სხვა როგორ არჩევდნენ ქალებს ჰარამხანისათვის - სულთნის ჰარემის საიდუმლოებანი 2016, 23 თებერვალი, 23:59 ჰარემი - ამ სიტყვის გაგონებაზე თვალწინ წარმოგიდგებათ მუთაქებით მიმოფენილ ტახტებზე წამოწოლილი უმშვენიერესი გოგონები, რომლებიც ნება-ნება შეექცევიან შარბათს; საუნები, სადაც ულამაზეს ხარჭებს სურნელოვანი ნელსაცხებლებით უზელენ ტანს; უძვირფასესი სამკაულები და რაღა თქმა უნდა, ბრძოლა, რომელიც ასობით ლამაზმანს შორის იმართებოდა სულთნის სიყვარულისა და ყურადღების მოსაპოვებლად.
სიტყვა ''ჰარემი''-იდუმალ, შეუღწეველ და ჩაკეტილ ადგილს ნიშნავს. მართლაც, ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ სულთნის ცოლები და ხარჭები, დაკეტილი იყო ყველასათვის. სულთნის ოჯახის წევრების გარდა იქ შესვლის უფლება არავის ჰქონდა. თურქმა ჟამთააღმწერელმა დურსუნ ბეიმ სამართლიანად აღნიშნა: "მზე რომ მამაკაცი ყოფილიყო, იმასაც კი აეკრძალებოდა ჰარემში შეხედვა''. ყველზე ცნობილი და სახელგანთმული ჰარემი სერალი მდებარეობდა სტამბულში, ის შედგებოდა 400 ოთახისაგან, სადაც ორი ათასზე მეტი ხარჭა ცხოვრობდა. სასახლე პატარა ქალაქის ტოლი იყო თავისი ბაღებით, აბანოებით და მაღალი გალავნით. ამ სამოთხის მკვიდრი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ ნამდვილი ლამაზმანი, რომელიც მკაცრ შერჩევას გაივლიდა. სულთნის ჰარემში სულაც არ ხვდებოდნენ შემთხვევითი გოგონები. აქ ლაპარაკია ტყვე ქალებზე (როგორც ამას ხშირად გვიჩვენებენ ფილმებში) ან სულაც ქუჩიდან აყვანილ-მოტაცებულ ქალებზე: სულთნის ჰარამხანისათვის ქალიშვილების შერჩევა საგულდაგულოდ ხდებოდა, ისე, რომ შავგვრემანების და ქერათმიანების თანაფარდობაც კი ზუსტად იყო დაცული. ამასთან გოგონებს მხოლოდ გარეგნობის მიხედვით როდი არჩევდნენ, მომავალი ხარჭა ჭკვიანიც უნდა ყოფილიყო. კანდიდატები, რომლებსაც ბედი გაუღიმებდათ და ჰარემში მოხვდებოდნენ, მკაცრ სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ. ქალში ყველაზე მატდ თურქი სულთნები წელსა და თეძოებს აფასებდნენ. წელისა და თეძოს იდეალური შეფარდება იყო 2/3 ანუ თანამედროვე პარამეტრებით ეს დაახლოებით დღევანდელი სტანდარტის 90-60-90 ტოლია. აი, მკერდს დიდი ყურადღება არ ექცეოდა, ისევე, როგორც გოგონას სიმაღლეს. განსაკუთრებით პოპულარული იყო კავკასიელი, კერძოდ ჩერქეზი და ქართველი ქალები, არანაკლებ ხიბლავდა სულთნებს სლავური სილამაზეც. მიუხედავად სიმაღლის უგულებელყოფისა, ყველა დროში დიდი ყურადღება ექცეოდა ტანადობას და ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ხარჭებს ის ბუნებრივი გზით შეენარჩუნებინათ. სულთნის სასახლის ჰარემისათავის განკუთვნილ ნაწილში იყო ასეულობით ოთახი და უზარმაზარი პარკი. მხევლებს სასტიკად ეკრძალებოდათ კარეტით გასეირნება, ისინი ვალდებული იყვნენ ფეხით ევლოთ - ეს ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იყო და ტანადობისთვისაც. გოგონები, რომლებსაც სულთნისათვის შეარჩევდნენ, გადიოდნენ ორწლიან სპეციალურ სწავლებას. მათ ასწავლიდნენ კალფები - მოხუცი, გამოცდილი მონაქალები. მომავალი ხარჭები სწავლობდნენ ენებს, ყურანს, ლიტერატურას, პოეზიას, კალიგრაფიას. მათ ასწავლიდნენ ასევე ლექსთწყობასა და მუსიკალურ საკრავებზე დაკვრას. ოდალისკები სწავლობდნენ ეტიკეტის წესებს, სულთნისათვის ყავისა და შარბათის მირთმევას, ყალიონის დატენვას და ფადიშაჰის გართობას სასიამოვნო საუბრით. სწავლების მეორე წელს გოგონებს ასწავლიდნენ თავის მოვლას, სხვადასხვაგვარი სახის ნიღბებისა და არომატული ნელსაცხებლების დამზადებას, მაკიაჟის გაკეთებას. ყველა გოგონას უნდა სცოდნოდა ცეკვა "მაკს შახრი"-ეს