x
image
მანჩო 777
როგორი იქნებოდა მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს - 3D გრაფიკით აღდგენილი ანტიკური საოცრებები
image
როგორც თქვენთვის ცნობილია, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან დღემდე მხოლოდ ერთი - ეგვიპტის პირამიდებია შემორჩენილი და ისინიც საკმაოდ შელახულ მდგომარეობაში, თუმცა მაღალპროფესიული სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც 3D-გრაფიკოსები, დიზაინერები და არქიტექტორები შედიოდნენ, ისტორიული წყაროების გამოყენებით აღადგინა მათი პირვანდელი სახე 3D-გრაფიკაში და შეუერთა ამ ადგილების თანამედროვე პეიზაჟებს. შედეგი მართლაც რომ განსაცვიფრებელი აღმოჩნდა.



image



მაშ ასე, თქვენ წინაშეა აღდგენილი და რეტუშირებული ანტიკური ხანის მსოფლიოს შვიდი საოცრება. იხილეთ ადამიანის ხელით შექმნილი ეს უძველესი ძეგლები და დატკბით მათი სილამაზითა და გრანდიოზულობით.



როდოსის კოლოსი



როდოსის კოლოსი - მზის ღმერთ ჰელიოსის ქანდაკებაა, რომელიც კუნძულ როდოსზე იყო აღმართული. 31 მეტრი სიმაღლის ქანდაკება ეყრდნობოდა თხუთმეტი მეტრი სიმაღლის მარმარილოს ორ კვარცხლბეკს, რაც ყველაზე დიდ ხომალდებსაც კი აძლევდა საშუალებას, შემოსულიყვნენ როდოსის ნავსაყუდელში. ქანდაკება ჩვენს წელთ აღრიცხვამდე III საუკუნეში ააგეს კუნძულის მკვიდრებმა დემეტრე მაკედონელზე გამარჯვების აღსანიშნავად. კონსტრუქციის სიმყარე მიღწეული იყო დამატებითი საყრდენებითაც, მაგრამ სამწუხაროდ, მათაც ვერ უშველეს ქანდაკებას იმ საშინელი მიწისძვრის დროს, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 226-227 წელს მოხდა. როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, სტატუა მხოლოდ 56 წელი იდგა და დიდებულად გადაჰყურებდა ოკეანეს, მისი ნამსხვრევები კი თითქმის 800 წელი ეყარა კუნძულის სანაპიროზე მანამ, სანამ არაბები დაიპყრობდნენ როდოსს. გადმოცემის მიხედვით, დამპყრობლებმა ქანდაკების ბრინჯაოს ნაწილები შეაგროვეს და გაზიდეს გასაყიდად, რისთვისაც მათ დასჭირდათ 900 აქლემი.


ასე გამოიყურება დღეს ის ადგილი, სადაც ოდესღაც როდოსის კოლოსი იდგა

image


აი ასეთი იქნებოდა ეს ხედი, ჰელიოსის გრანდიოზული ქანდაკება რომ დღესაც იყოს აღმართული ამ ადგილზე

image




გიზის პირამიდები


სამი უზარმაზარი პირამიდა, რომლებიც წარმოადგენდა ფარაონების - ხეოფსის, ხეფრენის და მიკერინის განსასვენებლებს, აგებული იქნა ჩვ.წ.აღ-მდე III ათასწლეულის შუახანებში. მათგან ყველაზე დიდის სიმაღლე 146 მეტრს აღწევს. ისტორიკოსების ცნობებით, ხეოფსის პირამიდის აშენებაზე მუშაობდა ასი ათასამდე მუშა, რომლებმაც მის ასაგებად გამოიყენებს 2, 3 მილიონი 2, 5 - 15 ტონამდე წონის ქვის ბლოკები. საბედნიეროდ, პირამიდები ერთადერთია მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან, რომლებმაც დღემდე მოაღწია, ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან პირამიდები ყველაზე ძველია. სამწუხაროდ, დღეს შენარჩუნებული არაა მათი მოპირკეთება. გიზის პირამიდებმა 5000 წელი შეინარჩუნეს რეკორდი: მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს შეძლეს ადამიანებმა უფრო მაღალი შენობის აგება, ვიდრე ხეოფსის პირამიდაა.


ასე გამოიყურება დღეს ხეოფსის პირამიდა

image


ეს კი იგივე პირამიდაა, ოღონდ პირვანდელი სახით აღდგენილი და რეტუშირებული ფოტოზე

image




ბაბილონის დაკიდებული ბაღები (სემირამიდას ბაღები)


ლეგენდის თანახმად, ბაბილონის (სემირამიდას) დაკიდული ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორმა თავის მეუღლე ამიტისს (ზოგ წყაროში დედოფალს სახელად სემირამიდა ერქვა) მიუძღვნა.
შენობა მდებარეობდა ძველ ქალაქ ბაბილონში, ახლანდელი ალ-ხილლას ტერიტორიაზე. ბაღის აშენების მიზეზი გახლდათ ის, რომ ამიტისი იყო მიდიის მეფის, კიაკსარის ქალიშვილი და გაიზარდა მთებში, მის გარშემო მუდამ მწვანე ბუნება და სილამაზე იყო. ბაბილონი კი, სადაც მას მოუწია ცხოვრებამ ნაბუქოდონოსორზე ქორწინების შემდეგ, უდაბნო და უსიცოცხლო ადგილი იყო, რაც დედოფალს არ მოსწონდა. ამის გამო მეფემ ბრძანა დაკიდებული ბაღების აშენება. ბაღებმა დაახლოებით 2 ასწლეულს გაუძლო, რის შემდეგაც ის განადგურდა. ეს ლეგენდა ისე ლამაზია, რომ ისტორიკოსებიც კი მზად არიან, ის დაიჯერონ, თუმცა ნივთიერი მტკიცებულება 20 მეტრიან კედელზე გაშენებული ბაღების არსებობისა, ჯერჯერობით ნაპოვნი არაა. ლეგენდის თანახმად, დედოფლის პატივსაცემად აგებული იქნა არა მარტო ბაღები, არამედ მთელი სარწყავი სისტემა, რომელიც თავისი სირთულით თანამედროვე საინჟინრო ნაგებობას თამამად გაუწევდა კონკურენციას.


