"მომენატრა ციხური სიმშვიდის განცდა.... ასწორებს ასეთი ცოცხალი სიკვდილი..."-შალვა რამიშვილს ციხე მოენატრა.
სკანდალური ტელეწამყვანი და ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს იმ წლებს, როდესაც იგი ციხეში იჯდა:
"ციხე მომენატრა"
მომენატრა ციხური სიმშვიდის განცდა. ზიხარ ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული. იცი რომ დღეში სამჯერ საჭმელს მოგიტანენ, კვირაში ერთხელ დასაბანად გაგიყვანენ, წელიწადში ერთხელ - ზეწარს გამოგიცვლიან. იმ გაბოროტებულ ზედამხედველს თუ წინა ღამით ცოლმა არ მისცა, მაშინ სავარაუდოდ გცემენ, თუ მისცა - მუჯლუგუნით გახვალ იოლად.
მომენატრა ციხის შაბათები. არც "პერედაჩია", არც "სვიდანია". კორპუსი გარინდულია. სიჩუმეა. შენ წევხარ ერთი თითის დადება სისქის ლეიბზე და ფიქრობ:
"მე მგონი დავიბრიდე... ვა რა მაგარი ყოფილა საიქიო... ვსუნთქავ... "ბალანდას" მივირთმევ... ასწორებს ასეთი ცოცხალი სიკვდილი" .
კიდევ ფიქრობ, რომ როგორც იქნა მიაკვლიე მარადიულ რაღაცეებს. აი, მაგალითად ეს საკანი კონსტანტაა. მარადისობა გაივლის და ის სიგრძეში 8 ნაბიჯი იქნება, სიგანეში-3. აქ უამრავი რამ აღარ გჭირდება. არ გჭირდება ფერების გარჩევის უნარი. წითელი არ შეგაშფოთებს, ყვითელი არ შეგაშინებს და მწვანე არ დაგამშვიდებს, რადგან ციხეში ფერები არაა.
ციხეში არაა ქალი. შესაბამისად აქ ქალის წვივები მეტაფიზიკური საგნებია. არც კი გახსოვს, ჰქონდათ ქალებს წვივები თუ უწვივო ფეხებზე იდგნენ?! აქ არა ხარ ქართველი ან მორწმუნე. აქ სამშობლო არ გაქვს. აქ კალვერას გულშემატკივრობ და არა კრისს. პოლიციები გძულს და ბანდიტები გიყვარს. აქ არ ფიქრობ თავისუფლებაზე, რადგან უკვე დაიბრიდე.
როგორც კი გაგახსენდება, რომ ცოცხალი ხარ და დაგატუსაღეს, მაშინვე კარების ღრიჩოდან შემოსრიალდება დიდი გველი. გველი შემოგეხვევა და ყურში ჩაგჩურჩულებს "შენ აქ ხარ, გარეთ კი შენიანები არიან უშენოდო". აი, ესაა ყველაზე ცუდი რამ... ამ გველის ნაჩურჩულები. შენები ხომ ბევრნი არიან: შენი შვილები, ცოლი, დედა, U2, ბრუს ლი, პირველად რომ აკოცე მერვე კლასში ის გოგო, ფუნიკულიორის ანძა. და ეს ყველაფერი იქ არის გარეთ... შენ კი აქ ხარ. ეს კი გტკივა... მუცელში გტკივა. ამიტომ ეს გველი არ უნდა შემოუშვა, არ უნდა იფიქრო რომ ცოცხალი ხარ, უნდა იფიქრო, რომ დაიბრიდე და სულ აქ იქნები. მარადისობა იწვები შაბათის საკანში ერთი თითის დადება ლეიბზე და იფიქრებ მისცა თუ არა ცოლმა შენს ზედამხედველს წინა ღამით. ოღონდ მშვიდად, აუღელვებლად იფიქრებ.
წარმოიდგინეთ, როგორ ასწორებს: სადღაც სხვაგან მთელი ამბები ხდება, ხალხი ცოცხლობს, მიდი-მოდის, ებღაუჭება რაღაცეებს, აქ მოხვედრის ანუ დაბრედვის ეშინია...
შენ კი უკვე აქა ხარ და ჯერ კიდევ სუნთქავ.
30.07.2012"