x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კომპიუტერული გრაფიკა და გამოსახულების რეზოლუცია (Photoshop 4/5)

როგორც უკვე აღვნიშნეთ (იხ. ფოტოშოპის შექმნის ისტორია), Adobe Photoshop-ი არის პროგრამა გრაფიკული ფაილების შექმნისა და რედაქტირებისთვის, მაგრამ ვიდრე პროგრამის შესწავლას დავიწყებთ, უნდა გავიგოთ, თუ რა არის გრაფიკული ფაილი.
გრაფიკული ფაილი არის ციფრულ ფორმატში ჩაწერილი გამოსახულება, რომელიც შეიძლება იყოს სამგანზომილებიანი ან ბრტყელი. ბრტყელი გრაფიკული გამოსახულება თავის მხრივ იყოფა კიდევ ორ ჯგუფად: ვექტორულად და რასტრულად.
ვექტორულ გრაფიკაში გამოსახულება წარმოდგენილია მათემატიკური ობიექტების, კონტურების სახით, რომლებშიც ჩასხმულია ფერი. თავის მხრივ, კონტური შედგება წერტილებისაგან ( კვანძებისაგან), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან მრუდეებით ე.წ. ვექტორებით. ვექტორული გრაფიკის სახელი სწორედ აქედან მოდის. ყოველი კონტური დამოუკიდებელი ობიექტია, შეიძლება მისი გადატანა, შეცვლა და ტრანსფორმირება.


კომპიუტერული გრაფიკა


ვექტორული გამოსახულების მაშტაბირებისას, გამოსახულების ხარისხი არ იცვლება. ასეთ ფორმატში იქმნება დიდი ზომის პლაკატები ქუჩის ბანერებისათვის და საგზაო ნიშნები. ფორმატი მისაღებია მარტივი ნახატების შესაქმნელად (მაგ., ანიმაციაში), მაგრამ არ გამოიყენება ციფრულ ფოტოგრაფიაში, რადგან ვექტორულ გამოსახულებაში, ყველა ფერი კონტურით არის შემოფარგლული, რის გამოც იკარგება ფერთა გარდამავლობა, რაც გამოსახულებას ხარისხსა და რეალურობას უკარგავს.
ვექტორული გრაფიკის პროგრამებს შორის ყველაზე პოპულარულია: Corel DRAW და Adobe Ilustrator-ი.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კომპიუტერულ გრაფიკაში გამოსახულება წარმოდგენილია ციფრული სახით, პრაქტიკულად კი, ის იყოფა კვადრატულ ელემენტებად. ეს კვადრატები არის გრაფიკული ელემენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის სურათს. ასეთ გამოსახულებას ეწოდება რასტრული, ხოლო კვადრატულ ელემენტებს, პიქსელები. ამრიგად, რასტრული გრაფიკა არის გამოსახულების ფორმატი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიქსელების მდგომარეობის, რაოდენობის და ფერის შესახებ. სიტყვა პიქსელი (pixel), ინგლისური picture element – ის შემოკლებული ვარიანტია, რაც სიტყვა სიტყვით „ხატვის ელემენტს“ ნიშნავს. რეალურ ცხოვრებაში რასტრული გრაფიკის ანალოგია არის მოზაიკა, რომელიც შორიდან ნახატს ჰგავს, ახლოს მისვლისას აღმოჩნდება, რომ გამოსახულება ფერადი ქვებით ან შუშებით არის შექმნილი.

მოზაიკა


რასტრული გამოსახულებაც იგივე პრინციპით არის აგებული. თუ გამოსახულების მასშტაბს გავზრდით, დავინახავთ მის შემადგენელ ნაწილაკებს, ანუ პიქსელებს, რომელთა ფორმა და ზომა მოცემულ გამოსახულებაში ყოველთვის ერთნაირია.


