რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია. || ნაწილი
რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია.
დაოჯახებულმა ნააბრაგალმა ოჯახს მოჰკიდა ხელი და მალე მამისეული ჯოგის აღდგენასაც მიჰყო ხელი.
2–3 დღით იკარგებოდა ხანდახან და არავინ იცოდა თუ სად მიდიოდა ან რისთვის მიდიოდა ყოფილი აბრაგი, თუმცა ხალხის თვალს და ყურს რას გამოაპარებ მალე დაიწყეს ჭორაობა იმაზე თუ სად დადიოდა კოჩა.
ერთნი ამბობდნენ ისევ გაიხსენა ძველი "ხელობა" და სააბრაგოდ დადისო, მეორენი ამტკიცებდნენ აბრაგების დამალული საგანძურის სანახავად დადის და საგანძურიდან აღებულ ძვირფასეულობის ნაწილს სადღაც ჰყიდის ამიტომ ცხოვრობს ასე შეძლებულადო.
ჭორებმა ბუნებრივია ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია და კოჩა რამდენიმეჯერ მილიციაში დაიბარეს კიდეც, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს, რამდენიმეჯერ კაციც მიუჩინეს სათვალთვალოდ, მაგრამ კოჩას აბრაგის ალღო და ინტუიცია არ ღალატობდა და ყოველთვის ამოიცნო მისთვის მიჩენილი კაცი.
ხელისუფლებასაც მობეზრდა კოჩას თვალთვალი და კოჩას შესახებ მიღებული ინფორმაცია ჭორად ჩათვალა.
კოჩა კი ოჯახში მუხლჩაუხრელად მუშაობდა, ჯოგი სახელმწიფოს რომ არ წაერთვა მოისაზრა და თავად ჩააბარა სახელმწიფოს, ხელისუფლებამაც დააფასა მისი საქციელი და უზარმაზარი ფერმის გამგედ დანიშნეს მხოლოდ სასკოლო განათლება მიღებული კაცი.
კოჩამ აქაც გამოიჩინა "ფხა" და მალე მისი ფერმა ერთერთი საუკეთესო გახდა დასავლეთ საქართველოში. კოჩას ხასიათის სიმტკიცემ ფერმაში მომუშავე პერსონალი წესრიგს და მუყაითობას შეაჩვია, ფერმის მეშვეობით კოლმეურნეობის ბიუჯეტიც შესამჩნევად გაიზარდა, შესაბამისად ფერმაში მომუშავე კოლმეურნეების ანაზღაურებაც გაიზარდა.
დაოჯახებიდან მეორე წელს კოჩას ტყუპი შვილი შეეძინა, გოგო და ბიჭი. გახარებულმა კოჩამ შვილების აღზრდას მიჰყო ხელი ფერმაში მუშაობის პარალელურად, დრო კი გადიოდა და იქნებ ყოფილი აბრაგის ცხოვრება ასე ბედნიერად გაგრძელებულიყო რომ არა ერთი შემთხვევა, სკოლაში მიმავალ ბავშვებს მეზობელი სოფლის კოლმეურნეობის მანქანა დაეჯახა და 2 ბავშვი გაიტანა, დაღუპული ბავშვებიდან ერთერთი კოჩას გოგონა აღმოჩნდა, ფერმაში მყოფ კოჩას მისი ოჯახის ტრაგედია თავად კოლმეურნეობის თავმჯდომარემ მიუტანა, რამდენიმე წუთში ლამის მთელი სოფელი დაფარა დაჭრილი დათვის ღიალის მსგავსმა ხმამ, რომელსაც ლამის სიგიჟის ზღვარზე მისული კოჩა გამოსცემდა.
მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა რამდენიმე კვირის უშედეგო ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და დამნაშავის ძებნა საკავშირო მასშტაბზე გადავიდა, თუმცა არც ამან გამოიღო შედეგი.
