უმშვენიერესი ქალბატონი ბელა ალანია, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს ჩანაწერებს. მისი ბოლო სტატუსი ბავშვობის მოგონებებს ეხება:
"მოვიდოდა თოვლის ბაბუა, ბამბის წვერით, დიდი ხურჯინით და ხის ჯოხით. ხურჯინში ედო პრიანიკი, ლიმონათი, კანფეტი, ჯანჯუხა, მანდარინი, სათამაშო თოჯინა და მანქანა ჩემი ძმისთვის.
როგორ ვკანკალებდი მის მოსვლამდე. და როცა შემოაბიჯებდა, გული ისე მიცემდა, თითქოს არასოდეს მეჭამა კანფეტი.
იარა პაპამ ორი თუ სამი წელი ჩვენთან. ერთხელაც, მუხლზე ჩამოვუჯექი და ბამბის წვერი ჩამოვუქაჩე. ქუდიც შევურყიე. შევხედე და მამაჩემი არ ყოფილა ასე ნატრული თოვლის ბაბუა?!
ნამდვილი სადღაა-მეთქი, ძალიან გავბრაზდი, ალბათ, ოთხი წლის თუ ვიქნებოდი. დედაჩემმა უცებ მოიფიქრა: ნამდვილი ავად გამხდარა და მამაშენს დაავალა ეს საქმეო.
ახლა იმაზე ავღრიალდი: ვაიმე, თოვლის ბაბუა ავად გამხდარა და რომ "მოკტეს", რა გვეშველება ბავშვებს-მეთქი.
მამაჩემი მიუბრუნდა დედაჩემს, ეს რა მოიგონე, ბავშვი როგორ გაანერვიულე. თოვლის ბაბუა ხვალ მოვა, დღეს ვერ მოასწროო.
მეორე დღესაც მოვიდა თოვლის ბაბუა. ისევ მომიტანა თოჯინა.
რამდენიმე წლის მერე მითხრეს, ახალი თოვლის ბაბუა ჩვენი მეზობელი კოტე ბიძია ყოფილა.
მენატრება თოვლის ბაბუა, თავისი არსებობის ლამაზი ტყუილით.
ის ხელით შეკერილი ხურჯინიც მენატრება, ადრე ჯადოსნური რომ მეგონა და ყველაფერი განსაკუთრებული- რაც შიგნით ეწყო.
და კიდევ, ის მოლოდინი მენატრება, რასაც მის მოსვლამდე განვიცდიდი.
მამაჩემიც მენატრება ზღურბლზე რომ დგას უნიჭოდ მიმაგრებული წვერით და კეთილი ღიმილით...
ბელა ალანია".