ასე გამოიყურება დღეს ის ადგილი, სადაც ანტიკურ ხანაში სემირამიდას ბაღები იყო გაშენებული

image


სემირამიდას ბაღები რომ ისევ ამშვენებდეს აქაურობას, დაახლოებით ასეთი იქნებოდა ეს ადგილი დღეს

image




ალექსანდრიის შუქურა


ალექსანდრიის შუქურა აშენებული იქნა ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში ალექსანდრიის მახლობლად მდებარე კუნძულ ფაროსზე ეგვიპტის მეფის, პტოლემეოს I -ის ბრძანებით. შუქურას 12 წლის განმავლობაში აშენებდნენ. მისი სიმაღლე 135 მეტრი იყო, ხოლო მისგან წამოსული შუქი 50 კილომეტრის მანძილიდანაც კი ჩანდა. შუქურა სამი კოშკისაგან შედგებოდა: სწორკუთხოვანი ფუნდამენტის, რვაკუთხა ნაგებობით კონსტრუქციის შუაში და ცილინდრის ფორმის წვერით. ის იყო პირველი შუქურა მსოფლიოში, რომელიც ასეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა და გზას უნათებდა მეზღვაურებს, თუმცა XII საუკუნეში ალექსანდრიის დაცემასთან ერთად, შუქურაც ჩაქრა, ხოლო XIV საუკუნეში მიწისძვრამ ის საბოლოოდ დაანგრია.


ეს ის ადგილია, სადაც ოდესღაც ალექსანდრიის შუქურა იყო აღმართული

image


ეს კი იგივე ადგილი წარმოსახვაში არსებულ შუქურასთან ერთად

image




ჰალიკარნასის მავზოლეუმი


ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მეფე მავზოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავზოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს. მშენებლობა მავზოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მეფემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობას საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავზოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.

მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავზოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი. XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია, ხოლო XV საუკუნეში წმ. იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდებმა მავზოლეუმის ქვები ციხესიმაგრეების ასაშენებლად გამოიყენეს. მათ სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.


ამ ადგილას ერთ დროს ჰალიკარნასის მავზოლეუმი იდგა

image


დაახლოებით ასეთი იქნებოდა დღეს ეს ადგილი, მავზოლეუმი რომ ისევ ამშვენებდეს აქაურობას

image




ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ის ფიდიასის ნამუშევარი იყო, დამზადებული გახლდათ ხისგან და მოპირკეთებული ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიოს საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე მდებარეობდა. მარმარილოს ტაძარი, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე V საუკუნეში აშენდა, იმ დროისათვის არსებულ ყველა ტაძარზე დიდი იყო, ხოლო მის შიგნით მდგარი 15 მეტრი სიმაღლის ზევსის ქანდაკება ასევე ყველაზე გრანდიოზული სტატუა იყო მსოფლიოში. ის თაყვანისცემის საგნად და კერპად რჩებოდა ჩვენი წელთღრიცხვის დასაწყისამდე.

ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსოს სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯდომარე ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს - ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და ჰკითხა: ''კმაყოფილი ხარ, ზევს?'' პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან... ზევსი კმაყოფილი იყო.

მომავალში ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინოპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებმა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს, მაღალი ხელოვნებისთვის ეცათ პატივი. მაგრამ ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ზევსის ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის გრანდიოზული ქმნილებიდან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.


აი ასე გამოიყურებოდა ოდესღაც ფიდიასის განსაცვიფრებელი ქმნილება

image




არტემიდას ტაძარი ეფესოში


არტემიდას ტაძარი ეფესოში (დღეს აქ მდებარეობს თურქეთის ქალაქი სელჩუკი) კრეზემ, ლიდიის უმდიდრესმა მეფემ დააფინანსა: ძვ.წ. აღ. VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრეზეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი ძვ.წ. აღ. დაახლოებით 560 წელს აშენდა.
იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო. მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.
ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით მისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.
ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაურჩა განადგურებას. III საუკუნეში იგი მომთაბარე გუთებმა ძირფესვიანად დაანგრიეს და გაძარცვეს. მრავალი წლის შემდეგ არქეოლოგებმა ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძრის უმნიშვნელო ნაშთები, ამ დიდებული ნაგებობიდან მხოლოდ ერთი სვეტიღაა შემორჩენილი.

აი ასეთი იქნებოდა დღეს ეს ტაძარი, საუკუნეებისთვის რომ გაეძლო და დღემდე ყოფილიყო შემორჩენილი

image






4
2480
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2480
  
2020, 9 იანვარი, 15:30
მსოფლიოს მერვე საოცრება გუგულა მაღრაძე??????? არ ითვლება???
2019, 8 მაისი, 22:33
გაიხარე, გენაცვალე
2019, 8 მაისი, 13:06
მალადეც მანჩო ძალიან საინტერესო იყო
2019, 8 მაისი, 11:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4