არქიტექტურა ყველაზე უცნაური და განსაცვიფრებელი მიწისქვეშა ნაგებობები 2016, 10 იანვარი, 0:14 გამოქვაბულები და მიწისქვეშა გვირაბები თავიანთი იდუმალებითა და გამოცანებით ყოველთვის იწვევდა ინტრიგას ადამიანებში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს მუდამ აინტერესებდათ მათი პრაქტიკული მხარე, კერძოდ, როგორ შეიძლებოდა მათი გამოყენება კეთილდღეობის და კომფორტის მისაღწევად. აუმჯობესებდა რა მიწისქვეშა სივრცეების ათვისების ხერხებს, კაცობრიობამ თავისი არსებობის არც თუ ისე დიდი ხნის მანძილზე მოახერხა მიწისქვეშ მთელი ქალაქების აშენებაც კი.
მიწისქვეშა მშენებლობების ბუმი განსაკუთრებით გამძაფრდა ХХ საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს მიწისქვეშა ბუნკერების და საცავების აგება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისაგან თავის დასაცავად, აგრეთვე სამხედრო და საწარმოო მიზნებისათვის. დღევანდელ პოსტში მინდა მოგითხროთ რვა ყველაზე უცნაური, არაჩვეულებრივი მიწისქვეშა ნაგებობის შესახებ, დაწყებული ანდების მთებში მდებარე ღვინის ქარხნიდან, დამთავრებული მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისქვეშა მეჩეთით.
1. ბუნკერი WikiLeaks, სტოკჰოლმი ცოტამ თუ იცის, რომ შვედეთის დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი რაიონის ქვეშ მდებარეობს ატომური ბუნკერი, აშენებული ცივი ომის პერიოდში. ბუნკერს, რომელიც პირვანდელი დანიშნულებით არასოდეს არ გამოუყენებიათ (ის წარმოადგენდა თავშესაფარს ატომური თავდასხმის შემთხვევაში), 2008 წელს დანიშნულება შეუცვალეს და ის გახდა 8 მილიონამდე სერვერის მონაცემების გადამუშავების ადგილი, რომელთანაგან უმეტესი საიტ WikiLeaks-ს ეკუთვნის. ბუნკერის ინტერიერი ჯეიმს ბონდის ფილმის დეკორაციებს მოგვაგონებს. აქ ყოველთვის სითბო, დახუთული ჰაერი და ნესტია. ბუნკერში, ისევე, როგორც სათბურში, ზრდიან ტროპიკულ მცენარეებს, რომლებიც ვერასოდეს გაიხარებდნენ შვედეთის ცივ და სუსხიან კლიმატში. 2. პოსტოინას გამოქვაბული, სლოვაკეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოსტოინას გამოქვაბულის ასაკი დაახლოებით 70 მილიონი წელია. აქ ლამის მთელი ქალაქია განლაგებული, რომელიც თითქის 20 კილომეტრზეა გაშლილი მიწისქვეშ. ამიტომ, თუ თქვენ ამ გამოქვაბულის მონახულებას გადაწყვეტთ, წინასწარ გააფრთხილეთ ახლობლები, თუ სად უნდა გეძებონ. წერილის გაგზავნა პირდაპირ მიწისქვეშეთიდანაა შესაძლებელი: გამოქვაბულში მუშაობს მსოფლიოში ერთადერთი მიწისქვეშა საფოსტო განყოფილება. 3. სახლი ალპების მთების ქვეშ სამშენებლო სააგენტოების SeARCH და CMA-ს არქიტექტორები თითქმის ექვსი წელი მოუნდნენ სახლის აშენებას, რომელიც პირდაპირ ალპების შიგნით მდებარეობს. მიუხედავად ამ უცნაური არქიტექტურული გადაწყვეტისა, სახლი თავისი კომფორტით ბევრ მიწისზედა შენობაზე მაღლა დგას: ამ პატარა სასტუმროში, რომელიც ძირითადად იჯარით ქირავდება ხოლმე, მინის ფასადის წყალობით ყოველთვის ბევრი სინათლეა და მასში ათამდე ადამიანს თავისუფლად შეუძლია ცხოვრება. 4. მიწისქვეშა ბუნკერი ტენესის შტატის გუბერნატორის სახლის ქვეშ ტენესის შტატის გუბერნატორის საცხოვრებელი სახლის ქვეშ, 7, 5 მეტრი სიღრმეზე მდებარეობს ეფექტურად განათებული მიწისქვეშა ნაგებობა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება ხოლმე. არქიტექტურული სტუდიის Archimania-ს მიერ შემუშავებული პროექტის ნაწილია შიგა ეზო, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი, მიწისზედა ეზოსაგან. 5. ღვინის ქარხანა მთის სიღრმეში ვენახებით დაფარული ტოსკანის ულამაზესი ფერდობების შიგნით მდებარეობს შენობა, რომელიც შპიონების შტაბ-ბინას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ღვინის საწარმოს, თუმცა მასში სწორედ ეს უკანასკნელია გახსნილი. მიწისქვეშა ნაგებობის ფართობი 16 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქ მდებარეობს მეღვინეობის მუზეუმი, რესტორანი, სუვენირების მაღაზია და რა თქმა უნდა, ღვინის მარანი. 6. კაშკაიშას მიწისქვეშა ავტოსადგომი, პორტუგალია პორტუგალიის ქალაქ კაშკაიშას ცენტრში, შუა საუკუნეების ციტადელისაგან დარჩენილი კედლის ახლოს, პირდაპირ ქალაქის მოედანზე მდებარეობს უზარმაზარი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ავტოსადგომი დაფარულია კაშკაშა შუქდიოდების ზოლებით, რომლებიც უძველეს სანავიგაციო რუკებს მოგვაგონებენ, ხოლო ნახევრადგამჭვირვალე კიბეებიდან წამოსული შუქი ღამ-ღამობით საოცრად ანათებს ძველ კედელს, რაც დაუვიწყარ სურათს ქმნის. 7. ღვინის მეურნეობა ჩილეს ანდებში ანდების მთების სიღრმეში აშენებული ღვინის ქარხანა არქიტექტორ სმილიანა რადიჩის უკანასკნელი შედევრია. შენობა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ადგილობრივ ლანდაშაფტს, 2015 წლის 9 ივნისს გაიხსნა. უშუალოდ კლდეში გაჭრილი გვირაბი წყლით ამარაგებს და აგრილებს ღვინის საწარმოს, რომელსაც სახელად "ვინია-ვიკი" ჰქვია. 8. პირველი მიწისქვეშა მეჩეთი მსოფლიოში სტამბულში აშენებულმა მიწისქვეშა მეჩეთმა პირველი ადგილი დაიკავა რელიგიური შენობების მსოფლიო არქიტექტურულ კონკურსში მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად სარდაფის სტილის შენობა აგებულია მეჩეთისათვის დამახასიათებელი გუმბათისა და მრავალრიცხოვანი სარკმელების გარეშე. ეს მონუმენტალური, მაგრამ ელეგანტური შენობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც სალოცავად უმარავი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 349 7-ს მოსწონს
|