ისტორია დრეზდენის ბარბაროსული დაბომბვა 2016, 14 თებერვალი, 10:43
წმ. ვალენტინის დღეს ამერიკის და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დაბომბვა გერმანიის ულამაზესი ქალაქის დრეზდენის წინააღმდეგ.
იერიშის შედეგად დრეზდენი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე, ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე. 2010 წლის 17 მარტს კომისიამ, რომელიც 2004 წლიდან მუშაობდა წარმოადგინა ოფიციალური დასკვნა:დაიღუპა 25 000 ადამიანი. საკითხი იყო თუ არა სამხედრო საჭიროება იმისთვის, რომ დრეზდენი ასე მასობრივად განადგურებულიყო დღესაც საკამათოა: ექსპერტების აზრი ორად იყოფა.ამერიკელები და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ქალაქი იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, დაიბომბა იმის გამო რომ შეუძლებელი გამხდარიყო გადაადგილება.ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების მტკიცებით ბერლინის, ლაიფციგის და დრეზდენის სატრანსპორტო კვანძები განადგურებამ დააჩქარა ნაცისტური გერმანიის ორად გახლეჩა და ეს იმით დასტურდება, რომ სწორედ ლაიფციგის მახლობლად, ტორგაუში 1945 წლის 25 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის და საბჭოთა კავშირის ჯარები. თუმცა ისტორიკოსების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დრეზდენის განადგურება სრულიად უაზრო სამხედრო ოპერაცია იყო, მაგალითად ისტორიკოსს ჯონ ფულერის აზრით საკმარისი იყო ქალაქის გასასვლელების დაბომბვა და კომუნიკაციების განადგურება. მთელი ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით მიწასთან იქნა გასწორებული, ულამაზესი არქიტექტურული ძეგლები, რომელსაც "არქიტექტურულ მარგალიტს" უწოდებდნენ.ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო ამერიკელების სამხედრო ექსპერიმენტი, რომელიც წინ უძღვოდა შემდეგ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ჩამოყრილ ატომურ ბომბებს, რამდენად შეძლებდნენ დიდი მასშტაბის ცეცხლის ტალღის შექმნას, ამ ექსპერიმენტის მსხვერპლი სამწუხაროდ ევროპის ულამაზესი ქალაქი დრეზდენი გახდა. შედეგები:დაიღუპა 25 000 ადამიანი(თუმცა თავის დროზე ჰებელსის პროპაგანდა 200 ათას ადამიანს ასახელებდა, ხოლო საბჭოთა კავშირის შეფასებით დაღუპულების რაოდენობა 135 000 იყო);დაინგრა 12 000 შენობა, 24 ბანკი, 36 სადაზღვევო კომპანიის შენობა, 31 სავაჭრო დახლი, 6470 მაღაზია, 640 საწყობი, 256 სავაჭრო დარბაზი, 3 თეატრი, 18 კინოთეატრი, 11 ეკლესია, 60 სამლოცველო, 50 კულტურულ-ისტორიული ძეგლი, 19 საავადმყოფო, 39 სკოლა, 5 საკუნსულო, ზოოპარკი, ტრამვაის დეპოები, რკინიგზის სადგური და ა.შ. გადარჩენილი ლუთერ მეტზგერის(Lothar Metzger) მოგონებიდან: "შეუძლებელია აღწერა! აფეთქება აფეთქების შემდეგ. დაუჯერებელი იყო, ღამის კოშმარებზე უფრო საშინელი. უამრავი ადამიანი იყო საშინლად დამწვარი და დამახინჯებული. სუნთქვა თანდათან, უფრო და უფრო ძნელდებოდა. სიბნელე იყო და ყველა წარმოუდგენელი პანიკით ცდილობდა სარდაფების დატოვებას. ხალხი მიცვალებულებსაც და მომაკვდავებსაც ერთნაირად თელავდა, ბარგი ან მიტოვებული იყო ან კიდევ გადარჩენილები გლეჯდნენ ხელიდან. ნაჭერ-გადაფარებული კალათი, სადაც ჩვენი ტყუპები იწვნენ დედაჩემს გამოგლიჯეს ხელიდან და უკნიდან მოწოლილმა ხალხმა ზედა სართულზე აგვიტანა. ჩვენ დავინახეთ ალმოდებული ქუჩები, ნანგრევები და ცეცხლის საშინელი შტორმი. დედამ მოგვაფარა სველი ზეწრები და ქურთუკები, რომლებიც მან წყლის გუბეში იპოვა. ჩვენ დავინახეთ საშინელი სურათი: დამწვარი მოზრდილები, რომლებიც ჩვილის ფორმაზე მოკუნტულიყვნენ, კიდურების ნაწილები, მთლიანად ჩამწვარი ოჯახები, მკვდარი ადამიანები, ცეცხლმოდებული ადამიანები დარბოდნენ აქეთ-იქით, დამწვარ ხალიჩებს ეტყობოდათ ადამიანების ფიგურები, დაღუპული მაშველები დაჯარისკაცები, გადარჩენილები ყვირილით ეძებდნენ მათ ბავშვებს და ოჯახის წევრებს და ცეცხლი ყველგან, ცეცხლი ყველგან და ცეცხლოვანი ქარიშხალი ადამიანებს ისევ უკან სახლებში ერეკებოდა, საიდანაც ისინი გამოვიდნენ. მე ვერ ვახერხებ დავივიწყო ეს საშინელი დეტალები. მე მათ ვერასოდეს დავივიწყებ." 356 7-ს მოსწონს 1-ს არა
|