იყო რაღაც შუალედური მუცლის ცეკვასა და სტრიპტიზს შორის. ცეკვას უნდა აღეგზნო სულთანი და მოემზადებინა ის სასიამოვნო ღამისათვის. სწავლების დასასრულს მომავალ მხევალს უნდა ჩაებარებინა მკაცრი გამოცდა და მხოლოდ მისი წარმატებით გავლის შემდეგ ხდებოდა ის ჰარემის სრულუფლებიანი წევრი. რადგან მხევლებს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ, ისინი სხვადასხვა გასართობებს იგონებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გართობა იყო დაჭერობანა: ერთი გოგონა ხელში ცხვირსახოცს დაიჭერდა და გაიქცეოდა, სხვები მას დაედევნებოდნენ, ცდილობდნენ დაწეოდნენ და ცხვირსახოცი წაერთმიათ. ის, ვინც პირველი მოახერხებდა ამას, ჯილდოს სახით მასაჟსა და აბანოს იღებდა: მასაჟი ჰარამხანაში ნამდვილად ფუფუნების საგანი იყო - ჰარამხანის 500-700, ხანდახან მეტი ქალისათვის მასაჟი და აბაზანა სურვილის მიხედვით როდი იყო. ამ კოსმეტიკულ ფუფუნებას მხოლოდ ის გოგონა იღებდა, ვისთანაც სულთანი ღამის გატარებას ინებებდა. დამატებით დატვირთვას წარმოადგენდა საკმაოდ მძიმე მორთულობები, რომელსაც ქალები ყელზე, მაჯებზე, ფეხის ტერფებზე ატარებდნენ. ესეც ერთგავრი ხერხი იყო ტანადობის შენარჩუნებისა. იმისათვის, რომ გოგონებს კარგი ფორმა შეენარჩუნებინათ, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კვების რეჟიმსაც: მხევლებს შეეძლოთ დღეში შვიდჯერ ეჭამათ, მაგრამ ერთი ულუფა 250 გრამზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მენიუში შედიოდა დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, სუპები, დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ აუცილებელი იყო აირანის (აქლემის რძისაგან დამზადებული მომჟავი მაწვვნისმაგვარი პროდუქტი) დალევა. სხვა თურქი ქალებისაგან განსხვავებით, ჰარამხანის მხევლებს ყავის სმის უფლებაც ჰქონდათ. სულთნის ჰარემში მოხვედრა როდი იყო საკმარისი, რომ ხარჭას მისი სიყვარული დაემსახურებინა. შეიძლება მას რამოდენიმე წელი გაეტარებინა ჰარემში და ვერასოდეს ღირსებოდა მასთან განმარტოებას. სულთნის თვალწინ ყოველდღიურად ირეოდა უამრავი ლამაზმანი, მაგრამ იღბალი ყველას როდი უღიმოდა. იმისათვის, რომ ფადიშაჰის ყურადღება მიექციათ, ხარჭები ათასნაირ საშუალება მიმართავდნენ: იცვამდნენ ერთმანეთზე ლამაზ კაბებს, საათობით ისხდნენ სარკის წინ მაკიაჟის გასაკეთებლად, სწავლობდნენ თვალებით მოხიბვლას. თუ ფადიშაჰს რომელიმე ქალი მოეწონებოდა, მას თავის საძინებელში იწვევდა. რჩეული ქალი ძალიან დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდა ამ ღამისათვის, რადგან მასზე იყო დამოკიდებული, გაუღიმებდა მას ბედი კიდევ ერთხელ თუ არა. თუ ხარჭა სულთანს შეუყვარდებოდა, მაშინ ის მისი ცოლი ხდებოდა, რაც იშვიათი მოვლენა იყო. ბევრი ფიქრობს, რომ სულთანი თავისი ჰარამხანის ყველა ქალთან ნებივრობდა და ინტიმურ კავშირში იყო, რაც მცდარი მოსაზრებაა. მაგალითად, ჰარამხანის ისტორიაში იყო მეტად უნიკალური შემთხვევა, როცა სულთანი მხოლოდ თავის საყვარელ ცოლს, წარმოშობით უკრაინელ როქსოლონას-ანასტასია ლისოვსკაიას ერთგულებდა და მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ მასთან იყოფდა სარეცელს. სასიყვარულო ღამისათვის სულთნის მიერ არჩეულ ხარჭას სპეციალურად ამზადებდნენ: უპირველეს ყოვლისა მას აგზავნიდნენ აბანოში (ხამამში). ქალები ბანაობდნენ წყალში, რომელშიც გვირილებისა და იების ფურცლები ეყარა. ეს ყვავილები არამარტო ასუფთავებდნენ სხეულს, არამედ ანიჭებდნენ მას საოცარ სურნელს. შემდეგ თმებსა და სხეულზე დაჰქონდათ თიხის ნიღაბი. საუნაში წასვლის წინ ქალები სხეულიდან სპეციალური კრემის საშუალებით