პიქსელები გამოსახულებაში


რაც შეეხება პიქსელების რაოდენობას, რაც უფრო პატარა ზომის არის პექსელი, მით უპრო დიდია მათი რაოდენობა და შესაბამისად, უფრო მაღალია გამოსახულების ხარისხი. ე. ი. გამოსახულების ხარისხი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია პიქსელების რაოდენობასთან და უკუპროპორციულ დამოკიდებულეაშია მათ ზომასთან. პიქსელების რაოდენობას გამოსახულებაში განსაზღვრავს გამოსახულების რეზოლუცია.


ციფრული გამოსახულების მთავარი მახასიათებელი არის რეზოლუცია (Resolution). რეზოლუცია განსაზღვრავს პიქსელების რაოდენობას გამოსახულების ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ზომის 1 ერთეულზე (1 სმ, 1 მმ, 1 დიუმი). საერთაშორისო პრაქტიკაში საზომ ერთეულად მიღებულია დიუმი (1 დიუმი=2, 54 სმ) -ppi (pixel per inch – პიქსელი დიუმზე). ამრიგად, რეზოლუცია არის პიქსელების სიხშირე გამოსახულებაში და რაც უფრო მაღალია რეზოლუცია, მით უფრო უკეთესია გამოსახულების ხარისხი (ნახ. სურათები დიდი და პატარა რეზოლუციით). ამ სურათზე ერთი და იგივე გამოსახულება სხვადასხვა რეზოლუციის პირობებში, სხვადასხვანაირად გამოიყურება.


რეზოლუცია


თუ სხვადასხვა რეზოლუციის მქონე ორი გამოსახულების გეომეტრიული ზომა ერთნაირია (ნახ. სურათები დიდი და პატარა რეზოლუციით), ამობეჭვდვის შემთხვევაში, ერთნაირი ზომის ფოტოსურათები მიიღება, მაგრამ მონიტორის ეკრანზე ისინი განსხვავებული ზომის ადგილს დაიკავებენ, რადგან განსხვავებულია მათი ხაზოვანი ზომა.



რეზოლუცია


ხაზოვანი ზომა არის პიქსელების რაოდენობა გამოსახულების ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრების გასწვრივ. თუ ვიცით გამოსახულების ზომა სანტიმეტრებში და ვიცით რეზოლუცია დიუმებში, მარტივი მათემატიკური გამოთვლით შეგვიძლია ხაზოვანი ზომის გაგება ( უნდა გადავიყვანოთ გეომეტრიული ზომა დიუმებში და გავამრავლოთ გამოსახულების რეზოლუციაზე). მოცემულ მაგალითში წარმოდგენილი გამოსახულებების ხაზოვანი ზომებია: 354 X 472 და 85 X 113 პიქსელი.
მონიტორს, ისევე როგორც გამოსახულებას, აქვს რეზოლუცია. მონიტორის რეზოლუცია 72 ppi -ია. ახლა ისევ მოზაიკა გავიხსენოთ, მაგრამ ამჯერად საბავშვო სათამაშო, რომელშიც სურათები იქმნება ნახვრეტებიან დაფაზე ფერადი ელემენტების ჩაწყობით.