კოჩამ ნათესავების და კოლმეურნეობის ხელმძღვანელობის თხოვნის მიუხედავად ფერმის გამგეობა მიატოვა და თავად შეუდგა დამნაშავის ძებნას.
კოჩამ ძველი მეგობრების დახმარებით მთელ სამეგრელოში და აფხაზეთში დაიწყო შვილის მკვლელის ძებნა და ბოლოს გუდაუთის ერთ მთიან სოფელში ნათესავ აფხაზებთან შეფარებულ დამნაშავესაც მიაგნო.
თუმცა არ ხელისუფლება და მილიცია იჯდა გულზე ხელდაკრეფილი და კოჩას ერთი ნაბიჯით დაასწრეს ძებნილის დაკავება.
დაკავებული ბადრაგის თანხლებით ჩაიყვანეს სასამართლოზე გასაყვანად. ლამის მთელი დაბა ესწრებოდა სასამართლოს, ვინ დარბაზში და ვინ ეზოში და მაშინ როცა მოსამართლეს დამნაშავისათვის განაჩენი უნდა გამოეტანა დარბაზში მყოფი კოჩას ხელში მოულოდნელად გაჩენილმა მაუზერმა რამდენიმეჯერ იჭექა და ბადრაგს შორის მჯდარი დამნაშავე ადგილზევე გარდაიცვალა.
კოჩას გაქცევა არც კი უცდია, მაუზერი მილიციელების მხარეს თავადვე გადააგდო და ჩაბარდა.
რამდენიმე დღეში კი დარბაზში, სადაც კოჩას შვილის მკვლელის პროცესი გაიმართა უკვე კოჩას სასამართლო პროცესი იყო გამართული.
პროკურორმა ბრალდებულის წარსული გაიხსენა და განსაკუთრებით მძიმე სისასტიკით მკვლელობის მუხლი მიუსადაგა ბრალდებულს და განაჩენად დახვრეტა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა კოჩას შემორიგების მერე მისი პატიოსანი ცხოვრება, არც ის დავიწყებია როგორ ჩააბარა სახელმწიფოს თითქმის 100 სული მსხვილფეხა საქონელი, არც ის დაუმალავს კოჩას გამოისობით რამხელა მოგება ნახა კოლმეურნეობამ და საბოლოო ჯამში კოჩას დახვრეტის ნაცვლად 15 წელი მიუსაჯა.
12 წელი კალენდარულად მოიხადა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ციხეში და კოლონიაში წყნარი პატიმრის "სტატუსმა" დარჩენილი 3 წელი მოუხსნა და 12 წლის მერე კოჩა მშობლიურ დაბაში დაბრუნდა, უკვე საკმაოდ მოტეხილ კოჩას პატარა ბიჭი უკვე მოწიფულ ვაჟკაცად დახვდა.
ბიჭს დედასთან ერთად მუხლჩაუხრელად ეშრომა და კოჩასაც სახლიც და ეზოც ბევრად გაუმჯობესებული იერით დახვდა.
კოჩა თავად ერიდებოდა დაბაში გასვლას, მაგრამ მასთან მიმსვლელი და მომკითხავი ბევრი აღმოჩნდა.
ერთ საღამოს კი კარგ ცხენზე ამხედრებული კოჩა ისევ გამოჩნდა დაბაში, დაბა გაიარა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, 3 დღე არ გამოჩენილა კოჩა დაბაში, მხოლოდ მეოთხე დღეს დილით უთენია დაბრუნდა სახლში და შვილს დაადგა საწოლ ოთახში, შვილო სწავლის გაგრძელებას ხომ არ აპირებ? ეს იყო პირველივე კითხვა რაც კი ჰკითხა შვილს, კი მამა მინდა სწავლის გაგრძელება უპასუხა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ბიჭმა.