იცლიდნენ თმის პატარა ბეწვებსაც კი. ამ კრემის შემადგენლობაში შედიოდა ლიმონის წვენი, თაფლი და კვერცხი. აღმოსავლელი ლამაზმანები ასევე გულმოდგინედ უვლიდნენ თმას: იკეთებდნენ ნიღბებს, რომელიც დამზადებული იყო ნიგვზის ნაჭუჭებისა და ინისაგან. ეს ნიღაბი თმას ამაგრებდა და ის საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. საუნის შემდეგ ხარჭის სხეულს უკეთებდნენ მასაჟს ნელსაცხებლებით: ზეითუნის ან ქუნჯუთის ზეთს უმატებდნენ ვარდის, იის ან მიხაკის ზეთს. ეს ნივთიერებები არბილებენ კანს და ხელს უწყობენ ნაოჭების გაქრობას. თურქული ვარდის ზეთს დღესაც იყენებენ მაღალხარისხიანი ელიტარული კოსმეტიკის დასამზადებლად. სულთნის საძინებელში მოხვედრის წინ ხარჭები იკეთებდნენ მაკიაჟს. თვალებს განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭებოდა: მათ ხომ ერთი შეხედვით უნდა დაეპყროთ ფადიშაჰის გული. სურმითა და ნახშირით გოგონები იხატავდნენ ისრებს თვალების კუთხეებში, ტუჩებისათვის ალისფერის მისანიჭებლად ღეჭავდნენ ბეტელს-წიწაკისა და სელის თესლისაგან დამზადებულ კევს, სუნთქვის გაჯანსაღებაში გოგონებს დარიჩინის ჩხირების დაღეჭვა ეხმარებოდა. ქალების ყურადღებით განებივრებული სულთნის გულის მოგება არც ისე იოლი იყო. თითოეული ხარჭა ცდილობდა თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას. როცა რჩეულ ხარჭას სულთნის სამყოფელში მიაბრძანებდნენ, იქ ის კართან იცდიდა, სანამ სულთანი დაწოლას არ ინებებდა. საძინებელში შესული, მუხლებზე დაჩოქილი მიდიოდა მის საწოლამდე და მხოლოდ მერე დგებოდა ფეხზე და სულთნის გვერდზე წვებოდა. მეორე დილას სულთანი აბაზანას იღებდა, გამოიცვლიდა და თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა, ხარჭას საჩუქარს უგზავნიდა. ეს მონა შემდეგში შეიძლებოდა სულთნის ფავორიტადაც ქცეულიყო. ზოგიერთი ფავორიტის ცხოვრება უჩვეულო მოვლენით იყო სავსე. მაგალითად, ნაპოლეონის ცოლის ჟოზეფინას ბიძაშვილი ემი დე რივერი ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც საფრანგეთიდან მარტინიკზე მიმავალი ალჟირელმა მეკობრეებმა მოიტაცეს და გაყიდეს. ასე მოხვდა ის თურქ სულთან აბდულ ჰამიდ I- თან, რომელსაც ჭკვიანი, მორცხვი ქერა გოგონა ძალიან მოეწონა, ისლამი მიაღებინა და თავის ფავორიტად აქცია. მოგვიანებით ნაკშიდილად (გულის სამკაული) წოდებულმა ემიმ მას შვილიც გაუჩინა და აბდულის მეოთხე ცოლიც გახდა. წლების შემდეგ სწორედ მისი შვილი ავიდა ტახტზე. ემი დე რივერი ვალიდედ (სულთნის დედა) იქცა და ოტომანთა იმპერიის ისტორიაში შევიდა. თუ რომელიმე ფავორიტი დაფეხმძიმდებოდა, ის იკბალების (ბედნიერების) რანგში გადადიოდა, ხოლო თუ ასეთი რამდენიმე იყო, მაშინ მათ რანგები ენიჭებოდათ: მთვარე, მეორე, მესამე .... თანდათანობით იკბალები ჰარამხანის ყველაზე მნიშვნელოვან ქალებად იქცნენ და სულთნის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებდნენ პრივილეგიებს. საინტერესო ფაქტი: ქრისტიანობისაგან განსხვავებით, ისლამში სექსისაგან მიღებული სიამოვნება ცოდვად არ ითვლებოდა, მაგრამ ყურანი სასტიკად გმობდა და კრძალავდა ანალურ, ორალურ, ჯგუფურ და ერთსქესიან ინტიმურ კავშირს. ასე რომ, გავრცელებული მითები ჰარამხანებში არსებული ორგიების, უსაქმურობისაგან და მოწყენილობისაგან გაბეზრებულ ხარჭებს შორის ლესბოსურ კავშირსა და მსგავს შემთხვევებზე, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეეფერება. და ბოლოს, რომანტიკული გასეირნება წარსულში მინდა დავასრულო სარა ბრიტმანის საოცრად მშვენიერი სიმღერით "ჰარემი". მოუსმინეთ და დატკბით ულამაზესი აღმოსავლური მელოდიით! 2154 11-ს მოსწონს
|