რეზოლუცია


წარმოვიდგინოთ, რომ მონიტორის ეკრანი ნახვრეტებიანი დაფაა. გამოსახულების ეკრანზე გახსნისას, მისი პიქსელები ჯდება მონიტორის პიქსელებში. ისევე როგორც სათამაშო მოზაიკაში არ შეიძლება დაფის ერთ ნახვრეტში ორი ელემენტის ჩადება, აქაც მონიტორის ერთ პიქსელზე, გამოსახულების მხოლოდ ერთი პიქსელი ჯდება. ამიტომ, გამოსახულებას, რომლის რეზოლუცია 300 ppi – ია (ისევ ჩვენს მაგალითს დავუბრუნდით), ეკრანზე ესაჭიროება 167 088 პიქსელი (ეს რიცხვი ხაზოვანი ზომების გადამრავლებით არის მიღებული), ხოლო 72 ppi – იან გამოსახულებას – 9 605 პიქსელი.
მონიტორს, ისევე როგორც გამოსახულებას აქვს ხაზოვანი ზომა, რომლის სიდიდე დამოკიდებულია მონიტორის ეკრანის ზომაზე. მაგ., 14 დიუმიანი მონიტორის ხაზოვანი ზომა არის 800 X 600, 17 დიუმიანის – 1280 X 1024, 21 დიუმიანის 1600 X 1200 და ა. შ.
თუ სურათის ხაზოვანი ზომა მონიტორის ხაზოვან ზომაზე ნაკლებია, მაშინ 100% მასშტაბის პირობებში, ის სრულად აისახება ეკრანზე. მაგრამ, თუ სურათის ხაზოვანი ზომა მონიტორის ხაზოვან ზომაზე დიდია (მაგ., 3200 X 2000), მაშინ იგივე მასშტაბის პირობებში, ეკრანზე მხოლოდ გამოსახულების ნაწილი გამოჩნდება.
გამოსახულების რეზოლუციის ოპტიმალური მნიშვნელობის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით უნდა მოხდეს მისი გამოყენება:
ეკრანზე დათვალიერებისა და Web – გვერდებზე განსათავსებლად, საკმარისია 72 ppi – იანი რეზოლუცია;
საგაზეთო და ლაზერულ პრინტერებზე ბეჭვდვისათვის, საჭიროა 100-200 ppi – იანი რეზოლუცია;
ციფრული ფოტოსურათების ავტომატური ბეჭვდვისათვის – 250 – 300 ppi;
მაღალპოლიგრაფიული ბეჭვდვისათვის – 300 ppi და მეტი.
გარდა ამისა, პრინტერსაც აქვს რეზოლუცია და ის განსხვავდება მონიტორის და გამოსახულების რეზოლუციებისგან. პრინტერის რეზოლუცია განისაზღვრება მის მიერ დასმული წერტილების რაოდენობის მიხედვით მოცემულ ერთეულზე. იზომება წერტილების რაოდენობით დიუმზე -dots per inch, შემოკლებით – dpi. რაც უფრო მაღალია პრინტერის რეზოლუცია, მით უკეთესია ბეჭვდვის ხარისხი.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს რომ, რეზოლუციის გარკვეული მიზეზის გამო შემცირებისა და გამოსახულების ახალი ზომოთ შენახვის შემთხვევაშ, მისი პირვანდელი ზომის აღდგენისას, შემცირებისას დაკარგული დეტალები უკვე აღარ აღდგება.
როდესაც გამოსახულების შემცირება ხდება, პიქსელების რაოდენობა მცირდება. ამ დროს პროგრამა ერთმანეთის გვერდით მდებარე პიქსელებს აერთიანებს და ხდება ფერის „გადათვლა“, ორი სხვადასხვა ფერის პიქსელისგან იქმნება ერთი და მისი ფერი გაუქმებული პიქსელების ფერების გასაშუალოებური ფერი იქნება (ნახ. A). ხოლო როდესაც ხდება გამოსახულების გადიდება, მეზობელ პიქსელებს შორის ჯდება ახალი პიქსელი, რომლის ფერი იგივე წესით მიიღება (ნახ. B).


რეზოლუცია


ქვემოთ მოცემულ სურათზე, პატარა გამოსახულება დიდი გამოსახულების შემცირების გზით არის მიღებული. დიდ გამოსახულებაზე, კვადრატში მოქცეულ ობიექტზე, აშკარად იკვეთება გლობუსის კონტური, ხოლო პატარაზე, მხოლოდ ორფეროვანი ლაქა ჩანს. შემცირებული გამოსახულების პირვანდელ ზომაზე აღდგენის შემთხვევაში, ლაქა უფრო გაიზრდება (პროგრამა, რა თქმა უნდა, გლობუსს ვერ დახატავს). ამიტომ, გამოსახულების შემცირების წინ, აუცილებელია მისი ასლის გაკეთება ან შემცირებული გამოსახულების სხვა სახელით შენახვა.


რეზოლუცია


0
1480
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0