რელიგია 9 დღე სიკვდილის შემდეგ: რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა ემართება ადამიანის სულს 2016, 27 ივნისი, 9:05 იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად ძველი და იმავდროულად ძლიერი ქრისტიანული ტრადიციებია ჩამოყალიბებული, ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართალია, ეს ყველამ იცის, თუმცა, ბევრი ვერ გიპასუხებთ თუ რატომ არის ეს დღეები გამორჩეული. რა ემართება, ტრადიციული წარმოდგენების თანახმად, ადამიანის სულს გარდაცვალებიდან ცხრა დღის მანძილზე? სულის გზა ქრისტიანული წარმოდგენები იმის შესახებ თუ რა გზას გადის სული სიკვდილის შემდეგ განსხვავდება ამა თუ იმ კონფესიიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმქვეყნიური სამყაროს სურათს და სულის ბედს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ მიმდინარეობებში, აქ დიდი განსხვავება არ არის. მაშინ როდესაც პროტესტანტულ მიმდინარეობებში აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენებია – დაწყებული კათოლიკურ შეხედულებებთან სრული იდენტურობით, ჯოჯოხეთის არსებობის უარყოფით დამთავრებული. ამიტომაც უფრო საინტერესოა მართლმადიდებლური ვერსია სულის მდგომარეობის შესახებ სიკვდილიდან 9 დღის მანძილზე. პატრისტიკული წყაროების თანახმად, სიკვდილიდან სამი დღის მანძილზე ადამიანის სულს სრული თავისუფლება აქვს. ის არა მხოლოდ ფლობს მიწიერი ცხოვრებიდან სრულ ინფორმაციას, არამედ უნარი აქვს ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს. თვლიან, რომ სული ამ სამი დღის მანძილზე ან სხეულთან ახლოსაა ან კიდევ თუ ადამიანი თავისი სახლისა და ოჯახისგან შორს გარდაიცვალა – ახლობლებთან ერთად; ასევე შესაძლოა მისთვის საყვარელ და განსაკუთრებულად ძვირფას ადგილებში იმყოფებოდეს. მესამე დღეს სული თავისუფლებას კარგავს და ანგელოზს ზეცაში მიჰყავს ღმერთს თაყვანი რომ სცეს. ამიტომაც ამ დღეს, ტრადიციულად, სულთან საბოლოო გამოთხოვების პანაშვიდი უნდა ჩატარდეს. მას შემდეგ რაც ღმერთს თაყვანს სცემს, სული მიემგზავრება ე.წ. "ექსკურსიაზე" სამოთხეში: მას აჩვენებენ ზეციურ სამყაროს, მას წარმოდგენა ექმნება იმის შესახებ თუ რა არის რეალურად სამოთხე, ხედავს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი მიწიერი ცხოვრების წესით დაიმსახურეს და ღვთის სასუფეველში დაიმკვიდრეს ადგილი. ეს გაცნობითი ხასიათის მოგზაურობა სამოთხეში 6 დღეს გრძელდება. ამის შემდეგ სულის ტანჯვა იწყება – ხედავს რა წმინდანების ზეციურ ნეტარებას, აცნობიერებს რომ საკუთარი ცოდვების გამო არ იმსახურებს მათი ბედი გაიზიაროს, ამიტომაც ეჭვებისა და შიშის გრძნობა არ ასვენებს – მოხვდება თუ არა სამოთხეში. მეცხრე დღეს ანგელოზებს კვლავ მიჰყავთ სული ღმერთთან, რათა ადიდოს მისი სიყვარული წმინდანების მიმართ. რა უნდა გააკეთოს ჭირისუფლმა ამ დღეებში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად, არ უნდა მივიჩნიოთ მეცხრე დღე მხოლოდ იმქვეყნიურ საქმედ – თითქოს გარდაცვლილის ახლობლებს ეს სულაც არ ეხება. პირიქით, ჭირისუფლებისთვის, ადამიანის სიკვდილიდან ზუსტად 40 დღე წარმოადგენს ზეციური და მიწიერი სამყაროს დაახლოების პერიოდს. რამდენადაც, ზუსტად ამ დროს ცოცხლებს უნარი შესწევთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული გადაარჩინონ. ამიტომ მუდმივად უნდა ილოცონ და ღმერთს მისი სული შეავედრონ, ცოდვების შენდობა სთხოვონ. ეს მნიშვნელოვანია მისი სულის ბედის მომავლისთვის – სად დაელოდება ის განკითხვის დღეს სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. როდესაც ეს დღე დადგება, ყველა სულის ბედი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება; ასე რომ მათთვის ვინც ჯოჯოხეთში მოხვდება, იმედი არსებობს, რომ ლოცვების წყალობით მას შეინდობენ და სამოთხეში ადგილს დაიმკვიდრებს. ადამიანის სიკვდილიდან მეცხრე დღე მართლმადიდებლური წარმოდგენით, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თითქმის საზეიმოდ ითვლება. ადამიანებს სჯერათ, რომ ბოლო ექვსი დღე გარდაცვლილის სული სამოთხეში იმყოფებოდა, თუნდაც სტუმრის სტატუსით, და ახლა შეუძლია ღირსეულად ადიდოს ღმერთი. უფრო მეტიც – ითვლება, რომ თუ ადამიანი მართალ ცხოვრებას ეწეოდა და თავისი კეთილი საქმეებით, მოყვასისადმი სიყვარულით და საკუთარი ცოდვების მონანიებით ღვთის წყალობას დაიმსახურებს, მაშინ მისი სიკვდილის შემდგომი ბედი პირდაპირ მეცხრე დღის შემდეგ გადაწყდება. ამიტომ გარდაცვლილის ახლობლებმა ამ დღეს, პირველ რიგში, განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა ილოცონ მისი სულისთვის; მეორე რიგში – ჩაატარონ მოსახსენიებელი ტრაპეზი. მეცხრე დღეს, როდესაც გარდაცვლილის საპატივსაცემოდ და მისი სულის მოსახსენიებლად მიღებას მართავენ, ტრადიციის თანახმად არავის ეპატიჟებიან. შეხსენების გარეშე უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც გარდაცვლილი ადამიანის სულის ბედი აღელვებთ და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ. თუმცა, რეალურად ქელეხში ყოველთვის სპეციალურად ეპატიჟებიან. ხშირ შემთხვევაში უამრავი ხალხი იყრის თავს, ამიტომ მას რესტორნებში ან მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ატარებენ. სინამდვილეში კი ამ დღემ მშვიდ გარემოში უნდა ჩაიაროს და არ უნდა გადაიქცეს ჩვეულებრივ ღრეობად. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული კონცეფცია ადამიანის სიკვდილიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეების მნიშვნელობაზე შეითვისა რამდენიმე თანამედროვე ოკულტურმა მოძღვრებამაც. თუმცა, მათ ამ დღეებს განსხვავებული დატვირთვა მიანიჭეს. ერთი ვერსიის თანახმად, მეცხრე დღე აღსანიშნავია იმით, რომ ამ პერიოდში თითქოს სხეულის დაშლა ხდება. კიდევ სხვა ვერსიის თანახმად მას შემდეგ რაც სული ასტრალურ სამყაროში გადაინაცვლებს, შესაძლოა მოჩვენებად გადაიქცეს, გამსაკუთრებით მძიმე სულებზეა საუბარი, რომლებიც სხვადასხვა მიზნით მატერიალურ სამყაროში შემოჭრასა და ენერგეტიკული კონტაქტის დამყარებას ცდილობენ. 10983 20-ს მოსწონს 2-ს არა
|