გადაცემები "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" და "პროფილი" მუდმივი მეტოქეები არიან, კონკურენტ არხებზე, ერთსა და იმავე დროს, მსგავსი შინაარსის გადაცემები მუდამ რეიტინგში ეცილებიან ერთმანეთს. გასული სეზონის დასასრულს გია ჯაჯანიძის გადაცემა ლიდერობდა, განახლებულმა "პროფილმა" კი ძველი ადგილი დაიბრუნა. გია ჯაჯანიძის პროდიუსერი მაია სტეფნაძე შოუების ომს ეხმაურება: "პირველად და უკანასკნელად ვეხები რეიტინგების თემას. მიმაჩნია, რომ რეიტინგი იმას აფასებს, თუ რამდენად მოეწონა შენი გუნდის ნაშრომი მაყურებელს და პირადად მე კონკურენტის დამარცხებით არ გამიხარია.
მთელი ივნის-ივლისი 8 გადაცემა ზედიზედ მოვიგეთ და აზრადაც არ მომსვლია, გამარჯვების ყიჟინა დამეცა, რადგან ამით ჩემი სისუსტის დემონსტრირებას მოვახდენდი. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მხოლოდ სამსახურით სულდგმულობენ და ისიც უღირსობა მგონია, როცა მოგება არ გაკმაყოფილებს და ტყუილს კადრულობ შენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
წინა გადაცემის მოგებაც არ აღმინიშნავს შამპანიურით. ასე, რომ დავუტოვოთ ხალხს უფლება რასაც უნდა იმას უყურონ და ჩვენ დავტკბეთ სიცოცხლით. მუდამ თქვენი მაია სტეფნაძე".
ამ ორ რეიტინგულ გადაცემას მწვავე პოსტი მიუძღვნა რამდენიმე თვის წინ ია ფარულავამ: "მოგეხენებათ, ეს ორი გადაცემა ამ ბოლო დროს დიდ "რეიტინგულ ომშია" გახვეული. ისე კი, რაც ვერაფერი დააკლო "პროფილს" მეგაპროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები", ჯაჯანიძემ კი დედა უტირა. იმასაც ამბობდნენ მავანნი და მავანნი, რომ ეს დროებითია და რომ მაიას სუპერპროფესიონალიზმი და უდიდესი ჟურნალისტური სკოლა თავისას იზამს და "პროფილი" ისევ ლიდერი იქნებაო. მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მაიკო გადაიღალა. ერთხელ გულიც კი წასვლია "რუსთავი 2"-ის ბუფეტში. მაგრამ მავანნი იმასაც ამბობენ, რომ აი, გია ჯაჯანიძეს რომ უკეთია კისერზე რაღაც ბროში, ჰენდ მაიდი ბაზრობის ბრჭყვიალა თვლებით დამზადებული ბროში-მანდალა, ყოფილა რაღაცა ჯადო ზუსტად არ ვიცი სოლომონის ბეჭედია თუ აგრიპას მიხედვით დამზადებული ბნელი ძალა თუ ვინმე სილვას დამზადებული კონიაკის დასახლებაში".