თბილისში გამოცდებზე მიმავალ შვილს კოჩაც გაჰყვა და სანამ შვილმა ბოლო გამოცდა არ ჩააბარა გვერდიდან არ მოსცილებია. ბინაც კარგი დაუქირავა და როცა საქმე ფულის დატოვებაზე მიდგა იმხელა თანხა დაუტოვა გაკვირვებულმა ბიჭმა მამას მრავლისმეტყველი თვალებით შეხედა, კოჩამ ფული შვილს გადასცა და უთხრა: შვილო იცოდე ფულში არაა ბედნიერება, ეცადე კარგად ისწავლო და კარგი განათლება მიიღო, ცუდ გარემოცვას ერიდე და ფულს საჭირო რაოდენობით მუდამ გამოგიგზავნი, დანაზოგი მაქვს და არაა პრობლემაო.
მართლაც კოჩას ბიჭმა (მოდით მას შოთა დავარქვათ) მთელ ჯგუფში და ფაკულტეტზე საუკეთესო სტუდენტის სახელი "დაიგდო", სიყვარულიც მალე ეწვია როცა ცხაკაიელი (სენაკს სსრკ–ს დროს ცხაკაია ერქვა) სტუდენტი გოგონა გაიცნო.
დამამთავრებელ კურსზე იყო შოთა როცა დაბაში რამდენიმე დღით ჩამოსულმა მშობლებს მოახსენა ცხაკაიადან ამა და ამ ოჯახის შვილი მიყვარს და მინდა იცოდეთო.
კოჩამ მეორე დღესვე იცოდა ვისი შვილი იყო მისი შვილის რჩეული და არჩევანიც მოუწონა.
შოთამ და მისმა რჩეულმა ინსტიტუტის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში იქორწინეს კიდეც, კოჩამ სამაგალითო ქორწილი გადაუხადა ერთადერთ შვილს, როგორც იტყვიან "ჩიტის რძეც" კი არ აკლდა სუფრას.
შოთამ დაბის "აღმასკომში" დაიწყო მუშაობა ხოლო მისმა მეუღლემ კი განათლების სისტემაში.
მომდევნო წელს კი კოჩას ოჯახს პატარა წევრი შეემატა, შვილიშვილის შეძენამ სულ შეცვალა კოჩა, ყოფილი აბრაგი და ყოფილი პატიმარი ისე გადასხვაფერდა და ისეთი გულჩვილი გახდა ყველას უკვირდა–რა ხდება ამ კაცის თავზეო?
პატარა ბიჭის წამოზრდისთანავე კოჩამ მამისეული სატევარი აჩუქა შვილიშვილს, კოჩას ოჯახი მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა მანამ სანამ ფაშისტური გერმანია თავს არ დაესხა საბჭოთა კავშირს, ომის დაწყებიდან მეორე წელს შოთა ომში გაიწვიეს, საიდანაც ცოცხალი არ დაბრუნებულა მოსული შეტყობინების თანახმად ომში წასული შოთა ტამანის ნახევარკუნძულზე შეეწირა გერმანული ავიაციის ჩამოყრილ ბომბებს.
ისევ უბედურებამ დაისადგურა კოჩას უკვე მერამდენედ ფეხზე დაყენებულმა ოჯახში, კოჩაც უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო და ყოფილმა აბრაგმა მთელი დარჩენილი ცხოვრება შვილიშვილის აღზრდას მიუძღვნა, ბიჭი იზრდებოდა და ვინც კი იცნობდა შოთას ყველა ერთხმად ამბობდა ზედგამოჭრილი მამაა ეს ბიჭიო!
სკოლის დამთავრებისთანავე კოჩას შვილიშვილმა ქუთაისში ჩააბარა გამოცდები პედაგოგიურ ინსტიტუტში და მისი დამთავრებისთანავე განაწილებით საკუთარ დაბაში მოხვდა. კოჩაც ხარობდა შვილიშვილის შემყურე, ახლაც უკვე ასაკოვანი ნააბრაგალი რაღაც მიზეზებით 2–3 დღით იკარგებოდა და როცა ბრუნდებოდა მუდამ ათასგვარი ნაყიდი ნივთით ბრუნდებოდა უკან.
