოფოს ცარიელ და ბნელ დერეფნებში და თეონას ვეძებდი (არ ვიცოდი მისი გარდაცვალების ამბავი). ამ სცენას ხშირად ვხედავ სიზმარში, ოღონდ სიზმარში ვპოულობ. ცოცხალია და ისევ ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე. მაშინ ვფიქრობდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ, ნეტავ მე მომკვდარიყავი და თეონა ცოცხალი ყოფილიყო. ჩემზე გაცილებით მეტს შეძლებდა ლუკასთვისაც და ზუკასთვისაც, ყველასთვის ვინც გადარჩა და გადარჩებოდა. ყველაზე მაგარი, ერთგული, ძლიერი, თავდადებული იყო!" იმ დღეს მათი მეგობრებიც იხსენებენ: " წინა საღამოს რა ბედნიერები ვიყავით ყველა, ბავშვებს სახეზე ახატავდა, თავზარდაცემა-ალბათ ეს სიტყვაა, რაც ყველაზე სწორად აღწერს მეორე დღეს..." "მკაფიოდ მახსოვს ეგ ზაფხული, თეონამ მიმის როგორი ფანტასტიკური ფოტოები გადაუღო.... ლუკა და ზუკა რა პატარები იყვნენ... გიო ლუკას და მიმის ფილმში რომ იღებდა.... და ნუ ამბობ, მე უნდა მოვმკვდარიყავიო. შენ არ გინახავს შენი თავი გარედან ავარიის მერე, მეც და სხვებს - გვახსოვს. აღარ თქვა ეგ, წიწილა არ გეყოლებოდა..." 622 3-ს მოსწონს 1-ს არა
|