საზოგადოება უნიკალური ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ქართველი სიამის ტყუპი ერთმანეთისაგან დააცალკევეს 2015, 17 სექტემბერი, 0:12 ორიოდე თვის წინ გაზეთმა ''კვირის პალიტრა'' გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც საზოგადოებამ ქუთაისელი სიამის ტყუპები-თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები გაიცნო. ტყუპები 12 მარტს დაიბადნენ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით იყვნენ დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებდნენ. პატარა დებს დროულად სჭირდებოდა დახმარება. მათი სხეულები უნდა გაცალკევებულიყო, რათა დებს სრულფასოვნად განვითარების უნარი ჰქონოდათ.
საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაცია არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არ ჰქონდა. პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონების დედის, მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის დამახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ამ ამბიდან გავიდა რამოდენიმე თვე და აი, სასიხარულო ამბავი მოვიდა გერმანიიდან: ოპერაცია გერმანელმა ქირურგებმა წამატებით ჩაატარეს და ტყუპები ერთმანეთს დააცალკევეს. ეს ოპერაცია არის მედიცინის სფეროში მომხდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სენსაცია, რომელზეც მსოფლიო ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებს. ოპერაცია ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექვსი თვის სიამის ტყუპი თამარი და თებროლე წარმოუდგენელი ოსტატობის, შეუდარებელი პროფესიონალიზმის წყალობით ერთმანეთს დააცალკევეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და როგორც პროფესორი ტომას ბოემერსი ამბობს, გოგონები აბსოლუტურად ჯანმრთელები იქნებიან. ჯანსაღი და შეუზღუდავი იქნება მათი ცხოვრების მომავალი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მთავარი სირთულე ღვიძლის გაყოფა და ახალშობილების მუცლის კედლების დახურვა იყო. პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე პაციენტს ნარკოზი ერთდროულად, აბსოლუტური სიზუსტით მიწოდებოდა. 81 000 ევროდ ღირებული ოპერაცია შემოწირულობით დაფინანსდა. დაფინანსება, სამწუხაროდ ქართველ პაციენტებზე ვერ იმოქმედებდა. ოპერაციას ქირურგიდან დაწყებული, ექთნით დასრულებული ყველა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. 175 დღე იცოცხლეს გოგონებმა ისე, რომ ერთმანეთთან იყვნენ შესისხლხორცებულნი. დღეს კი მათ კიოლნის ბავშვთა კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განცალკევებულ საწოლებზე სძინავთ. ჯანმრთელობა, უზრუნველი ბავშვობა, დღეგრძელობა და კარგი მომავალი ვუსურვოთ ამ პატარებს. 592 16-ს მოსწონს
|