მეუღლემ იცოდა კოჩას ხასიათი და არაფერს არ ეკითხებოდა არც რძალი ეკითხებოდა, რადგან კოჩას პასუხი მუდამ ერთი იყო: დანაზოგი მაქვს და ვყიდულობ, მომაქვს ხომ არ მიმაქვსო?!
შოთას ბიჭიც დაოჯახდა და როცა 2 წლის მერე ბიჭი შეეძინა, კოჩამ სადღაც გადამალული კარაბინი გამოიტანა და მთელი მჭიდი დაცალა.
იცოდა ადგილობრივმა მილიციამ კოჩას კარაბინის არსებობაზე, მაგრამ ორი შვილის დამკარგავ მამას შოთას და მისი ბიჭის გამო არ მიაკითხეს და არ დაუსჯიათ.
კოჩაც ხარობდა (თუ მისი ოჯახის ტრაგედიის მერე რამე გაახარებდა მოხუცს)შვილთაშვილის შემხედვარე, დიდი ბაბუა მის გვერდით იყო როცა პატარამ პირველი ნაბიჯი გადადგა, მის გვერდით იყო როცა პატარამ ენა ამოიდგა და თავისებურად დაიწყო ტიტინი.
12 წლის იყო კოჩას შვილთაშვილი როცა ეზოში უზარმაზარი მუხის ქვეშ ნარდის თამაშის დროს კოჩა შეუძლოდ გახდა და და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ჩხოროწყუს შემდეგ კი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა ინსულტის დიაგნოზით, მოხუცს ხელის და ქვედა კიდურის მოძრაობასთან ერთად საუბარის უნარიც შეეზღუდა გარკვეული ხნით და როცა ოდნავ მოიკეთა რძალს თხოვა შვილიშვილი მოსულიყო, შოთას შვილიც დაუყოვნებლივ შევიდა ბაბუასთან და ბაბუას თხოვნით პალატიდან დედაც კი დაითხოვა, არავინ იცის რაზე ისაუბრეს ბაბუამ და შვილიშვილმა, ერთია პალატიდან გამოსული შვილიშვილი ძალზე აფორიაქებული იყო და დედას გაუმხილა: დედა, მე ვიცი სად იკარგებოდა ბაბუა 2–3 დღით და რა ფულით ყიდულობდა ბაბუა ოჯახისათვის ყველაფერს, მე ვიცი სად ინახება ყარაჩაეთ–ყაბარდო–სამურზაყანოს აბრაგების საგანძური და მე ვაპირებ ეს საგანძური ხელისუფლებას გადავცე ბაბუას თხოვნით, რადგან ბაბუა თვლის ეს საგანძური დაწყევლილია და ამ განძში აღებულ ფულს მხოლოდ უბედურება მოაქვსო.
ავადმყოფობიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა კოჩა, დაისვენა აბრაგობით და პატიმრობით გაწამებულმა სხეულმა და სულმა.
მთელ დაბაში და დაბის იქითაც ცნობილი კაცის დაკრძალვაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
კოჩას დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში კი კოჩას შვილიშვილმა 12 წლის ბიჭი გვიან ღამით ჩაისვა მანქანაში და აფხაზეთს მიაშურა, სანამ მანქანას შეეძლო ევლო, მანქანით იარეს მერე კი რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარეს სანამ არ მიადგნენ ტყის სიღრმეში მიმალულ კლდეს, რომლის ფიჩხებით და ბუჩქნარით დაფარული შესასვლელის მიღმა, მღვიმეში ყუთებში ელაგა იმ დროისათვის რამდენიმე მილიონ მანეთად ღირებული ძვირფასეულობა, ნახევრად მძინარე ბავშვს თვალი მოჭრა ფანრის შუქზე მოკაშკაშე მოზარნიშებულმა სატევრებმა, ოქროს მონეტებმა თუ ძვირფასთვლიანმა სამაჯურებმა.
ცალკე ელაგა შეხვეული იარაღებიც, კარაბინები, შაშხანები, რამდენიმე რევოლვერი, მაუზერი და ძვირფასი სატევრები.
როგორც კი მოათვალიერა იქაურობა მამამ შვილს ჩაკიდა ხელი და მანქანისაკენ გაემართა.
მეორე დღესვე დაბაში დაბრუნდნენ მამა და შვილი, თუმცა მამის თხოვნით შვილს არავისთვის უთქვამს თუ სად იყვნენ.
მესამე დღეს კი მამა თბილისში წავიდა მანქანით რათა ცენტრალური ხელისუფლებისათვის ეცნობებინა საგანძურის თაობაზე და მათი წარმომადგენლებისათვის ჩაებარებინა უკლებლივ ყველაფერი.
სამწუხაროდ მან თბილისში ვერ ჩააღწია, რიკოთის უღელტეხილზე გადასვლისას კლდეს მომწყდარმა ქვამ შეიწირა მისი სიცოცხლე, უზარმაზარმა ქვამ ასფლატზე "დაასრისა" მანქანა მძღოლთან ერთად.
მორიგ ოჯახურ ტრაგედიას კოჩას მეუღლემაც ვერ გაუძლო და შვილიშვილის ჩამოსვენებიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
კოჩას შვილთაშვილმა ჯერ დედას მერე კი ბებიას უთხრა თუ სად იყო მამასთან ერთად წასული და სად და რისთვის მიდიოდა სიკვდილის წინ მამა.
გამწარებულმა ქალებმა სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს ყველაფერი საგანძურზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალურ ხელისუფლებას შეატყობინა და თბილისიდან ჩამოსულმა უშიშროების თუ სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა კოჩას შვილთაშვილი წაიყვანეს საგანძურის სავარაუდო მდებარეობის მიმართულებით, მაგრამ 12 წლის ბიჭმა ვერ შესძლო აღედგინა გონებაში სრულად ის მარშუტი რომელიც გვიან ღამით გაიარა მამასთან ერთად, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა ვერაფრით მოხერხდა მიეკვლიათ იმ ადგილისათვის, სადაც სავარაუდოდ ინახებოდა განძეული.
დიდი ხნის ძებნის მერე ყველაფერი ბავშვის ფანტაზიას მიაწერეს და ძებნაც შეწყდა, გავიდა დრო და ერთ დღეს ზუგდიდში ძალზე ცნობილ ტელე და რადიო აპარატურის ხელოსანს უცნობი ბიჭი მიადგა ელექტრონული სქემით ხელში და შესთავაზა: ამას თუ ამიწყობ და თუ იმუშავებს 1000 ლარს გაძლევო, ხელოსანს გაეცინა ბიჭო, ეს ნაღმსაძებნის სქემაა და ამ ფასად თურქეთში ქარხნულს იყიდიო.
არავინ იცის გაიხსენა თუ არა ბიჭმა მამასთან ერთად ღამით განვლილი გზა საგანძურის მდებარეობის ადგილისაკენ, რადგან მის ოჯახს ამხელა განძი რომ ჩაებარებინა ვინმე გაიგებდა, არც განძის პოვნაზე გახმაურებულა სადმე ინფორმაცია თუნდაც ჭორად.
ჩემი აზრით კი ის საგანძური რომლის შოვნასაც ვინ იცის რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლესთან ერთად ვინ მოთვლის რამდენი აბრაგის სიცოცხლეც შეეწირა, დევს ალბათ ეგვიპტელი ფარაონების საგანძურივით სადღაც მღვიმეში მისი ნამდვილი პატრონების "წყევლით დაცული"...
მადლობა